მაროკოს დედაქალაქი რაბატი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი მისი მრავალფეროვანი ტრადიციების და თანამედროვეობის გამო. აქ ისტორიული ძეგლები თანამედროვე ურბანულ შენობებთან კონტრასტულად თანაცხოვრობენ. ეს სასიამოვნო წყლისპირა ქალაქია მწვანე სივრცეებით, შთამბეჭდავი არქიტექტურით და საფეხმავლო გამზირებით. ტურისტებისთვის აქ მეგობრული, სტუმართმოყვარე გარემოა და მეტად ავთენტური ატმოსფერო იქმნება, ვიდრე მაროკოს სხვა ქალაქებში. საუცხოოდ შემონახულ არქეოლოგიურ ძეგლებთან ერთად, რაბატს ცოცხალი სანაპირო ქალაქის კულტურაც აქვს: ქვიშიანი ნაპირებით, გალერეებით, რესტორნებით, ფესტივალებით და შოპინგით.

როდის უნდა წახვიდეთ რაბატში? ხმელთაშუაზღვიური კლიმატის წყალობით რაბატს შეგიძლიათ მთელი წლის მანძილზე ეწვიოთ. ივნისი და აგვისტო აქ ყველაზე ცხელი თვეებია. მაგრამ, ატლანტის ოკეანიდან მონაბერი ჰაერი ცხელ დღეებსაც ადვილად ასატანს ხდის. ადგილობრივი ტურიზმის კუთხით, აქ აგვისტო ყველაზე დატვირთული თვეა. დეკემბრიდან თებერვლამდე რაბატში ყველაზე ცივი პერიოდია. ტემპერატურა ამ დროს დაახლოებით 17 გრადუსია. საერთაშორისო ვიზიტორები აქ ძირითადად მარტი/ივნისი ან სექტემბერი/ნოემბერი ჩამოდიან.

რაბატიდან შეგიძლიათ მოიწყოთ ერთდღიანი ტურები კასაბლანკასა და ტანგიერში. ამ ქალაქებს შორის მატარებლები დადიან. ბევრ უბანს აქ ფეხით მოივლით, განსაკუთრებით მედინას, კასბას და ჰასანს. ქალაქში დადის თანამედროვე ტრამვაიც და ერთი მგზავრობის ღირებულებაა 0.65 ცენტი. ბილეთების შესაძენი აპარატები ყველა გაჩერებაზეა დამონტაჟებული.

საუკეთესო სანახაობები რაბატში:

Kasbah des Oudaias

Kasbah des Oudaias – ეს მე-12 საუკუნის ციტადელი ფანტასტიკურ ხედებს გვთავაზობს მდინარესა და ატლანტის ოკეანეზე. შუასაუკუნეების კარიბჭის და ვარდისფერი კედლების მიღმა რაბატის ისტორიულ გულს აღმოაჩენთ. გაისეირნეთ ქვაფენილიან ქუჩებსა და ფერად ხეივდნებში, დაათვალიერეთ ლურჯი და თეთრი სახლები, ეწვიეთ ანდალუსიურ ბაღებს და ეროვნულ სამკაულის მუზეუმს.

დაათვალიერეთ ოქროს სამარხები და სამეფო სასახლე

რაბატში მდებარეობს მუჰამედ მეხუთეს მავზოლეუმი, ქალაქის ყველაზე საკულტო ძეგლი და ისლამური არქიტექტურის მშვენიერი ნიმუში. აქვე ნახავთ სამეფო სასახლეს, მაროკოს სამეფო ოჯახის ოფიციალურ რეზიდენციას. თან იქონიეთ პასპორტი.

დატკბით რაბატის არქიტექტურით

რაბატის თანამედროვე არქიტექტურა მოიცავს ზაჰა ჰადიდის დაპროექტებულ გრანდ თეატრს, ფუტურისტულ შენობებს, მუჰამედის კოშკს, 250 მ სიმაღლის ცათამბჯენს და აშ.

შოპინგი

სავაჭროდ გაიარეთ რაბატის მედინაში, დაიწყეთ კონსულის ქუჩით (Rue des Consuls). აქ შეიძენთ ანტიკვარიატს, ხალიჩებს, მეორად წიგნებს, ჭურჭელს და აშ.

შეიძლება თუ არა ონკანის წყლის დალევა? რეკომენდირებულია დალიოთ გაფილტრული წყალი რესტორნებსა და სასტუმროებში ან შეიძინოთ ბოთლის.

ხელმისაწვდომია ალკოჰოლი? დიახ, ლიცენზირებულ ბარებში, რესტორნებში, სასტუმროებში და ევროპულ სუპერმარკეტებში.

ჩაის დატოვების კულტურა: იქონიეთ ქეში ჩაისთვის. ხელფასები აქ არც ისე მაღალია, ასე რომ ჩაის დატოვებით მომსახურე პერსონალს გაახარებთ.

ენა: რაბატში არაბულად და ფრანგულად საუბრობენ თუმცა, ინგლისურიც ფართოდაა გავრცელებული.

რამადანი და წმინდა დღეები: ამ დროს მუსლიმები მარხულობენ და ბევრი კაფე-რესტორანი დღის მანძილზე დახურულია, იღება მზის ჩასვლამდე 1-2 საათით ადრე. ყოველი პარასკევი წმინდა დღეა.