მსოფლიო დონის მუზეუმებით და გალერეებით დაწყებული, ლამაზი ბაღებით დასრულებული, ევროპაში ყველაზე გლამურული შოპინგითა და მდინარის ბულვარით ცნობილი დიუსელდორფი, ნამდვილად გაოცებულს დაგტოვებთ. გერმანიის ამ ქალაქში თუ მხოლოდ უიქენდის გატარებას გეგმავთ, ჩვენ საუკეთესო 48 საათს დაგიგემავთ.

დღე 1

დილა

გამოიკვლიეთ ქალაქის ძველი ნაწილი

მიირთვის გემრიელი საუზმე და დაიწყეთ დასამახსოვრებელი დღის შექმნა. ალტშტადი (ძველი ქალაქი) და ბურგპლაცი (ალტშტადის მეზობელი უბანი) საუკეთესო ადგილებია ქალაქის დასათვალიერებლად. აქ ვიზიტორებს შეუძლიათ დატკბნენ ლამაზი არქიტექტურით, რომელიც საუკუნოვანმა ისტორიამ გამოკვეთა, საზღვაო მუზეუმით, წმ. ლამბერტუსის ეკლესიით და ცნობილი შადრევნით (Radschlägerbrunnen). არ გამოტოვოთ არც Kunstsammlung-ის მუზეუმი – თანამედროვე ხელოვნების გასაოცარი კოლექციებით.

იხილეთ ქალაქის სხვა მხარე კრუიზით მდინარე რაინზე – შეუერთდით რომელიმე წყლის ტურს რათა დაათვალიეროთ დიუსელდორფი სხვა პერსპექტივიდანაც. პატარა პანორამული ნავის კრუიზები 45 წუთიდან 60 წუთამდე გრძელდება.

შუადღე

დაათვალიერეთ დიუსელდორფი რაინთარმიდან

240 მ. სიმაღლის Rheinturm – დიუსელდორფის სატელეკომუნიკაციო კოშკია, რომელიც ქალაქზე განსხვავებულ ხედს გვთავაზობს. შეგიძლიათ მიირთვათ ლანჩი იქვე მდებარე რესტორანში.

დატკბით მედიენჰაფენის არქიტექტურით

MedienHafen-ის არეალი თანამედროვე და ფუტურისტულ არქიტექტურას მოიცავს, მკაფიო კონტრასტს ისტორიულ ძველ ქალაქთან. არქიტექტორებს თავისუფალი გასაქანი მისცეს, რათა დიუსელდორფის ძველი ნავსადგური ქალაქის ყველაზე თანამედროვე ნაწილად ექციათ და ამავდროულად ქალაქის ძველებული შარმი შეენარჩუნებინათ.

შეივსეთ ენერგიით ჰოფგართენში

Hofgarten – უძველესი საჯარო პარკია დიუსელდორფში – მშვიდი სამოთხე, სადაც შეგიძლიათ ამოისუნთქოთ და ენერგიით შეივსოთ. არ გამოგრჩეთ მე-17 საუკუნის მუზეუმი: Schloss Jägerhof, რომელიც ლეგენდარული პოეტის, გოეთეს ნამუშევრების კოლექციას და ცხოვრებისეულ არტეფაქტებს გვთავაზობს.

საღამო

იშოპინგეთ გლამურულ კონიგსალში

ქუჩამ სახელწოდებით – Königsallee, დიუსელდორფი საერთაშორისო მოდის რუკაზე მონიშნა. აქ ბევრ მაღალი მოდის ბრენდს და მდიდრულ ბუტიკს აღმოაჩენთ. ამასთან, კონიგსალი მწვანე არეალია – ქუჩას მდინარის მწვანე არხი მიუყვება, რაც აქ სეირნობას განსაკუთრებით სასიამოვნოს ხდის.

ღამე

იცეკვეთ!

გვიან საღამოს, დაბრუნდით ალტშტადში. ამ დროს ეს უბანი სხვა სიცოცხლით ფეთქდება და თავს ზღაპრულ გარემოში გაგრძნობინებთ. აქ ბევრი რესტორანია სავახშმოდ. კლუბის მოყვარულებს კი გაგახარებთ, რომ დიუსელდორფში ღამის ცხოვრება ყვავის და არჩევანი ნამდვილად გაქვთ. ჩვენ Salon des Amateurs-ს გირჩევთ.

დღე 2

დილა

ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი და გაისეირნეთ ნორდპარკში

მორიგი გემრიელი გერმანული საუზმის შემდეგ, წადით ნორდპარკში, დიუსელდორფის მწვანე ფილტვებში. ლამაზ ბილიკებზე ფეხით და ველოსიპედებით შეგიძლიათ სეირნობა. პარკში ბევრი თემატური ბაღია. ყველაზე პოპულარული იაპონური ბაღებია, ტრადიციული გაფორმებით. დიუსელდორფს იმდენად მჭიდრო კავშირი აქვს იაპონურ კომპანიებთან, რომ მას პატარა ტოკიოსაც კი უწოდებენ მდინარე რაინზე.

ისიამოვნეთ კანსტპალასის მუზეუმით

Museum Kunstpalas სახვითი ხელოვნების მდიდრულ კოლექციებს წარმოგვიდგენს მთელი მსოფლიოდან. აქ ინახება ფერწერული ტილოები, სკულპტურები, ფოტოები და სხვ. ასევე, ევროპის ერთ-ერთი უნიკალური შუშის კოლექცია. მუზეუმში დრო ისე სწრაფად გავა, რომ ვერც გაიგებთ. იცოდეთ, რომ კანსტპალასი ორშაბათობით დაკეტილია. ახლა კი ლანჩის დროა! მუზეუმს პატარა კაფე აქვს, თუმცა შეგიძლიათ მის ახლომახლო წაიხემსოთ.

შუადღე

გამოიკვლიეთ იაპონია დიუსელდორფში

გააგრძელეთ დღე ეკო-ჰაუს კულტურის ცენტრის მონახულებით, რომელიც მუზეუმიდან 4 კილომეტრში მდებარეობს. აქ იაპონურ კულტურას დააკვირდებით. გზად, დიუსელდორფის გამორჩეულ ძეგლს, ობერკასელერის ხიდს გაივლით. EKŌ-Haus წიგნიდან გადმოსულ ნახატს მოგაგონებთ თავისი პატარა ხიდებით და მშვიდი ბუდისტური საყდრით. განსაკუთრებით შთამბეჭდავია გაზაფხულზე, საკურას ყვავილობისას. იაპონური კულტურის ცენტრიც ორშაბათობითაა დაკეტილი.

იხილეთ ბაროკო ბენრატის სასახლეში

Benrath Palace – ქალაქის ცენტრიდან მოშორებითაა, თუმცა დიუსელდორფში სტუმრობისას არც ის უნდა გამოტოვოთ. ეს მე-18 საუკუნეში აშენებული ბაროკოს ხელოვნების ნიმუში, ბავარიის პრინც, კარლ თეოდორის ყოფილი სახლი იყო. აქ იხილავთ მე-18 საუკუნის ავეჯს და ნივთებს. აქ ასევე დაგხვდებათ ბაღის ხელოვნების მუზეუმი ღია კაფეთი. ესენიც ორშაბათობით ისვენებენ.

დატკბით ქუჩის ხელოვნებით

Kiefernstraße – თუ გრაფიტის ხელოვნებას აფასებთ, ამ ქუჩას უნდა ეწვიოთ. უნიჭიერესმა არტისტებმა ჩვეულებრივი ქუჩა ფერად სამოთხედ აქციეს, ნახატებით, გეომეტრიული ფიგურებით და პრინტებით.

საღამო

დააგემოვნეთ რაიმე გემრიელი საჭმელი ალტშტადში. ამბობენ, რომ დიუსელდორფის ამ უბანში საუკეთესო ბურგერებს ამზადებენ. დაასრულეთ დიუსელდორფის ტური ქალაქის ტრადიციული, გერმანული სტილის ყავისფერი ლუდით. ალტშტადტში ბევრი ლუდსახარში და ბარია.