ათენიდან ნავით სულ რაღაც 40 წუთის სავალ გზაზე მდებარე აეგინა მშვიდ ბერძნულ სანაპირო დასვენებას გთავაზობთ. ათენი მომხიბვლელი, კულტურითა და ისტორიული ძეგლებით მდიდარი ქალაქია. მაგრამ ის ასევე ძალიან ხმაურიანი, გადატვირთული და ხანდახან დამღლელიცაა. ამიტომ, ნამდვილი ბედნიერებაა, რომ მის მახლობლად, სულამაზესი და სტრესისგან თავისუფალი კუნძული, აეგინა მდებარეობს.

ბორნები აეგინას მიმართულებით მთელი დღის განმავლობაში გადიან პირეასის პორტიდან, რომელიც ათენის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში მდებარეობს. პირველი სიურპრიზი, რომელსაც ბორნის გემბანიდან კუნძულის გამოჩენისას დაინახავთ, აქაური ხელუხლებელი ბუნება და განუვითარებელი ინფრასტრუქტურაა.

მისი სილამაზისა და გიგანტურ ქალაქთან სიახლოვის გათვალისწინებით, აეგინა სულაც არაა გადატვირთული უზარმაზარი კურორტებითა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებით. ამის ნაცვლად, აქ მეჩხერად დასახლებული სანაპირო ზოლია, აქა-იქ მხოლოდ პატარა, მყუდრო სოფლებით. თვით ქალაქი აეგინაც კი, რომელიც კუნძულის მთავარი ცენტრია, საოცრად მოკრძალებული და მშვიდია. ეს დაბალსართულიანი შენობებით სავსე დასახლება შესაძლოა კუნძულ აეგინას ყველაზე კოსმოპოლიტური ნაწილი იყოს, თუმცა აქ გადატვირთული ტურისტული ატმოსფერო მაინც საერთოდ არ იგრძნობა.

აღსანიშნავია, რომ აქ დეკემბერიც მზიანი და თბილია. მას არასოდეს აწყდება ტურისტების ისეთი უზარმაზარი ტალღა, როგორიც ისეთ ცნობილ კუნძულებზე იჩენს თავს, როგორებიცაა სანტორინი, მიკონოსი და კორფუ. იგი იდეალური ზომისაა მანქანით ან მოტოციკლით გამოსაკვლევად; ორივე მათგანის დაქირავება ძალიან მარტივადაა შესაძლებელი ქალაქ აეგინას ნავსადგურთან.

რას გააკეთებთ აეგინაზე:

1. გაისეირნეთ ქალაქ აეგინაში

კუნძულის მთავარი ღირსშესანიშნაობა უდავოდ მისი თვალწარმტაცი დედაქალაქის ქუჩებში გასეირნებაა! ქალაქი მოფენილია მკვეთრი ფერებით შეღებილი ნეოკლასიკური შენობებით. ის ნამდვილად აღგაფრთოვანებთ თავისი ვიწრო ხეივნებით, ლამაზი მოედნებითა და მყუდრო ნავსადგურით. ესტუმრეთ მუზეუმებს ან უბრალოდ ჩამოჯექით და განიტვირთეთ მის მიმზიდველ კაფეებსა და ტავერნებში, სადაც დააგემოვნებთ ადგილობრივ უგემრიელეს კერძებს და შეიგრძნობთ იმ უნიკალურ ატმოსფეროს, რომელსაც ქმნის ისეთი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა მაგალითად, აპოლოს საყდარი. გაისეირნეთ სანაპირო ხეივანზე იმ შუქურის მიმართულებით, რომელიც ერთ-ერთი უძველესი შუქურაა საბერძნეთში და დატკბით საოცარი მზის ჩასვლით.

2. ეწვიეთ ანტიკურ ათენა აპაიას საყდარს

მთის წვერზე მდებარე ეს ნაგებობა ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი არქიტექტურული საოცრებაა. ქალღმერთ აპაიასადმი მიძღვნილი, თუმცა მოგვიანებით ათენას კულტთან ასოცირებული ეს ტაძარი ამაყობს დიდებული ფრესკებით, რომლებზეც გამოსახულია აეგინას გმირების ბრძოლის სცენები ტროას პირველი და მეორე ომების დროს. ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ იხილოთ გათხრების შედეგად აღმოჩენილი კიდევ უფრო მეტი არტეფაქტი და ქანდაკება.

3. იცურავეთ კამკამა წყალში

ეგინაზე ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, მისი პლაჟებია თავისი სუფთა, გამჭვირვალე და ლაჟვარდოვანი წყლებით. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა პატარა ზომისაა, ისინი კეთილმოწყობილია და აღჭურვილია ყველა საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურით. სუვალას პლაჟი, თავისი სამკურნალო ცხელი და ცივი წყაროებით, ნამდვილად გამორჩეულია, ისევე როგორც აგია მარინას პლაჟი, რომელიც იდეალურ პირობებს ქმნის სხვადასხვა წყლის სპორტისთვის, და მარათონის პლაჟი თავისი თვალწარმტაცი და მომხიბვლელი ბუნებრივი სილამაზით. სანაპირო ზოლის გასწვრივ ასევე იპოვით სხვა მშვენიერ, განმარტოებულ ყურეებსა და ხელუხლებელ პლაჟებს მშვიდი და სასიამოვნო ცურვისთვის.

4. დააგემოვნეთ ფსტა სხვადასხვა დელიკატესში

ფსტის მოყვანას კუნძულ ეგინაზე მრავალწლიანი ტრადიცია აქვს! თავისი მდიდარი გემოთი და არომატით ცნობილი ეგინას ფსტა კუნძულის ნამდვილი საფირმო ნიშანია და ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა მთელ მსოფლიოში! აქ აღმოაჩენთ ფსტის ბაზაზე დამზადებულ უნიკალურ პროდუქტებს, როგორიცაა ფსტის კარაქი, პრალინე ან პასტა; ტრადიციული პასტელი სეზამით, ფსტითა და თაფლით; ასევე ჯემებს, მარციპანს, სიროფიან ტკბილეულს და უამრავ სხვა მადისაღმძვრელ დელიკატესს, წვენებსა და ლიქიორებს.

5. გასინჯეთ ახალი თევზი ადგილობრივ ბისტროებში

ამბობენ, რომ ბედნიერებისკენ მიმავალი საუკეთესო გზა კუჭზე გადის. ასე რომ, რატომ არ უნდა დააგემოვნოთ კუნძულის ახალი თევზი და ზღვის პროდუქტების კერძები ერთ ჭიქა ციპუროსთან ან უზოსთან ერთად, თან კი ზღვის საოცარი ხედებით დატკბეთ?

6. უყურეთ ფილმს ღია ცის ქვეშ

ფილმის ყურება ღია ცის ქვეშ კინოთეატრში ერთ-ერთი საუკეთესო რამ არის, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ არა მხოლოდ ეგინაზე, არამედ ზოგადად საბერძნეთში! საზაფხულო კინოთეატრები ბერძნების ერთ-ერთი საყვარელი საზაფხულო გასართობია, რადგან ეს სივრცეები ღიაა და ისეა მოწყობილი, რომ ჩვენება ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ და სასიამოვნო გარემოში მიმდინარეობს. კერძოდ, კუნძულზე არის ორი საზაფხულო კინოთეატრი, ანესისი და აქროგიალი, და ორივე მათგანი ქალაქ ეგინაში მდებარეობს.

7. ეწვიეთ აგიოს ნექტარიოსის მონასტერს

1900-იანი წლების დასაწყისში დაარსებული ეს მონასტერი ეგინას უმნიშვნელოვანესი რელიგიური ძეგლი და კუნძულის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ადგილია. აგიოს ნექტარიოსის მონასტერი ასევე საბერძნეთის ერთ-ერთ უდიდეს მონასტრად ითვლება, ხოლო მისი ტაძარი ბალკანეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ეკლესიაა. ტაძრის შიგნით, ორ პატარა სამლოცველოში, დასვენებულია წმინდა ნექტარიოსის მავზოლეუმი და წმინდა ნაწილები, რომელიც ცნობილი იყო თავისი სასწაულებითა და განკურნების უნარით.

8. შეიძინეთ კერამიკა ადგილობრივი არტისტებისგან

უძველესი დროიდან მოყოლებული, ეგინა განთქმულია თავისი მექოთნეებით. ასე რომ, ხელიდან არ გაუშვათ ეს უნიკალური შესაძლებლობა, ეწვიოთ მათ სახელოსნოებს და აღფრთოვანდეთ დიდი ესთეტიკური ღირებულების მქონე, ოსტატურად დამზადებული უამრავი ნივთით – დაწყებული სამზარეულოს აქსესუარებიდან, დამთავრებული სასანთლეებითა და სხვა დეკორაციებით. შეიძინეთ ულამაზესი სუვენირები ან თუნდაც თავად დაესწარით კერამიკის გაკვეთილს.

9. გაისეირნეთ სალაშქრო ბილიკებით

ისტორიით, კულტურითა და ხელუხლებელი ბუნებით მდიდარი ეგინა ამაყობს რამდენიმე საფეხმავლო მარშრუტით, რომელთა საერთო სიგრძე 45 კილომეტრია. ეს ბილიკები გაგიყვანთ განსაცვიფრებელ პეიზაჟებთან, საიდანაც თვალწარმტაცი ხედები იშლება, და მოგცემთ უნიკალურ შანსს, მოინახულოთ კუნძულის ნაკლებად ცნობილი, თუმცა არანაკლებ საინტერესო ადგილები. სულ შემოთავაზებულია დაახლოებით 10 სხვადასხვა მარტივი ან საშუალო სირთულის მარშრუტი. ზოგიერთი საუკეთესო საფეხმავლო გზა მოიცავს მარშრუტს ჰელანიონის მთის გარშემო, სადაც ოდესღაც ჰელანიოს ზევსის ტაძარი იდგა; ბილიკს ელეონასისკენ – უძველესი ზეითუნის ხის კორომისკენ თავისი დიდებული, საუკუნოვანი ხეებით; 1.2 კილომეტრიან წრიულ გზას პალეოხორას მიტოვებულ ციხე-ქალაქამდე და, რა თქმა უნდა, ბილიკს აფაიას ტაძრისკენ. ყოველ ორ ან სამ კვირაში ერთხელ, ეგინას აქტიურ მოქალაქეთა ასოციაცია კუნძულზე უფასო საფეხმავლო ტურსაც სთავაზობს მსურველებს მეგზურის თანხლებით.