ჰვარი მშვიდი კუნძულია ადრიატიკის ზღვაში და ხორვატიაში მოსანახულებლად მესამე საუკეთესო ადგილია, სპლიტის და დუბროვნიკის შემდეგ. ჩვენი რჩევების მიხედვით აქ იდეალურ მოგზაურობას დაგეგმავთ: იცურავებთ კრისტალივით სუფთა წყალში, დაისვენებთ ფოტოგენურ სანაპიროებზე, გაისეირნებთ მშვიდ ქუჩებში. მოკლედ, საუკეთესო აქტივობებს გირჩევთ:
ადით ფორტიკას ციხესიმაგრეზე
ჰვარი პატარა, მომხიბვლელი ქალაქია ლამაზი სანაპირო ზოლით. თუ ფორტიკას ციხესიმაგრეზე ახვალთ ამაში ზედხედიდან დარწმუნდებით. მაღლიდან გარშემო არსებული კუნძულებიც მოსჩანს. ეს ისტორიული ციხესიმაგრე ვენეციელებმა მე-16 საუკუნეში ააგეს რათა კუნძული მტრისგან დაეცვათ. ის ჰვარის ძველ ქალაქში მთაზე მდებარეობს. იქ მოსახვედრად ძველი ქალაქიდან დაახლოებით 20 წუთში ახვალთ. გირჩევთ რომ იქ დილით ადრევე ახვიდეთ, ხალხმრავლობამდე. ციხესიმაგრე ღიაა დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე და შესვლის ღირებულებაა 10 ევრო. ეზოს, გადმოსახედს და ღია მოსასვენებელ სივრცეს უფასოდ მოინახულებთ.
დააფასეთ წმ. სტეფანის კათედრალის სილამაზე
ეწვიეთ ამ ისტორიულ ღირსშესანიშნაობას ჰვარის შუაგულში. ის მე-16 საუკუნეში ააგეს. კათედრალი რენესანსის და ბაროკოს არქიტექტურის უნიკალური შერწყმაა და სიმაღლეში 54 მეტრს აღწევს. შესასვლელად 2 ევრო დაგჭირდებათ. თუ ქრისტიანული ხელოვნება გაინტერესებთ, ინტერიერიც მოგხიბლავთ. სხვა შემთხვევაში დატკბით მისი ექსტერიერით ამავე წმინდანის სახელობის ქვაფენილიან მოედანზე შუასაუკუნოვანი სახლებით.
აღმოაჩინეთ ჰვარის პორტი
ჰვარში ყოფნისას აუცილებლად უნდა გაისეირნოთ მის პორტში, სადაც წყნარი ბულვარია პალმის ხეებით და ელეგანტური ვენეციური სტილის შენობებით. აქ ყველანაირ მაღაზიას და რესტორანს აღმოაჩენთ. ბულვარს ბევრი ვიწრო, დასათვალიერებლად ულამაზესი ქუჩა უერთდება. აქ ყველა კუთხეში რაღაც ახალი შეგრძნებები გელოდებათ.
მოინახულეთ ფრანცისკანური მონასტერი
ბულვარში სეირნობისას ჰვარის კიდევ ერთ გამორჩეულ ძეგლს გადააწყდებით. Franciscan Monastery – მე-15 საუკუნით თარიღდება და გოთიკისა და რენესანსის შერწყმას წარმოადგენს. გამორჩეულია მისი მშვიდი მწვანე ეზო 300 წლიანი დაწოლილი კვიპაროსით, რომელიც ჩრდილიან სივრცეს ქმნის. თავად ტაძარი რელიგიური ხელოვნების, იშვიათი წიგნების და ისტორიული დოკუმენტების კოლექციებია დაცული. მონასტერი ღიაა დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე. თუმცა შუადღის 3 საათიდან 5 საათამდე დაკეტილია. ის არ ფუნქციონირებს კვირა დღეს. ეზოში შესვლა უფასოა, მუზეუმის ბილეთი კი 3 ევრო ღირს.
იცურავეთ კრისტალივით სუფთა წყალში
ჰვარში ჩასვლისას თვალში მოგხვდებათ იქაური საოცრად სუფთა წყალი. მის კრისტალივით გამჭვირვალე ზღვაში აუცილებლად უნდა იცურაოთ. ჰვარში რამდენიმე სანაპიროა. ქალაქის პორტთან მდებარეობს კრიზას სანაპირო, ფრანცისკანური მონასტრის სიახლოვეს. სხვა უფრო დიდი სანაპიროებია: Bonj Beach და Hvar Ranta.
ეწვიეთ ლურჯ გამოქვაბულს
თუ ჰვარიდან ერთდღიან ტურს გეგმავთ, ორგანიზებულ ნავის ტურს შეუერთდით ლურჯ გამოქვაბულამდე. ჰვარის პორტიდან ის რავნის კუნძულისკენ წაგიყვანთ და ცნობილ ლურჯ გამოქვაბულს განახებთ. აქ სხვა მალული გამოქვაბულებიცაა შთამბეჭდავი კლდეებით და სასიამოვნო საცურაო ადგილებით. მთელი ტური 7 საათს გრძელდება და 1 კაცის საფასური 90 ევროა.
გაცურეთ პაკლენის კუნძულებზე
Pakleni Islands – ულამაზესი არქიპელაგია, რომელიც 16 კუნძულს აერთიანებს. ორგანიზებული ტურები აქაც აქტიურად ეწყობა. ეს ულამაზესი არეალი ვარში ყოფნის ერთ დღეს სასიამოვნოდ შეგივსებთ.
როგორ მოვხვდეთ ჰვარში? ჯერ უნდა მოხვდეთ ქალაქ სპლიტში და ამ კუნძულამდე ნავს უნდა გაყვეთ. დღის მანძილზე ნავების 4 რეისი კეთდება: 9:15-დან 19:15-მდე. გზას საშუალოდ 1 საათი სჭირდება და მისი საფასურია 20 ევრო. ნავი ჰვარის პორტში ჩაგიყვანთ.