არ აქვს მნიშვნელობა რა უფრო გიყვართ, მუზეუმები, კაფეები თუ მწვანე სივრცეები, პარიზი იმედს ნამდვილად არ გაგიცრუებთ. ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი ქალაქი, რომელსაც ვიზიტორების რეკორდული მაჩვენებელი სტუმრობს. თუ მას შეზღუდული დროით, მხოლოდ 2 დღით სტუმრობთ, ჩვენ საუკეთესო გეგმას დაგისახავთ:
დღე პირველი
დილა
პირველი, რაც პარიზში ვიზიტისას უნდა გააკეთოთ, ორ მთავარ მუზეუმში: ლუვრსა და ორსეში ვიზიტია. ორსეს მუზეუმი იმპრესიონისტების ხელოვნებაზე აკეთებს ფოკუსს და აქ მონეს, რენუარის და ვან გოგის ნამუშევრებს ნახავთ. თუ გეჩქარებათ, პირდაპირ მე-5 სართულზე ადით, რათა ყველაზე ცნობილი ნამუშევრები იხილოთ.
თუ მის მაგივრად, ლუვრის მონახულებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ის მსოფლიოს უდიდესი მუზეუმია. სჯობს თუ მთავარი, შუშის პირამიდის ფორმის შესასვლელიდან არ შეხვალთ და შენობის ქვეშ, მეორე შესასვლელს აირჩევთ. თუ ჩქარობთ, წინასწარ შეარჩიეთ რომელი დარბაზების ნახვა გსურთ, რათა 13 კილომეტრი დერეფნებში არ ირბინოთ.
შუადღე
მუზეუმების შემდეგ, 20 წუთის ფეხით სავალ გზაზე, ნოტრ-დამის ტაძარი იხილეთ. ეს მერვე საუკუნის დროინდელი ეკლესია შთამბეჭდავი გოთიკური ექსტერიერით გამოირჩევა, რომელიც თქვენი თვალით ახლოდან უნდა იხილოთ.
თუ მოგშვდათ, სენა გადაჭერით და Le Marais-ს უბანს ეწვიეთ, სადაც ბევრი მაღაზია, ბარი და ქუჩის საკვებია. აქ სახელგანთქმულ უგემრიელეს ფალაფელის სენდვიჩებს დააგემოვნებთ საკვებ ობიექტში სახელად: L’As du Fallafel.
ღამე
მეათე და მეთერთმეტე რაიონები საუკეთესოა პარიზული ღამის ცხოვრების გამოსაცდელად. სენ-მარტინის არხთან მუდამ ბევრი ხალხია, ტურისტებთან ერთად, ადგილობრივებიც მრავლად არიან. ისინი სვამენ ღვინოს და უკრავენ უკულელეზე.
არხის გარშემო რამდენიმე ბარი, ბისტრო და საკვები ობიექტია, სადაც ნამდვილი ფრანგული ვახშმის დაგემოვნებას შეძლებთ. ვახშმის შემდეგ, შეგიძლიათ მეტროთი სასტუმროს გზას გაუყვეთ ან არხის ყველაზე ცნობილი “ფარული ბარი” Le Comptoir Général იხილოთ.
დღე მეორე
დილა
მონმარტრი პარიზის მთიანი უბანია, ნუმერაციით მე-18. ის პოპულარულია ადგილობრივებშიც და ტურისტებშიც თავისი ლამაზი ბუტიკებით, კაფე-ბარებით, სექს-შოფებით და მონუმენტური ეკლესიით. საკრე-კიორის ბაზილიკა აუცილებლად უნდა იხილოთ. ჩამოჯექით მის კიბეებზე და უბრალოდ დატკბით პარიზული გარემოთი. აქედან ამ ქალაქის სილამაზეს სხვანაირად აღიქვამთ. დაიწყეთ დღე ფრანგულად.
შუადღე
მეხუთე რაიონში, The Jardins des Plantes მდებარეობს, რომელიც ულამაზესი ყვავილებით გამოირჩევა და ინსტაგრამის ფილტრებს ნამდვილად არ საჭიროებს. პარკში დაგხვდებათ ზოოპარკიც. მას შემდეგ, რაც ბოტანიკური სამოთხის დათვალიერებას მორჩებით, Geoffroy-Saint-Hilaire-ის ქუჩიდან დიდი მეჩეთისკენ წადით(Grand Mosquée), სადაც დაისვენებეთ და ქალაქის დათვალიერების გასაგრძელებლად, ენერგიით შეივსებით. აქ ბაღი და კაფე-რესტორნებია.
ღამე
ვერ დატოვებთ პარიზს ისე, რომ ეიფელის კოშკს არ ეწვიოთ. ეს ცნობილი ღირსშესანიშნაობა დღის ნებისმიერ დროს ლამაზია, განსაკუთრებით “ოქროს საათის”, მზის ჩასვლის დროს. როგორც კი კოშკი აინთება, ყოველი საათის პირველი 5 წუთი განსაკუთრებით იბრჭყვიალებს.
პარიზში მოგზაურობის ბოლოს, გაისეირნეთ საფეხმავლო ბილიკზე მდინარის გასწვრივ, იპოვნეთ კომფორტული დასაჯდომი, გახსენით ღვინო და დატკბით პარიზული ღამით.