ჩვენ უკვე გაგაცანით ნეაპოლის, ფლორენციის, რომის და ამსტერდამის გამორჩეული და განსხვავებული სტილის მაღაზიები. ახლა კი კატალონიის ცოცხალ დედაქალაქში გეპატიჟებით, სადაც ბევრი ტურისტი სპეციალურად სავაჭროდაც კი ჩადის.

ვინტაჟური სამოსის მაღაზია

Holala! Plaza

ბარსელონა ცნობილია ვინტაჟური დიზაინით და სამოსით. ელ რავალი (El Raval) ამ მხრივ მთავარი ჰაბია. ამ პლაზაში სამოსი ფლი მარკეტებიდან, ქსოვილის ქარხნებიდან და მთელი მსოფლიოს მაღაზიებიდან ხვდება. ჰოლალა პლაზა კასტელას მოედანს გადმოჰყურებს და სახალისო ინტერიერით გამოირჩევა.

მისამართი: Carrer De Valldonzella, 2

ბარსელონას საკვები ბაზარი

Mercat de Sant Antoni

2018 წელს მე-19 საუკუნეში გახსნილი ბაზრობა განახლებული სიცოცხლით გაიხსნა. სეირნობისას შეამჩნევთ ძველ ანტიკურ კედლებსაც. აქ ახალი ჯანსაღი პროდუქცია იყიდება: კატალონური ყველი, თევზი, ჯემები… აქ ნახავთ ისეთ კაფე-რესტორნებსაც, რომლებიც კასა ბლანკას მოგაგონებენ.

მისამართი: Carrer Del Comte D’urgell, 1

ხელნაკეთობები/სუვენირები

Grey Street

აქ მცირე, საშუალო და დიდი ბრენდების ნაწარმის მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ. პროდუქცია ხელნაკეთი, ნატურალურად სუფთა, ეკო-მეგობრულობაზე ორიენტირებული და ვეგანურია. მაღაზიას სახელი მისმა დამაარსებელმა მშობლების საპატივცემულოდ დაარქვა, რომლებიც ამ დასახელების ქუჩაზე ცხოვრობდნენ. დაათვალიერეთ კერამიკის ჭურჭელი, სახლის ნივთები, ტაროს კარტები, ფერადი საყურეები თუ ეთერზეთები.

მისამართი: Carrer Del Peu De La Creu, 25

ადგილობრივი წარმოების ესპადრილები

La Manual Alpargatera

ანტიკური უბნის გულში ეს არაჩვეულებრივი ხელნაკეთი ესპადრილების მაღაზია მდებარეობს, ტიპური კატალონიური ატმოსფეროთი. მოდის სამყაროში ამ ესპანურმა ფეხსაცმელებმა დიდი როლი ითამაშეს. მას ატარებდნენ პენელოპა კრუზი, რალფ ლორენი თუ სალვადორ დალი. თითოეული წყვილი ფეხსაცმელი ტრადიციული ტექნიკით მზადდება. აქ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ვორქშოფშიც.

მისამართი: Carrer D’Avinyo, 7

წიგნების მაღაზია

Llibreria Finestres

წიგნების ეს მაღაზია ბარსელონას გამორჩეული ადგილია. კრეატიული ინტერიერის და წიგნების მრავალფეროვანი კოლექციების წყალობით ამ მაღაზიამ ქალაქში ტოპ საგანმანათლებლო მაღაზიის წოდებაც კი მოიპოვა.

მისამართი: De la Diputacio, 249