კოსტა-ბრავა – თვალწარმტაცი ხმელთაშუაზღვის სანაპიროა ესპანეთში, რომელიც გადაჭიმულია ბარსელონიდან ჩრდილოეთისაკენ, პირინეის მთებამდე და საფრანგეთის საზღვრამდე. კოსტა-ბრავას მზიან სანაპიროებზე უამრავი საკურორტო ქალაქი მდებარეობს, სადაც ტურისტები დასარჩენად მყუდრო ადგილებს, საინტერესო ღირსშესანიშნაობებს და მათზე მორგებულ გართობას აღმოაჩენენ.
ბლანესი
ყოველწლიურად ბლანესში ათასობით ადამიანი ჩამოდის, ყველაფერი კი სანაპიროების გამოა, პირველ რიგში – საბანელისათვის, კოსტა-ბრავას ყველაზე გრძელი სანაპიროსთვის, რომელიც ასევე ყველაზე ლამაზ, მოვლილ და კეთილმოწყობილ სანაპიროდ ითვლება. ვისთან ერთადაც არ უნდა იმოგზაუროთ: ოჯახთან, მეგობრებთან, ან უბრალოდ საყვარელ ადამიანთან, ბლანესში გართობა და საინტერესო დროის ტარება გარანტირებულია. შეგიძლიათ გაისეირნოთ პარკებში, დაკავდეთ ზღვის სპორტით, დაივინგით, ეწვიოთ ღამის კლუბებს და ზღვასთან ახლოს მდებარე რესტორნებს. აქ დასვენება არ არის ძვირი, საცხოვრებელი ადგილების დიდი არჩევანია, დაწყებული გესთ-ჰაუსებით და დამთავრებული მდიდრული სასტუმროებით.
ლორეტ დე მარი
პოპულარობის მხრივ ბლანესის შეუდარებელი კონკურენტია ლორეტ დე მარი, სადაც ასევე რამოდენიმე სანაპირო, მათ შორის ცნობილი ლორეტიც მდებარეობს და არანაირად არ ჩამოუვარდება საბანელის სანაპიროებს. ზღვაზე დასვენების გარდა, ლორეტ დე მარშში არანაკლებ საინტერესო აქტივობებით დაკავდებით: სპა-პროცედურები, ველოსიპედით კატაობა, ატრაქციონები Water World-ის აკვაპარკში, შოპინგი ადგილობრივ მაღაზიებში, კულტურული ღონისძიებები, კარნავალები, მუსიკალური ფესტივალები და კაზინოც კი. ამიტომაც, ეს ადგილი განსაკუთრებით საინტერესოა ახალგაზრდებისათვის, მშვიდი დასვენების მოყვარულთათვის კი გირჩევთ კოსტა-ბრავას სხვა კურორტებზე დასვენებას.
პლაია დე არო
პლაია დე არო იდეალური ადგილია საოჯახო დასვენებისათვის, სადაც მთლიან ქალაქში მოწყობილია უამრავი სათამაშო მოედანი, კულტურული ღონისძიებები როგორც ზრდასრულებისათვის, ასევე ბავშვებისათვის და ყველაფერი, რაც აქტიურ ტურისტს შეიძლება შეუყვარდეს. პლაია დე არო ყოველთვის სავსეა ტურისტებისათვის, ყველგან გართობის და წვეულების ატმოსფერო სუფევს, ამიტომ არანაირად არ ჩამოუვარდება ლორეტ დე მარსა და ბლამესს.
ტოსა დე მარი
მეთევზეების სოფელი ტოსა დე მარი სასიამოვნო ადგილია მშვიდი დასვენების მოყვარული ტურისტებისათვის. სანაპიროზე სასიამოვნო დასვენების შემდეგ შეგიძლიათ გაისეირნოთ აყვავებულ მთიან ხეობებსა და კორომებში. ტოსა დე მარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა სა რიერას პარკია, სადაც უამრავი ხე იცავს პარკს მზისაგან, და ხელოვნური ჩანჩქერების ხარჯზე სასიამოვნო სიგრილეც სუფევს, ასე რომ სა რიერას პარკი იდეალური ადგილია ესპანეთის მხურვალე მზისგან დასაცავად. ტოსა დე მარი ნაკლებად აქტიური რეგიონია, აქ შეგიძლიათ ეწვიოთ ქალაქის მუზეუმს, სადაც წარდგენილია შაგალის რამოდენიმე ნამუშევარი და რომაული მოზაიკის საოცარი ნიმუშები.
კალელია დე პალაფრუჟელი
თუ მშვიდ ადგილს ეძებთ, სადაც შეგიძლიათ ტურისტების ნაკადისაგან შექმნილ ქაოსს მოწყდეთ და უბრალოდ დაისვენოთ ზღვაზე, კალელია დე პალაფრუჟელი ზუსტად თქვენთვისაა. განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის, დასვენება კალელიაში შესაძლოა ზედმეტად მონოტონური იყოს. აქ გართობის არჩევანი დიდი არ არის: დასვენება ზღვაზე, სპორტი და გასეირნება ქალაქში, საღამოს კი მყუდრო გარემო მეთევზეების პატარა რესტორანში.
ტამარიუ
კიდევ ერთი ადგილი სიმშვიდის მოყვარულთათვის ციცქნა კურორტი ტამარიუა. ის სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით ნაკლებად ცნობილია, მაგრამ ზუსტად მის ხელუხლებელ ცივილიზაციაში შენახულია ტამარიუს მოკრძალებული მშვენიერების საიდუმლო. აქ სულ რამოდენიმე მეთევზეების სახლი და ვილაა, გასართობად კი მოგიწევთ სამეზობლო ქალაქებში გამგზავრება, კალელიაში ან ლიაფრანკში. აქ არ მდებარეობს მდიდრული სასტუმროები, მათ მაგივრად – პატარა, მაგრამ მყუდრო და ბიუჯეტური გესთ ჰაუსებია. ზუსტად ეს არის ტამარიუს დიდი პლიუსი: კვება და განთავსება საკმაოდ იაფი დაგიჯდებათ, თუ ბედნიერებისათვის მხოლოდ მზე, ზღვა და ლამაზი პეიზაჟები გჭირდებათ.
ლიაფრანკი
თუ ოქროს შუალედის დაჭერა გსურთ აქტიურ დასვენებასა და განმარტოებას შორის, მაშინ თქვენთვის იდეალური ვარიანტია ლიაფრანკი, განსაკუთრებით ბავშვებთან ერთად მოგზაურობის დროს. ამ საყვარელ ქალაქში გათვალისწინებულია იდეალური ბალანსი გართობასა და სიმშვიდეს შორის, რაც უამრავ ტურისტს იზიდავს, მათ შორის ცნობილ მოღვაწეებსაც: ლიაფრანკი სალვადორ დალის ერთ-ერთი საყვარელი კურორტი იყო, და ბრიტანელი მწერალი ტომ შარპი კი აქ თვეებით ცხოვრობდა. რესტორნების კარგი არჩევანი საშუალებას მოგცემთ ყოველ ჯერზე აღმოაჩინოთ ადგილობრივი სამზარეულოს საოცარი კერძები, ვახშამის შემდეგ კი დატკბეთ დაისით ღვინით ხელში რომელიმე სანაპიროზე მდებარე ბარიდან.
კადაკესი
კადაკესს ხშირად კოსტა-ბრავას მარგალიტს ეძახიან. თავის დროზე ეს ქალაქი ესპანეთის სამხატვრო დედაქალაქად იყო წოდებული, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი ესპანელები პიკასო, დალი, მატისი, ბუატელი, შაგალი და მრავალი სხვა. კადაკესმა შეინარჩუნა თავისი მშვენიერება და ბოჰემური ატმოსფერო და დღემდე იზიდავს ხელოვნების მოყვარულ ტურისტებს, ვისთვისაც მზეზე დასვენება და ზღვაში ბანაობა მეორეხარისხოვანია, პირველ რიგში კი საინტერესო სამხატვრო გალერეებში გასეირნებაა, სამრეწველო ბაზრებში ხეტიალი და ქალაქის მშვიდი ცხოვრებით ტკბობა.