მდიდრულად არომატული თურქული ყავა (türk kahve) აქ იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ დილის სასმელი, ის თურქეთის გულია. ოტომანური პერიოდიდან მოყოლებული მას იმ ვნებათაღელვით ამზადებენ, რაც აქ არცერთი სასმლის მიმართ არ აქვთ. თურქული ყავა, როგორც კულტურის ნაწილი, იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. თურქეთში ასეთი გამოთქმაც არსებობს: “კარგი ყავის ჭიქა 40 წელი გემახსოვრება”. მოკლედ, დაივიწყეთ ყველა სხვა ტიპის ყავა, როცა თურქეთის ქალაქებში ჩახვალთ. შენი მეგზური ყავის დასაგემოვნებლად 3 საუკეთესო ადგილს გთავაზობთ სტამბოლში.
1. Mandabatmaz
სტამბოლის ცოცხალ ბიოგლუს უბანში მდებარე ეს პატარა კაფე უგემრიელეს ყავას 1967 წლიდან გვთავაზობს. გაუყევით ამ მშვიდ ხეივანს და მიირთვით სქელი, გემრიელი ყავა. აქ მას პერფექციონისტები ამზადებენ: იდეალურად დაფქვილი მარცვლებით, შესაბამისი წყლის ტემპერატურით და მოხარშვის ზუსტი დროით. კაფე იმდენადაა ამ ყავის არომატით გაჯერებული, რომ დაგრჩებათ შთაბეჭდილება თითქოს ყავა იქამდე დალიეთ, სანამ დაგისხეს. მათი ყავის შეფუთვის შეძენა და წაღებაც შეგიძლიათ. კაფეტერია ღიაა დილის 10-ის ნახევრიდან ღამის 12-ის ნახევრამდე.
მისამართი: Olivia Gecidi No: 1/A, Beyoglu, Istanbul Türkiye
2. Fazıl Bey
ბევრი ადგილობრივი მოგცემთ რეკომენდაციას, რომ თურქული ყავა ფაზილ ბეიში დალიოთ. აქ ყავას 1923 წლიდან ამზადებენ. ფაზილ ბეი კადიკოის უბანში, სტამბოლის აზიურ მხარეს მდებარეობს. მისი ინტერიერი რეტრო და მოზაიკებით მორთულია. კაფეს სახელი ოტომანური პოეტის, ფაზილ ბეის საპატივცემულოდ ეწოდა და მართლაც, აქ პოეზია თითოეულ ფინჯანშია. ღიაა დილის 8 საათიდან შუა ღამემდე.
მისამართი: Caferağa, Serasker Cd. 1/A, 34710 Kadıköy
3. Şark Kahvesi
აქ ქვიშაზე მოდუღებულ ყავას 50 წელია ამზადებენ. ეს კაფეტერია სტამბოლის დიდ ბაზართან მდებარეობს და ნამდვილი კლასიკაა. გირჩევთ ფსტას არომატის ყავასაც. როგორც კი აქ შეაბიჯებთ, იგრძნობთ ბაზრიდან გამოყოლილ ქაოსს. კაფეტერია ღიაა დილის 9-ის ნახევრიდან საღამოს 8 საათამდე ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. კვირაობით ბაზრის მსგავსად, დაკეტილია.
მისამართი: Beyazıt, Yağlıkçılar Sk. No:134, 34126 Fatih
როგორ უნდა შეუკვეთოთ და დალიოთ თურქული ყავა: თურქული ყავა უშაქროს გარდა, 3 სახის სიტკბოთი მზადდება: ცოტათი ტკბილი ნახევარი კოვზი შაქრით – az şekerli; საშუალოდ ტკბილი ერთი ჩაის კოვზი შაქრით – orta şekerli და ტკბილი 2 ჩაის კოვზი შაქრით – çok şekerli. ყავასთან ერთად აუცილებლად მოგიტანენ 1 ჭიქა წყალს, რომელიც ყავის მირთმევამდე უნდა დალიოთ.