კვიპროსის სამხრეთი ცნობილია არქეოლოგიური საოცრებებით, ხმელთაშუაზღვის კამკამა წყლით და ტრადიციული ნაწარმით. ჩვენ პაფოსისა და ლიმასოლის მოსანახულებლად 1 იდეალურ დღეს დაგიგემავთ.

დილა

ეწვიეთ მეფეების სამარხებს

გამოიკვლიეთ კუნძულის დიადი მემკვიდრეობა და იუნესკოს ძეგლად აღიარებული ანტიკური სამარხები. მიწისქვეშა საფლავები და ოთახები რომაული პერიოდიდანაა. აქ ვიზიტი დროის დათმობას ნამდვილად იმსახურებს.

გაისეირნეთ პაფოსის სოფლებში

პაფოსის რაიონი რამდენიმე სოფელს მოიცავს და შესაძლოა ვერც კი გაანალიზოთ როდის ცვლის ერთი სოფელი მეორეს. მოინახულეთ კათიკასი, კისონერგა და პეია. გაესაუბრეთ ადგილობრივებს. კათიკასი ცნობილია ტავერნებით, სადაც გემრიელ ტრადიციულ საკვებს დააგემოვნებთ.

შუადღე

დაისვენეთ აფროდიტას ქვასთან

წადით ლიმასოლისკენ და აფროდიტას ქვაც შემოგეგებებათ. ისიამოვნეთ ამ შთამბეჭდავი ლოკაციით, ადგილით, სადაც ლეგენდის თანახმად, სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთი დაიბადა. შეგიძლიათ ხედით შორიდან დატკბეთ  ან კიბეებით მასთან ჩახვიდეთ და ვიწრო გვირაბით სანაპიროზეც აღმოჩნდებით.

ესტუმრეთ კოურიონის არქეოლოგიურ ნაშთებს

კვიპროსის ყველაზე ცნობილი არქეოლოგიური ნასახლარი პაფოსსა და ლიმასოლს შორის მდებარეობს. ეს ერთ დროს მნიშვნელოვანი ქალაქ-სახელმწიფო იყო და ნეოლითური პერიოდით თარიღდება. ნანგრევები ვრცელ არეალზეა შემონახული. სრული სურათის აღსაქმელად, ეწვიეთ ვიზიტორთა ცენტრს და კოურიონის აღდგენილ მოდელს დააკვირდით. რომაული თეატრი ცენტრალური ფიგურაა, სადაც დღეს კონცერტები და თეატრალური წარმოდგენებიც ტარდება. აქ გატარებული მზის ჩასვლის პერიოდები განსაკუთრებით დაუვიწყარია.

გაისეირნეთ ძველი ლიმასოლის წვრილ ქუჩებში

ლიმასოლში ყოფნისას, ქალაქი ფეხით აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ. საუკეთესო უბანი ძველი ქალაქია, ფოტოგენური და შთამბეჭდავი თავისი ნეოკლასიკური შენობებით. მათ შორისაა ულამაზესი მუნიციპალური ბიბლიოთეკა. შუასაუკუნეების კოშკურაში ასასვლელად ბილეთის შეძენაა საჭირო. დააკვირდით ქალაქის კედლებს, რომლებიც დღეს ბრწყინვალე ქუჩის ხელოვნებითაა მორთული.

საღამო

ივახშმეთ გმირთა მოედანზე

დარჩით ძველ ქალაქში. გმირთა მოედანზე ბევრი სავახშმო ადგილია, სადაც განიტვირთებით. დააყოლეთ კერძს ადგილობრივი ღვინო. ლიმასოლი ცნობილია როგორც კვიპროსის ღვინის დედაქალაქი და მისი სოფლები სავსეა ვენახებით.

დაასრულეთ დღე კოქტეილით

ვახშმის შემდეგ, ლიმასოლის ბარებში გადაინაცვლეთ, სადაც ღამის ცხოვრების ატმოსფეროს შეიგრძნობთ. ჩვენ Library Bar-ს გირჩევთ განათებული მწვანე ბაღით და გემრიელი ჯინის კოქტეილებით. მეტი ხმაურისთვის კი Sousami-ს, ფერად ბარს, სადაც ადგილობრივი და უცხოელი დიჯეები ხშირად უკრავენ.