ევროპა საინტერესო ტურისტული მიმართულებაა თავისი კულტურული მრავალფეროვნებით და უამრავი შთამბეჭდავი ადგილით. უვიზო ტურისტული მიმოსვლა ამას უფრო მეტად ამაღელვებელს ხდის. იბერიის ნახევარკუნძულზე მდებარე ორი ქვეყანა – ესპანეთი და პორტუგალია უნიკალური შარმით გამოირჩევიან. მდებარეობიდან გამომდინარე აქ ხშირად თბილა და გასართობი აქტივობაც თითქმის ამოუწურავია.
ესპანეთი
დღე 1
ბარსელონა
ესპანეთი-პორტუგალიის მოგზაურობა ბარსელონაში ჩასვლით დაიწყეთ, საკულტო არქიტექტურული შედევრების და მდიდარი ისტორიის მქონე მეტროპოლისში.
საგრადა ფამილია: საკუთარი თვალით შეაფასეთ ანტონიო გაუდის ხელოვნების ნიმუში. ეს შთამბეჭდავი ბაზილიკა იუნესკოს დაცული ძეგლია და მსოფლიოს უმაღლეს ეკლესიას წარმოადგენს. კონსტრუქცია თავისი სვეტებითა და ფანჯრებით მართლაც რომ სუნთქვისშემკვრელია.
ბილეთის ფასი: 20 €, ღიაა ორშაბათი-ხუთშაბათი: 09:00-15:00. პარასკევი-კვირა: 09:00-18:00.
აკვარიუმი: შემდეგ გაემართეთ ევროპის ერთ-ერთ უდიდეს ოკეანოგრაფიულ მუზეუმში, რომელიც 35 აკვარიუმისგან შედგება. აქ 11 000-მდე წყლის ბინადარს იხილავთ. სწორედ ბარსელონას აკვარიუმშია ცნობილი 80 მ. სიგრძის შუშის გვირაბი და შთაბეჭდილებას გიქმნით თითქოს წყლის ქვეშ ხართ.
ბილეთის ფასი: 21 €, ღიაა ორშაბათი-კვირა: 10:00-20:00
ელ რავალი: საღამოსკენ ესპანეთის ადგილობრივი ატმოსფეროთი ისიამოვნეთ და ეწვიეთ ელ რავალის უბანს. ეს არის ადგილი ბარ-რესტორნებით, მაღაზიებით და ხელოვნების გალერეებით. ესტუმრეთ კულტურულ ცენტრს, რომელიც ესპანეთის ცხოვრების ამსახველ გამოფენას მასპინძლობს. დღის ბოლოს, მიირთვით გემრიელი ესპანური სადილი.
თუ შუალედებში მეტი დრო გექნებათ, მოინახულეთ პიკასოს მუზეუმი და ებრაული კვარტალი.
დღე 2
მადრიდი
ბუენ რეტიროს პარკი: დაიწყეთ დღე ამ პარკში განტვირთვით. მისი ლანშაფტი მონუმენტებს, სკულპტურებს, გალერეებს და ტბას მოიცავს. კრისტალის სასახლე კი პარკის გულია. მასში შესვლა მთელი დღე უფასოა.
რეინა სოფია: დილის სეირნობის შემდეგ, აღმოაჩინეთ თანამედროვე ხელოვნება მადრიდის პრესტიჟულ მუზეუმში. ამ კომპლექსში მე-20 საუკუნის უნიკალური ნიმუშები ინახება. მათ შორის, პიკასოს, დალის და მიროს შედევრები. თუ ბილეთს ონლაინ შეიძენთ, ფასდაკლება იმოქმედებს.
საღამომდე, ლავაპიესი, ჰუერტა და ლა ლატინა დაათვალიერეთ. აქ ქალაქის ავთენტურობას შეიგრძნობთ. არ დაგავიწყდეთ ჩუროსის დაგემოვნება!
მადრიდის ღამის ცხოვრება ლეგენდარულია. აქ ყველაზე ცნობილი კლუბებია: კაპიტალი და ჯოი ესლავა. ჩაიარეთ მალასანას უბანში და აუცილებლად იპოვნით თქვენთვის სასურველ ღამის ბარს.
პორტუგალია
დღე 3
ლისაბონი
პორტუგალიაში გადანაცვლება ფერადი ლისაბონით უნდა დაიწყოთ.
მონსერატის პარკი: ეს ადგილი რომანტიზმის სიმბოლოდაა აღიარებული. მონსერატის სასახლე ქვაში გამოკვეთილი სიმშვიდის და უშფოთველობის ასახვაა. აქ რამდენიმე სექციაა: ბაღი, მთავარი დარბაზი, გალერეა, ბიბლიოთეკა და ხელოვნების ოთახი.
ბილეთი: 8 €, სამუშაო საათები – პარკი: 9:00-19:00; სასახლე: 9:30-18:30.
როსიოს მოედანი: ლისაბონის გულში მდებარე ეს მოედანი ქალაქის ყველაზე საქმიანი ადგილია. პორტუგალიის ტრადიციული და კულტურული მარკა მაღაზიებში, ბარებსა და რესტორნებშია აღბეჭდილი. ტურისტული ღირსშესანიშნაობები აქ ყოველ კუთხეშია: პედროს თაღი, ეროვნული თეატრი, როსიოს რკინიგზის სადგური. შეჩერდით 200 წლის ისტორიის მქონე კაფე ნიკოლაში ყავის მისართმევად.
ლისაბონის კათედრალი და საო ჯორჯის სასახლე მოედანთან ახლოსაა, ამიტომაც, მათაც ეწვიეთ.
კოსტა და კაპარიკა: ეს ლისაბონის ულამაზესი სანაპიროა, სადაც ზაფხულის სიცხეს გაექცევით. აქ სანაპიროს მატარებლით, ტრანსპრაიათი მოხვდებით და რა ადგილიც ყველაზე მეტად მოგხიბლავთ, იმ გაჩერებაზე ჩამოხვალთ.
დღე 4
მადეირა
წითელი ღვინის მოყვანის 500 წლოვანი ტრადიციით ცნობილი მადეირა თბილი კლიმატით და სასიამოვნო ატმოსფეროთი გამოირჩევა.
მონტეს სასახლე ტროპიკული ბაღით: აქ ფლორასა და ფაუნის შთამბეჭდავი მრავალფეროვნებით დატკბებით. ეგზოტიკური და ადგილობრივი მცენარის სახეობები უზარმაზარ ტერიტორიაზე არიან თავმოყრილნი.
ბილეთის ფასი: 12.50 €, ღიაა ორშაბათი-კვირა: 9:30-18:00.
Levada Walks – ლევადა ცნობილი სალაშქრო გზაა, ულამაზესი ბუნების თანხლებით. იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიაში შესული ეს მარშრუტი ტყის გვირაბებში, ჩანჩქერებში და გადმოსახედებზე გაგიყვანთ.
ვახშამზე აუცილებლად მიირთვით ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული კერძები.