ესპანეთში თუ ნამყოფი ხართ, გეცოდინებათ რომ ტაპასი ესპანური კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. მას მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად აზიარებენ. იდეალური ადგილი მის გამოსაცდელად ბაზრობებია, ესპანურად მერკადოები. აქ დააგემოვნებთ მრავალფეროვან კერძებს, აღმოაჩენთ ადგილობრივ პროდუქტებს და ჩაიძირებით გასტრონომიულ კულტურაში. მადრიდმა მისი ტრადიციული ბაზრობები განაახლა და ცოცხალ თანამედროვე სივრცეებად აქცია.
1. სან მიგელის ბაზრობა (MERCADO DE SAN MIGUEL)
ერთ დროს მიტოვებული სან მიგელის ბაზრობა სრულად განახლდა 2009 წელს და გააცოცხლა პლაზა მეიორის გარშემო არსებული არეალი. 1916 წლის ბაზრობა შუშის და რკინის არქიტექტურის შერწყმაა, რაც აქ გასული საუკუნის ბოლოს აქტუალური იყო. დღეს ამ ინტერიერში ტრადიციული ბაზრობაა, სადაც გემრიელ საკვებს შეიძენთ. იმ შემთხვევაშიც კი თუ არ გშიათ, უბრალოდ შეგიძლიათ აიღოთ სასმელი და ჩაიძიროთ მის ცოცხალ ატმოსფეროში. ამ ბაზრობას წლიურად 7 მილიონი ადამიანი სტუმრობს, ამიტომაც ხშირად ხალხით დატვირთულია.

2. სან ანტონის ბაზრობა (MERCADO DE SAN ANTÓN)
ჩუეკაში მდებარე ეს ბაზრობა თანამედროვე, მეგობრულ ატმოსფეროს გვთავაზობს, განაწილებულს სამ სართულზე. შეგიძლიათ შეიძინოთ ჯანსაღი, ახალი პროდუქტებიც და იმპორტირებულიც. აქ შემოთავაზებულია 300 სახეობის ყველი; 60 სახეობის ღვინო და ხმელთაშუაზღვიური სამზარეულო სხვადასხვა ტაპას ბარებით.

3. დე ლა პაზის ბაზრობა (MERCADO DE LA PAZ)
უბან სალამანკას გულში მდებარე ამ ბაზრობას არაფერი აქვს ტურისტული. ძველი მუნიციპალური ბაზრობის რკინის სტრუქტურა ნამდვილ ტრადიციულ მადრიდულ ბაზრობას გვაცნობს. აქ 60-მდე მაღაზიაა. შეგიძლიათ აიღოთ ახალი ჯანსაღი პროდუქტები და ახლომდებარე კოლონის მოედანზე მიირთვათ. პლაზა დე კოლონი კრისტოფერ კოლუმს ეძღვნება. შეგიძლიათ პიკინიკი მოიწყოთ რეტიროს პარკშიც, მადრიდის გულში მდებარე დიდ პარკში.

4. ჩამარტინის ბაზრობა (MERCADO DE CHAMARTÍN)
ქაოტური და ხმაურიანი ქალაქის ცენტრის მიღმა მდებარე ჩამარტინის ბაზრობა თანამედროვე რესტორნებს და საკვებ დახლებს წარმოგვიდგენს, სადაც გემრიელ საკვებს იაფად დააგემოვნებთ. ეს ბაზრობა 70 წელზე მეტია რაც მუშაობს. ატმოსფერო პატარა ესპანური ქალაქების ხასიათს იმეორებს. მიირთვით შემწვარი კარტოფილი ცხარე სოუსით, კრევეტი ნივრით და აშ. ბაზრობა იკეტება სამუშაო დღეებში 2-დან 5 საათამდე.

5. ელ რასტრო (EL RASTRO)
ეს არ არის საკვების ბაზრობა, ეს არის უზარმაზარი ფლი მარკეტი, რომელიც რამდენიმე ქუჩას მოიცავს მადრიდის ისტორიულ ცენტრში. ყოველ კვირა დღეს და დღესასწაულებზე, ათასობით მოვაჭრე იღებს მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილ ამ ბაზრობაზე, რომელიც 1740 წლიდან არსებობს. აქ აღმოაჩენთ სამოსს, საათებს, წიგნებს, ესპანურ სუვენირებს, აბრეშუმს, ანტიკურ ნივთებს. ეს ფლი მარკეტი მადრიდის განუყოფელი ნაწილია. იმ შემთხვევაშიც თუ არაფერს ყიდულობთ, უბრალოდ დაათვალიერეთ.











