ცარცისფერი ქალაქებით, გემრიელი კერძებით, ციტრუსების ხეებით და გლამურული სანაპიროებით, რომლებსაც კლდები გადაჰყურებენ – ამალფი იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებაა. ყველა სდეზონს რა თქმა უნდა თავისი შარმი აქვს, მაგრამ წლის სხვადასხვა დროს ამალფის სხვადასხვა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს.

ივლისი და აგვისტო ყველაზე ცხელი თვეებია

თუ მაღალი ტემპერატურა, მზე და სანაპირო გართობა გხიბლავთ, მაშინ სამოგზაუროდ ეს დრო უნდა აირჩიოთ. ყველაზე თბილი თვეა აგვისტო. თუმცა, უნდა მოელოდეთ ბევრ ხალხს, განსაკუთრებულ სიცხეს და საცობებს. ამ დროს იტალიაში ზაფხულის არდადეგებია და საერთაშორისო ტურისტების რაოდენობაც იმატებს. გაგიჭირდებათ იპოვნოთ პირსახოცის გასაშლელი ადგილი სანაპიროზე.

დადებითი მხარეა წვეულებების ატმოსფერო. ამ დროს ქუჩები განსაკუთრებით ცოცხალია. ბევრი ფესტივალი ტარდება სანაპიროზე, მათ შორის ლიმნის ფესტივალი ივლისის მესამე უიქენდზე. გაითვალისწინეთ, რომ პიკ სეზონზე გზებზე მოგზაურებისთვის გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული.

მაისი და ოქტომბერი მშვენიერია სალაშქროდ

მაისში ტემპერატურა 20 გრადუსის გარშემო ტრიალებს, მინდვრის ყვავილები ყვავიან და ლანდშაფტი მწვანეა. ამ დროს საკმარისად თბილა იმისათვის, რომ მაისური გეცვათ, თუმცა საღამოობით გრილა. მაისის შუა რიცხვები მშვენიერი პერიოდია მზისთვის და ნაკლები ხალხისთვის. ადრეულ შემოდგომაზეც მსგავსი ტემპერატურაა და ამასთან, ზღვაც უფრო თბილია ზაფხულის სიცხეების შემდეგ. ამ დროს მენიუში ნახავთ ტრიუფელის და ფუნგის სოკოს სახეობებს. ოქტომბერში შეძლებთ გაუყვეთ სანაპიროს სალაშქრო ბილიკებს.

აპრილი და ნოემბერი გრილი ამინდით და ნაკლები ხალხით გამოირჩევა

აპრილში ტემპერატურა 13-20 გრადუსებს შორის მერყეობს და ყვავილებიც აყვავებულია. მშვენიერი დროა იმისათვის, რომ ხალხმრავლობას გაექცეთ, გარდა აღდგომის კვირისა, რადგანაც აღდგომაზე აქ გარკვეული შეზღუდვები წესდება.

ნოემბერში ტემპერატურა 13-18 გრადუსია და წყალი უფრო თბილია, ვიდრე გაზაფხულზე. ქალაქები და სოფლები მშვიდია, ბორნების გრაფიკი ნაკლებად ქაოტური. 30 ნოემბერს აღინიშნება ამალფის უდიდესი რელიგიური ფესტივალი – სან ანდრეას ფესტივალი.

ადრეული ივნისი და სექტემბერი ზაფხულის მზეს გვჩუქნის პიკი სეზონის გარეშე

ივნისში და სექტემბერში ტემპერატურა საკმაოდ თბილია და სანაპიროებიც მხოლოდ ივნისის მეორე ნახევრიდან იტვირთება. ამ დროს იწყება სკოლებშიც არდადეგები. ივნისის დასაწყისი იმაზე უკეთესი დროა, ვიდრე თვის ბოლო.

დეკემბერი და მარტი ყველაზე იაფი დროა ამალფის სანაპიროზე დასასვენებლად

ამალფის სანაპიროზე მოგზაურობას თუ გეგმავთ, ყველაზე ბიუჯეტური ზამთრის სეზონი იქნება. ამინდი ამ დროს არაპროგნოზირებადია, სანაპირო ბარები დაკეტილია და აქ უფრო მშვიდი ატმოსფერო სუფევს. გამონაკლისია შობის და ახალი წლის პერიოდი, როცა სახალხო აღნიშვნებს აქვს ადგილი.