ბარსელონა უბრალოდ სენსაციურია და სამყარომ ეს იცის. თუმცა, მისგან 100 კილომეტრის დაშორებით, კატალონიის მეორე ულამაზესი ქალაქი, ჟირონა მდებარეობს. ეს კულტურის, გასტრონომიის და ისტორიის ჰაბი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული შუასაუკუნეების ცენტრია. ჟირონა ფილმის გადასაღებ მოედანს და მინიატურულ ბარსელონას ჰგავს. მეტიც, ჟირონას უფრო დიდი ისტორია აქვს, ვიდრე ბარსას. ჩვენ წარმოგიდგენთ მიზეზებს თუ რატომ უნდა ეწვიოთ მას.

რატომ უნდა ეწვიოთ ჟირონას ახლა? ესპანეთის გადაჭარბებული ტურიზმი ძირითადად ბარსელონაზე მოდის. აქ წლიურად 16 მილიონი ვიზიტორი ჩამოდის. ჟირონა კი მათთვისაა, ვისაც შედარებით წყნარი ადგილის აღმოჩენა უნდა. თუმცა, არ გეგონოთ, რომ აქ ხალხი არ დაგხვდებათ. ის ბარსელონადან ერთდღიანი ტურებისთვის პოპულარული მიმართულებაა, განსაკუთრებით ზაფხულში. ამიტომაც, დარჩით აქ რამდენიმე დღე მის უკეთ შესაცნობად.

ტოპ აქტივობები ჟირონაში
გაიარეთ ელ კალის ვიწრო ხეივნებში
შეაბიჯეთ ელ კალის (El Call) ვიწრო ხეივნებში ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ებრაული უბნის დასათვალიერებლად. მე-12 საუკუნით დათარიღებული ეს არეალი ებრაელი საზოგადოების სახლი იყო და მდიდარი ისტორიითაა გაჯერებული. მის ქუჩებს ჟირონას ყველაზე საკულტო ძეგლებისკენ მივყავართ, მათ შორის ჟირონას კათედრალისკენ და მისი 90 კიბისკენ. ქალაქი მთის ფერდზეა აგებული, ამიტომაც მზად იყავით ბევრი სიარულისთვის და თანდათანობით დატკბით თაღებითა და ქვაფენილებით, რომლებიც ქალაქს თითქოს ფილმის გადასაღები მოედნად აქცევენ.

შედით მუზეუმებში და არქიტექტურულ ძეგლებში
არქიტექტურული ძეგლები: “Banys Àrabs” და კალიგანის მონასტერი (Monestir de Sant Pere de Galligants) თავისი პატარა არქეოლოგიური მუზეუმით, ჟირონაში აუცილებლად სანახავი ადგილებია. ელ კალში შეძლებთ ისტორიას უფრო ღრმად გაეცნოთ და ეწვიოთ ქალაქის ისტორიის თუ ებრაელთა მუზეუმს.

ისეირნეთ ველოსიპედით გარშემო მთებზე
ჟირონადან გზებს ტყეებსა და სოფლებში გავყავართ და ის ველოსიპედით სიარულისთვის ევროპის ერთ-ერთი ტოპ მიმართულებაა. ქალაქის უამრავ ადგილას შეძლებთ მათ ქირაობას და ველოსიპედით მოსარგებლე ადამიანები აქ ძალიან დაფასებულები არიან. შემოთავაზებულია გიდის ტურებიც სხვადასხვა სირთულის ველოსიპედისტებისთვის.

მიირთვით გემრიელი ადგილობრივი სამზარეულო
ჟირონაში 2 მიშელინის ვარსკვლავის მქონე რესტორანი მდებარეობს, ასევე ლეგენდარული ობიექტი: El Celler de Can Roca. უფრო სტანდარტული კაფისთვის გირჩევთ: Café Le Bistrot-ს; რომელსაც ულამაზესი კიბეები აქვს. კატალონიური სტეიკის დასაგემოვნებლად კი ეწვიეთ – L’Argadà-ს.

იხილეთ შთამბეჭდავი ხედი კედლებიდან
ჟირონა რომაული ეპოქიდან მოყოლებული, დიდი კედლებითაა დაცული. “The Muralles de Girona” აქ შუა საუკუნეებიდან დგას და სრულად საფეხმავლოდაა გაკეთებული. კედლის გავლის დროს რამდენიმე გადმოსახედი შეგხვდებათ. ასევე, იხილავთ კოშკებს, რომლებზე ასვლაცაა შესაძლებელი. აუცილებლად გაჩერდით ალემანის მშვიდ ბაღებში.

ეწვიეთ კოსტა ბრავას სანაპიროებს
ჟირონაში კოსტა ბრავას რამდენიმე სენსაციური სანაპირო მდებარეობს. 40 წუთის ავტობუსის სავალ გზაზე პოპულარული ტოსა დე მარი შემოგეგებებათ, რომელიც ძველი ქალაქია გარშემორტყმული კლდეებით, ქვიშიანი ნაპირებით და გამოქვაბულებით. მთავარი სანაპიროდან, პლაია გრანიდან (Platja Gran) ადით მთაზე ან გაყევით ტურისტულ მატარებელს შუასაუკუნეების სასახლის ნანგრევებისკენ.

ჩაუთქვით სურვილი, რომ უკან დაბრუნდეთ
ყველა ქალაქს თავისი ტრადიციები და ცრურწმენები აქვს. ჟირონას ლომი ჰყავს. მას სან ფელიუს კათედრალთან, პლაზაზე აღმოაჩენთ. მისი ქანდაკება თაღს ეხუტება, ტურისტები კი მის უკანა ნაწილს კოცნიან. ეს აქტი აღნიშნავს მათ სურვილს, დაუბრუნდნენ ქალაქს ერთ მშვენიერ დღეს.

როგორ უნდა წახვიდეთ ჟირონაში ბარსელონადან? საუკეთესო აზრია გაყვეთ მატარებელს, რომლებიც ბარსელონა სანტის (Barcelona Sants) სადგურიდან გადიან. სწრაფი რენფეს მატარებლები იქ 40 წუთში ჩაგიყვანენ. ალტერნატივაა რეგიონალური როდალის მატარებლები, რომლებიც უფრო იაფია, თუმცა ჟირონამდე მეტი დრო სჭირდებათ.











