რეიკიავიკი და მისი გარშემო არეალი სავსეა თავგადასავლებით და ბუნების სილამაზით. ეს ქალაქი გვთავაზობს ცოცხალ კულტურას, ახალ გემოებს, ფანტასტიკურ შოპინგს და ღამის ცხოვრებას. ისლანდიის დედაქალაქის საზღვრების მიღმა იხილავთ გეოლოგიურ საოცრებებს: ცხელ წყაროებს, ვულკანებს, სუფთა ნაპირებს, მთებს და ლავას მინდვრებს.

1. ყავის კულტურა

ყავა აქ უბრალოდ გასათბობი ან გამოსაფხიზლებელი საშუალება არაა, ის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ადამიანები კაფეებში აზრის გასაცვლელად, მოსალაპარაკებლად ან უბრალოდ დასასვენებლად იკრიბებიან.

2. შოპინგი სეირნობისას

ისლანდიის საუკეთესო დიზაინერული ნამუშევრები რეიკიავიკის შოპინგ არეალში თავმოყრილი. მთავარი ქუჩაა ლაუგავეგურის ქუჩა, სადაც საერთაშორისო მაღაზიებსაც ნახავთ. ასევე გირჩევთ ფრაკასტიგურს და ვიტასტიგურს. რეიკიავიკში ნახავთ ფლი მარკეტსაც პარასკევიდან კვირის ჩათვლით – Kolaportið.

3. საჯარო ხელოვნება

რეიკიავიკში ხელოვნებას ნამდვილად ეზიარებით. უდიდესი ნამუშევარი და ქალაქის ერთ-ერთი ტოპ ღირსშესანიშნაობაა ტაძრის შენობა – Hallgrímskirkja. ასევე, გამორჩეულია პარკი, რომელიც ქალი არტისტების ქანდაკებებს წარმოგვიდგენს – Hljómskálagarðurinn. ბორნით იხილავთ ვიდეის კუნძულსაც, რომელიც ცნობილია ისტორიული შენობებით, სიმშვიდით და თანამედროვე ხელოვნებით, მათ შორის იოკო ონოს მშვიდობის კოშკით.

4. წყალში გაცურვა და ზვიგენები

ისლანდიაში მშვენიერი შანსი გექნებათ, რომ ზვიგენები იხილოთ და რეიკიავიკის ძველ ნავსადგურში ტურს შეუერთდეთ. მას ყოველ წელს აპრილიდან სექტემბრამდე შემოგთავაზებენ: დღეები უფრო გრძელია, ტემპერატურა თბილი.

5. ჩაიძირეთ გეოთერმულ აუზებში

ისლანდია ცნობილია ბუნებრივად ცხელი წყლებით და თქვენ არ დაგჭირდებათ შორს გასვლა ამ სიამოვნების გამოსაცდელად. სანდჰოლი (Sundhöll) დიდი კომპლექსია ქალაქის ცენტრში, სადაც ცხელი აუზებია როგორც შიგნით, ასევე გარეთ. ამასთან, დატკბებით ქალაქის ხედებით. რა თქმა უნდა, აქ ყველამ იცის ლურჯი ლაგუნას შესახებ, რომელიც გეოთერმული აუზია ფირუზისფერი წყლით, სულ რაღაც 50 წუთის გზაზე რეიკიავიკის ცენტრიდან.

6. მიირთვით ზღვის პროდუქტები

ძველ ნავსადგურშ წყლისპირა დახლებზე ზღვის პროდუქტების არაჩვეულებრივ ასორტიმენტს შეხვდებით. არჩევანი მოიცავს ინდონეზიურ და ისლანდიურ თევზეულს.

7. აღმოაჩინეთ რეიკიანის ნახევარკუნძულის გეოლოგიური სილამაზე

იუნესკოს გლობალური გეოპარკი (Reykjanes) ქალაქის ცენტრიდან 40 წუთის სავალზე მდებარეობს. მისი დალაშქვრისას შეხვდებით აქტიურ ვულკანებს, ცხელ წყაროებს, ლავა მინდვრებს, მთებისა და ოკეანის ხედებს.

8. გაოცდით რეიკიავიკის ხელოვნების მუზეუმში და ადგილობრივ გალერეებში

პატარა ქვეყნის კვალობაზე, ისლანდიაში ბევრი ფანტასტიკური არტისტია, რომელთა გამოფენებსაც რეიკიავიკის გარშემო ბევრ გალერეაში აღმოაჩენთ. რეიკიავიკის ხელოვნების მუზეუმს სამი ლოკაცია აქვს: Ásmundarsafn,  Hafnarhús, და Kjarvalsstaðir.

9. ეზიარეთ ისლანდიის ღამის ცხოვრებას

პაბში გასვლა აქ ერთგვარი გასართობი ტრადიციაა. ღამის ცხოვრების პიკი დილის 5 საათია, განსაკუთრებით ზაფხულში, რადგანაც ისლანდია ცნობილია შუაღამის მზით. აქ მოისმენთ ადგილობრივი ცნობილი ჯგუფების ლაივ შესრულებებს. ხშირად ეწყობა მუსიკალური ფესტივალებიც.