მაროკოს ქალაქ მარაქეშში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მის მუზეუმებში ადგილობრივთა უნიკალური კულტურა, მდიდარი ისტორია და ტრადიციებია ასახული. აღმოაჩინეთ თუ როგორ იქცა ერთ დროს სავაჭრო ქალაქი ცოცხალ, კრეატიულ ჰაბად, რომელიც მსოფლიოს გარშემო ბევრ მოგზაურს შეუყვარდა.

1. ალ მაადენის აფრიკული თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MACAAL)

ეს მუზეუმი 2025 წლის თებერვალში ხელახლა გაიხსნა. აქ იხილავთ ლაზრავქის ოჯახის აფრიკული ხელოვნების პირად კოლექციას. წარმოდგენილია კონტინენტის ინოვაციური ხელოვნების ნიმუშები. ალ მაადენი ქალაქიდან 5 კილომეტრში მდებარეობს. ღიაა ოთხშაბათი/კვირა 10-დან 6-მდე.

2. მაროკოს კულინარიული ხელოვნების მუზეუმი

ყოფილი მე-18 საუკუნის სასახლე დღეს მაროკოს კულინარიულ ხელოვნების მუზეუმადაა გადაკეთებული და ქვეყნის მდიდარ კულინარიულ მემკვიდრეობას მიაგებს პატივს. აქ ვიზიტორები ეცნობიან ქვეყნის გამორჩეულ კერძებს, ინგრედიენტებს თუ ტრადიციებს. შეგიძლიათ შეუერთდეთ კერძის მომზადების მასტერკლასსაც. ან უბრალოდ დასხდეთ მის კაფე-რესტორანში.

3. პარფიუმერიის მუზეუმი

ეს ელეგანტური მუზეუმი მედინას მშვიდ ქუჩაზე მდებარეობს და სამედიცინო მცენარეებს, სუნამოს და სილამაზის რიტუალებს ეძღვნება. ის დაარსა პარფიუმერმა, რომელიც ივ სენ ლორანთან ერთად სუნამოების შექმნაზე მუშაობდა. შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ვორქშოფში და საკუთარი სურნელი შექმნათ.

4. მაჟორელის ბაღის ბერბერის მუზეუმი

მაჟორელის ბაღში მდებარე პიერ ბერჟეს მუზეუმი (Musée Berbère Jardin Majorelle) მაროკოს ადგილობრივ მკვიდრთა მრავალფეროვან და მდიდარ ისტორიას წარმოგვიდგენს. ამ მუზეუმში ნახავთ ნივთებს, რომლებიც პიერ ბერჟემ, ივ სენ ლორანის პარტნიორმა შეაგროვა. მათ შორისაა: კაბები, საკმაული და ყოველდღიური ნივთები. შეიძინეთ კომბინირებული ბილეთი ბაღისა და მუზეუმისთვის.

5. წყლის მუზეუმი

ეს საგანმანათლებლო მუზეუმი მაროკოში წყლის მნიშვნელობაზე და მის მენეჯმენტზე მოგიყვებათ. ინტერაქციული რუკებით და ვიდეოებით ისტორია საინტერესოდაა გადმოცემული. აქ ყველა ასაკის ვიზიტორი ისიამოვნებს.

6. დარ ელ ბაჩას მუზეუმი

ეს მუზეუმი (Dar El Bacha Museum) ისლამური არქიტექტურის საუცხოო მაგალითია. დაათვალიერეთ მისი დეკორაციული ოთახები, ფერადი გეომეტრიული მოზაიკის ფილები და ბაღი, რომელიც სავსეა ფორთოხლის ხეებით, შადრევნებით, თაღებით და უცხო დიზაინის სვეტებით. აქ წარმოდგენილია ტრადიციული სამოსი, სამკაული, ხელოვნების ნიმუშები და მუსიკალური ინსტრუმენტები მთელი მაროკოდან. აქ სხვადასხვა ღონისძიებები მთელი წლის მანძილზე ტარდება და შეგიძლიათ ამის შესახებ ინფორმაცია მათ ინსტაგრამ გვერდზე იხილოთ.

7. ივ სენ ლორანის მუზეუმი

თუ ივ სენ ლორანის ცხოვრება და პროფესიული მოღვაწეობა გაინტერესებთ, ფრანგი დიზაინერის, რომელიც მარაქეშში ინსპირაციისთვის გადავიდა, ამ მუზეუმს გვერდი არ უნდა აუაროთ. აქ 2000-ზე მეტი ნივთი ინახება, ძირითადად კაბები. გამოფენები მუდმივად იცვლება და წარმოგვიდგენს სამოსს, რომელიც ხშირ შემთხვევაში საჯაროდ ცნობილი არცაა.

8. მეიდენი

ეს კულტურული ცენტრი თანამედროვე უბანში მდებარეობს და ვიზიტორებს მარაქეშის ისტორიას ვირტუალური რეალობის საშუალებით აცნობს. ციფრული ინსტალაციების და სენსორული გამოცდილების წყალობით, ვიზიტორები ინფორმაციას გართობით იღებენ, რაც განსაკუთრებით სახალისოა ბავშვებისთვის.