იტალიის სოფელი პიენზა ტოსკანას მარგალიტია – ცოცხალი ისტორიით, შარმით და რომანტიკით. აღორძინების ხანით ცნობილი და უგემრიელესი ყველის, პეჩორინოს (pecorino) დედაქალაქის ტიტულის მქონე ეს დასახლება, პატარა მთიანი სოფელია, აუცილებლად სანახავი იტალიის ამ გამორჩეულ რეგიონში.

პიენზას ისტორია

პიენზა ტოსკანას სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, ვალ დორსიას რეგიონში და ქალაქ მონტეპულჩიანოდან (Montepulciano) 15 კმ სავალ გზაზეა. ქალაქს პაპი პიუსის საპატივცემულოდ ეწოდა სახელი, რომელიც აქ დაიბადა. სიტყვა “პიენზა” ნიშნავს პუსის ქალაქს. პაპმა იმისათვის, რომ მისი მშობლიური ქალაქის სრული რესტავრაცია მოეხდინა, არქიტექტორი ბერნარდო როსელინო დაიქირავა და ის რენესანსის პატარა ქალაქად აქცია.

მშენებლობა 1459 წელს დაიწყო და რამდენიმე წელში დასრულდა. არქიტექტორმა აქ პირველად გამოიყენა რენესანსის ჰუმანისტური ურბანული დიზაინი, რომელიც ახლა მთელ იტალიაში და მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.

დღეს, იუნესკოს აღიარებული აქვს პიენზას ისტორიული ცენტრი როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის დაცული ტერიტორია და იცავს ბერნარდ როსელინოს ურბანული დიზაინის პრინციპებს.

პიენზას ისტორიული ცენტრი

პიენზას ცენტრში, სადაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან რენესანსის არქიტექტურა დაგხვდებათ. სოფლის კათედრალი მისი საათის კოშკით ექსტრაორდინალურია და ქალაქის საკულტო ძეგლად იქცა. მოინახულეთ მისი ინტერიერიც, შიგნით ბევრი რენესანსის პერიოდის მხატვრობა ინახება. გაატარეთ დრო მის ლამაზ მოედანზე დასვენებით.

ვია დელ ამორე

პიენზაში, რომანტიკა და შარმი ახალ სიცოცხლეს ქმნიან. ეს მშვენიერი ადგილი მართლაც მაგიურია. პიენზა ტოსკანას მთიდან გადმოჰყურებს, სადაც მოსჩანს კვიპაროსის ხეები და მზესუმზირების მინდვრები. აქ დაგეუფლებათ შეგრძნება, თითქოს მხატვრულ ტილოზე იმყოფებით.

თავისი სილამაზის წყალობით, არაა გასაკვირი, რომ პიენზა შეყვარებულების ქალაქია. კინო-რეჟისორმა ფრანკო ძეფირელიმ ფილმი “რომეო და ჯულიეტა” სწორედ აქ გადაიღო. რომანტიკულ ქუჩებს რომანტიკული სახელების აქვთ. მაგალითად, ვია დელ ბაჩიო ნიშნავს “კოცნის ქუჩას”, ვია დელ ამორე კი “სიყვარულის ქუჩას”.

ყველი პეჩორინო

პიენზა ყველი პეჩორინოს დედაქალაქია. დააგემოვნეთ ეს გემრიელი ადგილობრივი პროდუქტი ქალაქის საკვებ ობიექტებში. ამბობენ, რომ აქაური სქელი მინდვრების გამო, სადაც ცხვრები ბალახობენ, ყველი განსაკუთრებით გემრიელი გამოდის. თუ პიენზას სექტემბერში სტუმრობთ, იცოდეთ, რომ ამ თვის პირველ კვირა დღეს აქ ყველის მასშტაბური ფესტივალი ტარდება.

როგორ უნდა ეწვიოთ პიენზას იტალიაში: პიენზასთან უახლოესი აეროპორტი ფლორენციაში მდებარეობს. აქ ფრენები მთელი ევროპიდან ხორციელდება.

საუკეთესო დრო აქ სამოგზაუროდ: სექტემბერი ყველის ფესტივალზე დასასწრებად შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. სხვა შემთხვევაში, მშვენიერი არჩევანია შემოდგომის და გაზაფხულის ნებისმიერი პერიოდი. ამ დროს აქ ნაკლები ხალხია და შეძლებთ ამ ქუჩებით სრულად ისიამოვნოთ.

საუკეთესო კაფე-რესტორნები

პიენზა ტოსკანას ავთენტური ქალაქია. ვიწრო ქუჩებზე იხილავთ ლამაზ კაფეებს და ადგილობრივი პროდუქციით გაგიმასპინძილდებიან.

  • Sette di Vino (იტალიური სამზარეულო)
  • Buon Gusto Gelateria (ნაყინი)
  • Poderuccio (იტალიური სამზარეულო)
  • Case Nuove
  • Piccolomini Caffè (ყავა)

არ დაგავიწყდეთ მიირთვათ პასტა პეჩორინოს ყველით!