გეცოდინებათ, რომ ფლორენციის მუზეუმები მსოფლიოს უძვირფასეს კოლექციებს აერთიანებენ. განსაკუთრებით, რენესანსის პერიოდიდან. აღორძინების ხანაც ხომ სწორედ ამ ქალაქში დაიწყო. აქ მიქელანჯელოს, დონატელოს და ბოტიჩელის შედევრებს იხილავთ. თუმცა, ფლორენციის მუზეუმები მხოლოდ ფლორენციული რენესანსით არ შემოიფარგლებიან. აქ ცნობილი ვენეციელების: ტინტორენტოს, ტიციანის, რაფაელის პორტრეტებს და რემბრანტის, ველასკესისა თუ ვან დიკის ნამუშევრებსაც იხილავთ. ესეც არაა ყველაფერი: ფერწერული ტილოების და სკულპტურების გარდა, ამ ქალაქში ცნობილი მოდის ნიმუშები, ეგვიპტური მუმიები და მედიჩის სამკაულიც ინახება.

1. უფიცის გალერეა

უფიცის გალერეა ევროპაში ერთ-ერთი უდიდესია და ხელოვნების უამრავ ნიმუშს აერთიანებს. მუზეუმის ქრონოლოგიური მოწყობის შედეგად, ადვილად გაიაზრებთ ხელოვნების განვითარებასა და ისტორიას. მაღალი მოთხოვნის გამო, უფიცის ყოველდღიური ბილეთები ლიმიტირებულია. შეგიძლიათ შეიძინოთ ისინი წინასწარ ან ჩაეწეროთ ფლორენციის აკადემიისა და უფიცის გალერეის ტურზე, რომელიც რიგში დგომას აგარიდებთ. ამგვარად, გიდის მეშვეობით ბევრ საინტერესო ინფორმაციასაც გაიგებთ.

2. აკადემიის გალერეა

1784 წელს, ის გაიხსნა როგორც მხატვრების სკოლა. დღეს აკადემიის გალერეაში მიქელანჯელოს უნიკალური კოლექცია ინახება. მხოლოდ დავითის ხილვაც კი ღირს დიდ რიგში დგომად. აქ შეგიძლიათ დააკვირდეთ მიქელანჯელოს, როგორც სკულპტორის კრეატიულ განვითარებას. ფლორენციის აკადემიის და უფიცის გალერეის ტურით აქაც შეგიძლიათ ისარგებლოთ.

მისამართი: Via Ricasoli 58

3. გალერეა პალატინა

აქ იტალიელი ოსტატების: ტიციანის, ტინტორენტოს, ბოტიჩელის, რუბენსისა და რაფაელის რამდენიმე ნაშრომის ერთობლიობა დაგხვდებათ. ფერწერული ტილოები და ქანდაკებები აქ ქრონოლოგიურად დაწყობილი არაა, თუმცა კედლები და ჭერი სრულად მორთულია. ამდენი ხელოვნების ნიმუშის ხილვის შემდეგ, განიტვირთეთ ბობოლის ბაღში და გადახედეთ ქალაქს შორიდან.

4. ბარგელოს სასახლის ეროვნული მუზეუმი

იტალიის პირველი ეროვნული მუზეუმი, დონატელოს და მიქელანჯელოს მნიშვნელოვან ნამუშევრებს მოიცავს. აქ დაგხვდებათ: მარმარილოს ბრუტუსი, მადონა ჩვილით, პატარა აპოლო და მთვრალი ბახუსი. შთამბეჭდავია სასახლის დარბაზები და კედლები: გაფორმებული სპილოს ძვლის ჩუქურთმებით და ოქროთი.

მისამართი: Via del Proconsolo 4

5. კათედრალის მუზეუმი: Museo dell’Opera di Santa Maria del Fiore

ფლორენციის კათედრალისადმი შეწირული შეუფასებელი ხელოვნების ნიმუშები, სწორედ ამ მუზეუმში იყრიან თავს. აქაა მიქელანჯელოს პიეტა და დონატელოს მარმარილოს ნამუშევრები. თემა ძირითადად რელიგიურია.

6. არქეოლოგიური მუზეუმი

ჩრდილოეთ იტალიის ყველაზე მნიშვნელოვანი მუზეუმი მედიჩის ოჯახის მიერ შედგენილ ეტრუსკული არტეფაქტების კოლექციას წარმოგვიდგენს. აქ ეგვიპტური, ბერძნული და რომაული ანტიკვარიატი ინახება. მთავარი ნიმუში ლომის ქანდაკებაა. აქ კერამიკები, ქანდაკებები, სარკოფანგები, მუმიები და სხვა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მონაპოვარი დაგვხდებათ.

მისამართი: Piazza SS Annunziata, Florence

7. ბარდინის მუზეუმი

ფლორენციის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო მუზეუმი სტეფანო ბარდინის პირად კოლექციას წარმოგვიდგენს. 1880 წელს, ბარდინიმ რამდენიმე შენობა იყიდა. მათ შორის, მე-13 საუკუნის ეკლესია და პალაცო მოცი. შემდგომ ისინი გააფორმა და მორთო შუასაუკუნეების დროინდელი იმ კარებებით, ფანჯრებით, ბუხრებით, კიბეებით და ჩუქურთმებით, რომლებიც განადგურებული ეკლესიებისგან და სასახლეებისგან შემორჩა. შედეგად მიიღო შეუფასებელი ვილა ბაღით, სადაც წინა საუკუნეების ატმოსფეროს შეიგრძნობთ. დონატელოს და ტინტორენტოს ნამუშევრები აქაც დაგხვდებათ. ასევე, ვენეციური და ტოსკანური მე-15 საუკუნის ხის მუსიკალური ინსტრუმენტები და ავეჯი.

მისამართი: Via dei Renai 37

8. მიქელანჯელოს სახლი: Casa Buonarroti

ერთ დროს, მიქელანჯელოს საკუთრებაში არსებული ეს სახლი დღეს მუზეუმია, რომელიც ცნობილი არტისტის განსხვავებულ ნიმუშებს წარმოგვიდგენს. მათ შორის, 16 წლის ასაკში შესრულებულ მადონა დელა სკალას. ასევე, მის 200-მდე სკეტჩს.

მისამართი: Via Ghibellina 70

9. გალილეოს მუზეუმი

რენესანსის დროინდელ ფლორენციაში, მეცნიერება ხელოვნება იყო. ამ მუზეუმში სტუმრობით ამაში ნამდვილად დარწმუნდებით. ადრეული სამეცნიერო ინსტრუმენტები: გლობუსები, ტელესკოპები, მერიდიანები და ნავიგაციის მოწყობილობები გალილეოს მუზეუმში ერთადაა თავმოყრილი. 11 ოთახი მედიჩის კოლექციებითაა შევსებული: კომპასებით, სფეროებითა თუ ასტროლაბებით. ყველაზე ძვირფასი კოლექცია კი გალილეოს პირადი ინსტრუმენტებია.

მისამართი: Piazza dei Giudici 1

10. უდანაშაულოთა საავადმყოფო: Spedale degli Innocenti

“უდანაშაულოთა საავადმყოფო” ფლორენციაში პირველი რენესანსის შენობაა. 1875 წლამდე, დედები, რომლებსაც საკუთარი ახალშობილების ანონიმურად ჩაბარება სურდათ, მათ სპეციალურ ხის ცილინდრში ტოვებდნენ, შენობის ბოლოს. მუზეუმის კედლები და თაღები აღორძინების ხანის არტისტების ფრესკებითა და შედევრებითაა მორთული. აქ ნახავთ ბოტიჩელის მადონასაც. თუმცა, ეს გალერეები ყოველთვის ღია არაა.

მისამართი: Piazza SS Annunziata