ნეაპოლში ვაჭრობაც კი ხელოვნებაა. დახლებთან გაიგებთ მხიარულ იტალიურ სიმღერებს და შენიშნავთ ფერად დეკორაციებს. როგორც უდიდესი ხმელთაშუაზღვიური საპორტო ქალაქი, აქ 3000 წელია რაც ვაჭრობა მუდამ დღის წესრიგშია. ნეაპოლში ყველაფერს შეიძენთ, რაზეც კი გიოცნებიათ. გაიარეთ ქუჩის დახლებთან, მაღაზიებში, სახელოსნოებში და შოპინგ მოლებში. ჩვენ ნამდვილი ნეაპოლიტანური გამოცდილებისთვის საუკეთესო ადგილებს გირჩევთ.

საუკეთესო სუვენირებისთვის: Di Virgilio

ნეაპოლიდან თუ რაიმე უნდა წაიღოთ, ის აუცილებლად ისტორიულ სავაჭრო გამზირზე: San Gregorio Armeno-ზე უნდა შეარჩიოთ. ვირჯილოს მაღაზია წარმოგვიდგენს ხელნაკეთ ფიგურებს, რომლებიც სხვადასხვა ისტორიულ სცენას ან პერსონაჟს განასახიერებენ. ეს უნიკალური სახელოსნო აუცილებლად გაგაოცებთ. ფიგურების ზომები და ფასები განსხვავებულია.

საუკეთესო ადგილობრივი დიზაინისთვის: Maison Cilento

ნეაპოლი ცნობილია დიზაინის სახლებით. ფოტოგენურ ვილა კომუნალეს პარკთან კილენტოს მაღაზიას აღმოაჩენთ, რომელიც იტალიის უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდის სახლია. აქ სამოსს და სხვადასხვა აქსესუარებს მე-18 საუკუნიდან მოყოლებული წარმოგვიდგენენ. ამ ბუტიკში შესვლისას თავი ცოცხალ ისტორიის მუზეუმში გეგონებათ უნიკალური ნივთებით.

საუკეთესო ვინტაჟისთვის: Retrophilia

ვინტაჟური და მეორადი ნივთები პოპულარულია აქვე მდებარე უნივერსიტეტის სტუდენტებში. რეტროფილიაში მათ უყვართ ავთენტური და რეტრო სამოსი და აქსესუარები. ორ სართულზე განაწილებული მაღაზია იშვიათ პროდუქციას წარმოგვიდგენს, მათ შორის ვინტაჟურ საფეხბურთო მაისურებს, ტყავის ჟაკეტებს, აბრეშუმის კაბებს… შესაძლოა აღმოაჩინოთ ფენდის და მოსკინოს ნივთებიც.

საუკეთესო საკვებისთვის: Gay Odin

ნეაპოლი გურმანების ქალაქია. ის ითვლება ადგილად, სადაც პიცა გამოიგონეს და ამიტომაც აქ უამრავი სახეობის პიცას დააგემოვნებთ. გეი ოდინი ისტორიული ნეაპოლიტანური შოკოლადის ქარხანაა, რომელიც მე-19 საუკუნეში დაარსდა და ყველანაირი ფორმის შოკოლადს გვთავაზობს. აქ ნახავთ ანტიკურ ავეჯს და შოკოლადის სკულპტურებს. საავტორო შოკოლადის ღირებულებაა, 100 გრ. 7 ევრო.

საუკეთესო წიგნებისთვის: Colonnese

არ წამოხვიდეთ ნეაპოლიდან ქალაქის უძველესი წიგნის მაღაზიის სტუმრობის გარეშე. პიაცა ბელინისთან მდებარე ეს მაღაზია წიგნებს სხვადასხვა ენაზე აერთიანებს, მათ შორის უძველეს გამოცემებს. ნახავთ ტაროს კარტებსაც და ვინტაჟურ მისალოც ბარათებსაც.