საფოსტო ბროშურებზე იტალიის ულამაზესი სანაპირო ქალაქები ამაყად არიან წარმოდგენილნი. თითოეულ მათგანს საკუთარი პანორამული ხედი აქვს ოკეანეზე და ფერადი სახლები კლდეებიდან მომხიბვლელად იმზირებიან. თუ გსურთ იტალიაში ყოფნის დროს სანაპიროსთან ახლოს იმყოფებოდეთ, ჩვენ გირჩევთ, რომ ამ ქალაქებში გაემგზავროთ.

მანაროლა/Manarola

მანაროლას მსოფლიოს ყველაზე ფერად ქალაქს უწოდებენ. აქ შენობები თითქოს მხატვრის მდიდრული პალიტრითაა შესრულებული. ყოველწლიურად მანაროლაში ბევრი ტურისტი ლაშქრობს. ამ ტერიტორიაზე ცნობილი ეროვნული პარკიცაა გაშენებული (Cinque Terre National Park). აუცილებლად მოინახულეთ სან ლორენცოს ეკლესია.

პოზიტანო/Positano

პოზიტანო კი იტალიის ყველაზე ფოტოგენური ქალაქია. ეს დახვეწილი კურორტი, პოპულარობის გამო, არც ისე იაფია. დამსვენებლებს საშუალება აქვთ ნავით გარშემო არსებული ქალაქებიც მოიარონ. შეგიძლიათ დღე უბრალოდ ფორნილოს სანაპიროზე გაატაროთ, თუმცა აქ ყველაზე ცნობილი სანაპიროა სპიაგიაა.

სორენტო/Sorrento

სორენტო მდებარეობს იქ, სადაც მთა უერთდება ზღვას და სადაც ციტრუსის პლანტაციები დიდ მინდვრებს ქმნიან. ეს ძველი ქალაქი კერამიკის წარმოებითაა ცნობილი. შეიგრძენით იტალიის ატმოსფერო პიაცა ტასოზე. ჩრდილოეთით შეგიძლიათ ამალფის სანაპიროს მიაკითხოთ, აღმოსავლეთით კი კაპრის.

პორტოფინო/Portofino

პორტოფინო გენოას პროვინციაა და იტალიურ რივიერაზე მდებარეობს. ამ მდიდრულ კურორტზე ბევრი მასშტაბური სუპერიახტა დასეირნობს. ესტუმრეთ მე-15 საუკუნის ციხესიმაგრეს, კასტელო ბრაუნს და ბრწყინვალე ხედები აუცილებლად მოგხიბლავთ.

პოლინანო ა მარე/Polignano a Mare

პოლინანო, დიდი კლდეებიდან ზღვას მედიდურად გადმოყურებს. ბარის პროვინციაში მდებარე ეს ძველი ქალაქი წვრილი ქუჩებით და პანორამული აივნებით გამოირჩევა ადრიატიკის ზღვაზე. აქ შეგიძლიათ სპორტის აქტივობებით დაკავდეთ. ცნობილი კომპანია „რედ ბული“ ხშირად მართავს საზაფხულო შეჯიბრებებს.

რიომაგიორე/Riomaggiore

გენოას ყურეში მდებარე ეს დიდი სოფელი ცნობილია ტკბილი ღვინით – სკიაჩეტრათი, რომელსაც აქაური სხვადასხვა სახეობის ყურძნით ამზადებენ. ფერადი შენობები და კამკამა წყალი – რიომაგიორე მშვიდ და სამყაროსგან მოწყვეტილ დასვენებას გპირდებათ.

ამალფი/Amalfi

ამალფის ფეხით 20 წუთში შემოივლით. ამ სანაპირო ქალაქს კლდეებით გარშემორტყმული მოედნები და პატარა სანაპიროები აქვს. საფეხმავლო გზებზე სუვენირების მაღაზიები და კაფეებია. აუცილებლად ესტუმრეთ დუომო დი ამალფის, მე-9 საუკუნის რომაულ კათოლიკურ საყდარს. ადით კიბეებზე, შეაფასეთ ლამაზი მოზაიკა და ჭერის დეტალები.

ატრანი/Atrani

ატრანიში ტრადიციული სტილის სახლები ლიმნის ხეებითა და ფერადი ბაღებით არიან გარშემორტყმულნი. სამხრეთ იტალიის ეს ყველაზე პატარა ქალაქი ანტიკურ შუასაუკუნეებს მოგვაგონებს.

სანტა ცეზარეა ტერმე/Santa Cesarea Terme

სანტა ცეზარეა პუგლიაში ზღვაზე გადმოსული ტერასაა. აქ ოთხი გამოქვაბულია, რომლებიდანაც თერმული წყლები მოედინებიან. ტყით შეგიძლიათ ქალაქის უმაღლეს წერტილამდე ახვიდეთ და სანაპირო ქალაქს ზევიდან გადმოხედოთ. სანტა ცეზარეა ტურისტებში პოპულარული არაა. მას ძირითადად იტალიელები სტუმრობენ, ამიტომაც ატმოსფერო მეტი ავთენტურობით გამოირჩევა, ვიდრე იტალიის სხვა ქალაქებში.

კაგლიარი/Cagliari

ეს ადგილი გამოირჩევა როგორც მდიდრული ისტორიით და რომაული ნანგრევებით, ასევე ახალგაზრდული ატმოსფეროთი. პოეტოს ელეგანტური სანაპირო სრულ რელაქსაციას გპირდებათ.