მთების საოცარი ლანდშაფტი, ანტიკური არქიტექტურა, სათხილამურო კუროტები – არაა გასაკვირი, რომ ავსტრიაში ბევრი ლამაზი ქალაქი და სოფელია. არ აქვს მნიშვნელობა ერთი დღით დაგეგმავთ ვენიდან გასვლას თუ პირდაპირ ქვეყნის სხვა მხარეს იხილავთ, ჩვენ აქ ყველაზე ლამაზ დასახლებებს გირჩევთ.
ზალცბურგი/Salzburg
ეს სია ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქით უნდა დავიწყოთ. ზალცბურგს 12 საუკუნოვანი ისტორია აქვს და მისი საუცხოოდ შემონახული ძველი ქალაქი იუნესკოს დაცული მემკვიდრეობის ძეგლია. ბაროკოს არქიტექტურის მოყვარულები მას აუცილებლად უნდა ეწვიონ. აღსანიშნავია, რომ ამ ქალაქში დაიბადა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი და სწორედ აქ გადაიღეს საკულტო მიუზიკლი “მუსიკის ჰანგები”.

ფელდკირჰი/Feldkirch
ფელდკირჰი შვეიცარიისა და ლინხტენშტეინის საზღვარზე მდებარეობს და შთამბეჭდავი შუასაუკუნოვანი ქალაქის ცენტრი აქვს. გარშემო არსებული მთები ქალაქს მისტიკურ ხიბლს სძენს. ეწვიეთ შატენბურგის ციხესიმაგრეს, რომელიც წარსულში გამოგზაურებთ და თავს მე-13 საუკუნეში გაგრძნობინებთ. შემდეგ ჩამოისეირნეთ ულამაზეს ქუჩებში და იხილეთ წმ. ნიკოლაუსის ეკლესია.

სტ. გილგენი/St Gilgen
ვოლფგანგსის ტბაზე მდებარე ეს ქალაქი, შემოსაზღვრული მთაგრეხილით, ბუნების საოცარ სილამაზეს გაჩვენებთ. ქალაქის ცენტრი ფერადი ძველი შენობებით და შადრევნებითაა მორთული. სტ გილგენი მე-19 საუკუნიდან იქცა პოპულარულ დასასვენებელ მიმართულებად. მაშინ როცა, ვენის შეძლებულმა ოჯახებმა აქ საზაფხულო სახლების ყიდვა დაიწყეს. ეს ქალაქი ზალცბურგის სიახლოვეს მშვენიერი ადგილია სალაშქროდ და საცურაოდ. საშობაოდ კი აქ ულამაზესი საშობაო ბაზრობა ეწყობა.

ინსბრუკი/Innsbruck
ინსბრუკს ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია. ალპებში მდებარე ეს ქალაქი საოცარ ხედებს და ზამთრის სპორტით დაკავების შესაძლებლობას გთავაზობთ. აქ ოლიმპიური ჩემპიონატი უკვე ორჯერ ჩატარდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ხშირი დაბომბვების შედეგად ინსბრუკში ბევრი შენობა დაზიანდა, ამიტომაც დღეს აქ თითქმის ყველა ნაგებობა რესტავრირებულია.

ჰალშტატი/Hallstatt
ჰალშტატი მთაში მდებარე ულამაზესი ქალაქია, გამორჩეული არამხოლოდ ავსტრიაში, არამედ მთელ ევროპაში. ჩინეთში ქალაქის რეპლიკაც კი ააგეს – ხელოვნურად მიმსგავსებული ვერსია, გუანგდოგი. აქ ყოფნისას ყოველ წუთს იფიქრებთ, რომ მეტი სილამაზის ნახვა შეუძლებელია, თუმცა ჰალშტატი ყოველი ფეხის ნაბიჯზე გაგანცვიფრებთ.

დურნსტეინი/Dürnstein
დურნსტეინი პატარა ქალაქია, რომელიც შეგიძლიათ მდინარე დანუბეზე აღებული კრუიზით დაათვალიეროთ. აქ მე-10 საუკუნის დროინდელი ციხესიმაგრე მდებარეობს. ქალაქის ცენტრი კი ყველანაირი არქიტექტურული სტილის შენობებს აერთიანებს. დურნსტეინში ღვინის წარმოებაც მნიშვნელოვანია და აქ თეთრი მშრალი ღვინო უნდა დააგემოვნოთ.

ალპბაჰი/Alpbach
ალპბაჰი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სოფელია, რომელსაც ევროპის ყვავილოვანი სოფელი უწოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან იზოლირებული დასახლებაა, მისი უნიკალური შარმის გამო ყოველწლიურად აქ ბევრი ტურისტი იყრის თავს. ის ზამთარში სათხილამურო კურორტიცაა.

კრემს ან დერ დონაუ/Krems an der Donau
კრემს ან დერ დონაუ პირველად 996 წელსაა მოხსენიებული, თუმცა არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს, რომ ის ბევრად ადრეც არსებობდა. მე-12 საუკუნეში ის ისეთივე დიდი იყო, როგორც ვენა. კრემსიც ღვინის რეგიონია, ამიტომაც ადგილობრივი ღვინის დაგემოვნებას აქაც გირჩევთ.

ბედ გასტეინი/Bad Gastein
ბედ გასტეინი მე-19 საუკუნეში ცნობილი გახდა, როგორც სპა ქალაქი. აქ მეფეები, დედოფლები და სამეფო ოჯახის წევრები ჩამოდიოდნენ, რათა ცხელი წყაროებით ესარგებლათ. ამის გამო, ქალაქი მდიდრულ სტილში გააფორმეს. აქ შეგიძლიათ ესტუმროთ აბანოებს, სადაც საუკუნის წინ მონარქები დადიოდნენ. ზამთარში კი სრიალს შეძლებთ.

ფინკერნბერგი/Finkenberg
მწვანე ზაფხულში და თეთრი ზამთარში – ფინკენბერგი საკმაოდ ტრადიციული და ფოტოგენური ქალაქია. აქ სტუმრობისას ცენტრალური ალპების მთებში, ზღვის დონიდან 2090 მეტრზე იქნებით.

იმსტი/Imst
ამ ქალაქში ყველა მხარეს, თვალწინ ბუნების ულამაზესი პანორამები გადაგეშლებათ. იმსტის შუაგულში ბაროკოს სტილის კათედრალია, რომლის გუმბათიც თითქოს ქალაქის ყველა ქუჩას ახურავს თავს. ტიროლის რეგიონი საუკეთესოდ სწორედ აქ შეიგრძნობა.

პორტშაჰი/Pörtschach
ავსტრიის სამხრეთით მდებარე ეს ქალაქი სლოვენიის საზღვართან მდებარეობს. ის ლამაზი ვილებითა და გრძელი ბულვარით იწონებს თავს, საიდანაც კრისტალივით სუფთა ტბას უმზერთ. გარშემო ტყეები და მინდვრებია, ასევე, ლეონშტეინის ციხესიმაგრე – გოთიკური არქიტექტურის მაგალითი.











