რეიკიავიკი იდეალური ადგილია, სადაც გრძელ უიქენდს გაატარებთ. მსოფლიოს სხვა დედაქალაქების მსგავსად, აქ გემრიელი სამზარეულო, საინტერესო შოპინგი, მდიდარი კულტურა და უნიკალური მუზეუმები დაგხვდებათ. თუ აქ მხოლოდ ორი დღით ხართ და ისლანდიის გეოლოგიური საოცრებების ხილვას ვერ ასწრებთ, მაინც დაუვიწყარი გამოცდილებით და მოგონებებით დაბრუნდებით.

დღე პირველი

დილა

დილის ყავისთვის ეწვიეთ კაფეს Reykjavik Roasters. აქ არამხოლოდ ტურისტები, არამედ ადგილობრივებიც დადიან. აქვე მდებარეობს საკულტო ეკლესია Hallgrimskirkja Church. ის 75 მეტრია სიმაღლეში და მთელ ქვეყანაში ყველაზე მაღალ შენობას წარმოადგენს. ლანჩისთვის კი გირჩევთ გამორჩეული სენდვიჩების და სხვა სწრაფი კვების ობიექტს – Kaffibarrin.

შუადღე

გაატარეთ დრო რეიკიავიკის ცენტრში სეირნობით. აქ ბევრნაირი მაღაზია შეგხვდებათ, ძირითადად ადგილობრივი წარმოების პროდუქციის.

საღამო

დაბრუნდით ისევ ეკლესიასთან და იპოვნეთ ბარი სახელად Rok. აქ გასაოცარი კოქტეილები დაგხვდებათ ტრადიციული ინგრედიენტებით. აუცილებლად დააგემოვნეთ თევზის ღვეზელიც – plokkfiskur. თუ ხალხში გსურთ გარევა და ამავდროულად დალევა, ეწვიეთ ღამის ბარებს: ablo Discobar, Skúli Craft Bar, MicroBar, Snaps Bistro, Prikid, ან Mikkeller & Friends.

დღე მეორე

დილა

ეწვიეთ ცხელ წყაროს ( Geothermal Footbath), რომელიც ქალაქის ცენტრიდან 45 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს – Kisuklappir-ში. ეს პატარა თბილი აუზი გასაოცარ ხედებს გვთავაზობს მთაზე და წყალზე. ასევე, კიდევ ერთ მყუდრო საუზმის ადგილს გირჩევთ: Bergsson Mathus.

შემდეგ მოინახულეთ ქალაქის რომელიმე მუზეუმი: საგა, ეთნოგრაფიული, ისლანდიური პანკის ან ფალოლოგიური: Saga Museum – ვიკინგების მუზეუმია და მათი კულტურა და ისტორია თუ გიზიდავთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. დაათვალიერებთ მათ კოსტიუმებს და გაეცნობით ლეგენდებს. შესვლის ღირებულება 15$-ია. Árbæjarsafn Open-Air Museum – ქალაქის ისტორიული მუზეუმია, რომელიც რეგიონზე გვაძლევს ინფორმაციას. ღია ცის ქვეშ გამოფენები საშუალებას მოგცემთ გაიგოთ ისლანდიელი ხალხის ცხოვრების წესის შესახებ წარსულ დროში. Icelandic Punk Museum – მუსიკის მოყვარულებისთვისაა, ხოლო Phallological Museum – ფალოსების ფიტულების კოლექციებს წარმოგვიდგენს.

შუადღე

თუ რეიკიავიკში აპრილიდან სექტემბრამდე იმყოფებით, შუადღე ძველ ნავსადგურში გაატარეთ, სადაც ბორანით გადახვალთ.კუნძულები: Lundey და Akurey რეიკიავიკიდან რამდენიმე წუთის გზაზეა. აქ ჩიტების მრავალფეროვანი სახეობები სახლობენ. ზამთრის შემთხვევაში კი არჩიეთ რეიკიავიკის ხელოვნების მუზეუმი.

კუნძულების თუნდაც მხოლოდ ნავიდან დათვალიერების შემდეგ, მოინახულეთ ვულკანის სახლი, სადაც ისლანდიის უნიკალური გეოლოგიის გამოფენებია წარმოდგენილი. აქ შეიტყობთ ქვეყნის 200 ვულკანის შესახებ.

საღამო

ისლანდიაში მოქმედებს “ბედნიერი საათი”. იპოვნეთ ბარი, რომელიც დღის 5 საათის შემდეგ, ალკოჰოლურ სასმელებზე ფასდაკლებას გვთავაზობს. ვახშმად დააგემოვნეთ რაიმე გემრიელი თევზის კერძი.

იხილეთ ასევე: GAME OF THRONES-ის გადასაღები ლოკაციები ისლანდიაში