უზბეკეთი ცენტრალური აზიის ნამდვილი საგანძურია, რომელიც ისლამური სამყაროს ულამაზესი არქიტექტურითა და მდიდარი ისტორიით გამოირჩევა. სამარყანდი, ბუხარა და ხივა მოგხიბლავს ფერადი კრამიტით მოპირკეთებული მეჩეთებით, მედრესეებითა და მავზოლეუმებით.

1. აღმოაჩინე აბრეშუმის გზის არქიტექტურა

სამარყანდი, ბუხარა და ხივა – აბრეშუმის გზის ისტორიული ქალაქები, რომლებიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. აქ თავისი კვალი დატოვეს ალექსანდრე მაკედონელმა, ჩინგიზ ყაენმა და ამირ თემურმა. ადგილობრივი გიდები კი ამ ქალაქების ისტორიას საინტერესო ამბებით აცოცხლებენ.

სამარყანდში გაიგებ ბიბი-ხანუმის ისტორიას, ბუხარაში დაათვალიერებ ემირის საზაფხულო სასახლეს, ხოლო ხივაში გაეცნობი ძველი სასახლისა და ჰარემის ცხოვრებას.

გამორჩეული არქიტექტურა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც დაგხვდება. უძველესი მეჩეთებიდან და მინარეთებიდან დაწყებული, საბჭოთა პერიოდის შენობებითა და ბუდისტური ტაძრების ნანგრევებით დამთავრებული. აუცილებლად მოინახულე შაჰრისაბზი, კოკანდი და ტაშკენტიც.

2. გაეცანი უზბეკური ხელოვნების ტრადიციებს

უზბეკეთი აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი იყო და ხელნაკეთი ნივთებისა და ხელოვნების ტრადიციებით დღემდე გამოირჩევა. აქ შეხვდები ადგილობრივ ხელოვანებსა და ოსტატების ოჯახებს, რომლებიც ქმნიან კერამიკას, ნაქარგებს, ტრადიციულ დანებს, აბრეშუმის ქსოვილებსა და მინიატურულ ნახატებს.

ტაშკენტში, ფერგანის ხეობასა და ბუხარაში შეგიძლია ეწვიო კერამიკის სახელოსნოებს, თავად სცადო თიხაზე მუშაობა, შეიძინო ხელნაკეთი ნივთები და ზოგჯერ ადგილობრივ ოჯახებთან ერთად ტრადიციული კერძებიც მოამზადო. ტრადიციული აბრეშუმის ქსოვის ტექნიკის გასაცნობად ეწვიე მარგილანის იოდგორიკის აბრეშუმის ქარხანას, ხოლო სამარყანდში, მერისის ქაღალდის სახელოსნოს, სადაც აბრეშუმის ქაღალდს უძველესი მეთოდით ამზადებენ.

უზბეკეთში თანამედროვე ხელოვნებაც აქტიურად ვითარდება. განსაკუთრებით ტაშკენტში შეხვდები ახალგაზრდა მხატვრებსა და თანამედროვე გალერეებს.

3. დააგემოვნე ფლოვის მრავალფეროვანი სახეობები

უზბეკეთში ფლოვი უბრალოდ კერძი არ არის, ის ეროვნული სიამაყე და ტრადიციაა. მას თითქმის ყველა განსაკუთრებულ დღეს ამზადებენ. ქვეყნის თითოეულ რეგიონსა და ქალაქს, ისევე როგორც თითოეულ მზარეულს, საკუთარი რეცეპტი და მომზადების საიდუმლო აქვს. უზბეკეთში ფლოვის 30-ზე მეტი სახეობა არსებობს. მისი ძირითადი ინგრედიენტებია ბრინჯი, სტაფილო, ხახვი, ხორცი, მუხუდო, ქიშმიში, სანელებლები და ზეთი. მოგზაურობისას სხვადასხვა რეგიონის ფლოვის დაგემოვნება აუცილებლად ღირს.

ტაშკენტში ეწვიე Besh Qozon-ის ფლოვის ცენტრს, სადაც უზარმაზარ ქვაბებში სხვადასხვა სახეობის ფლოვს ამზადებენ და ერთდროულად 500-მდე ადამიანს ემსახურებიან. სამარყანდსა და ბუხარაშიც საკუთარი რეცეპტები აქვთ, რომელთა დაგემოვნებას ადგილობრივ კაფეებში შეძლებ.

4. აღმოაჩინე არალის ზღვის უჩვეულო პეიზაჟები

უზბეკეთის საბჭოთა წარსულის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა არალის ზღვის დაშრობაა. არალის ზღვა ოდესღაც მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ტბა იყო, თუმცა მისი წყალი ბამბის მინდვრების მოსარწყავად გამოიყენეს, რის შედეგადაც ზღვა მნიშვნელოვნად შემცირდა და რეგიონის ბუნებრივი გარემო მთლიანად შეიცვალა.

დღეს ამ შორეულ ადგილას მოგზაურებს შეუძლიათ იხილონ ყოფილი ზღვის ფსკერზე წარმოქმნილი მარილიანი უდაბნო და გემების სასაფლაო. საინტერესო ადგილებია ქალაქები მოინაკი და ნუკუსი, ყოფილი კუნძული ბარსაკელმესი და მშრალი უსტიურტის პლატო.

5. აღმოაჩინე ადგილობრივი ბაზრები და ხელნაკეთი ნივთები

უზბეკეთის ფერადი კულტურის, აბრეშუმის გზის ისტორიისა და ხელოსნობის ტრადიციების გამო, აქედან სუვენირის გარეშე წამოსვლა თითქმის შეუძლებელია. ტრადიციული კერამიკის, სუზანის ნაქარგების, ხის ნაკეთობების, ხალიჩებისა და ქსოვილების შესაძენად საუკეთესო ადგილები ადგილობრივი სახელოსნოები და საწარმოებია.

ხელნაკეთი ნივთების შესაძენად შაბათ-კვირას სხვადასხვა ქალაქისა და პარკის ხელოვნების ბაზრობებსაც ეწვიე. ყურადღება მიაქციე ფერად ჩაპანს (ტრადიციულ მოსასხამს), უზბეკურ ქუდებს, ტყავის ნაწარმსა და კერამიკულ ნივთებს: ისინი მოგზაურობის განსაკუთრებულ სამახსოვროდ გამოგადგება.

6. დააგემოვნე უზბეკური ღვინო

უზბეკეთის ნაკლებად ცნობილი, თუმცა საინტერესო გამოცდილება ღვინის დაგემოვნებაა. პოეტი და ფილოსოფოსი ომარ ხაიამი ადგილობრივ ღვინოს ჯერ კიდევ ცხრა საუკუნის წინ ხოტბას ასხამდა. საბჭოთა პერიოდში ქვეყანაში არაყის კულტურა გაძლიერდა, თუმცა უზბეკური სადესერტო ღვინოები საერთაშორისო კონკურსებზე ჯილდოებს მაინც იღებდა. ბოლო ათწლეულებში კი მეღვინეობა კვლავ აქტიურად ვითარდება.

7. აღმოაჩინე უზბეკეთის უდაბნოები, მთები და ხეობები

უზბეკეთი ბუნებრივი ლანდშაფტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ დაგხვდება მთები, უდაბნოები, მწვანე ხეობები, შთამბეჭდავი მდინარეები: ამუდარია და სირდარია, ასევე არალის ზღვა და ულამაზესი ტბები. ტაშკენტიდან დაახლოებით სამსაათიანი გზის დაშორებით მდებარეობს ზაამინის ეროვნული პარკი – ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ბუნებრივი ტერიტორია.

რჩევა: მთებში ლაშქრობისა და ვარსკვლავებზე დაკვირვებისთვის ზაამინი განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულზე.

8. ისრიალე ამირსოის მთებში

2019 წელს ამირსოის სამთო კურორტის გახსნამ უზბეკეთი ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის საინტერესო მიმართულებად აქცია. კურორტი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალისთვის შესანიშნავი ბუნებრივი პირობებით გამოირჩევა. აქ შესაძლებელია სხვადასხვა სირთულის ტრასებზე სრიალი, ხოლო განსაკუთრებული თავგადასავლების მოყვარულებს მთებში ვერტმფრენით ასვლისა და ხელუხლებელ თოვლზე დაშვების შესაძლებლობაც აქვთ.

9. გაათიე ღამე ტრადიციულ იურტაში

თუ მომთაბარე ხალხის ცხოვრების გაცნობა გსურს, უზბეკეთის უდაბნოებში მოგზაურობა განსაკუთრებული გამოცდილება იქნება. აქ შეგიძლია ღამე გაათიო ტრადიციულ იურტაში: მრგვალ, გადასატან საცხოვრებელში, რომელსაც ცენტრალური აზიის მომთაბარე ხალხები საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ. იურტის ინტერიერი ტრადიციულად ხალიჩებით, დაბალი დასაჯდომებითა და ხის პატარა მაგიდით არის მოწყობილი. ერთ იურტაში 15-მდე ადამიანი ეტევა, მისი აწყობა ან დაშლა კი დაახლოებით 3 საათს მოითხოვს.

ტურისტულ ბანაკებში იურტები შედარებით კომფორტული ლეიბებითაა აღჭურვილი, სააბაზანოები კი ცალკე შენობაში მდებარეობს. ასეთ ბანაკებში სტუმრებს ხშირად სთავაზობენ აქლემით გასეირნებას, მზის ამოსვლისა და ჩასვლის ყურებას, ტრადიციულ კერძებსა და საღამოს კოცონთან ფოლკლორულ წარმოდგენებს.