ლიეტუვა ევროპის ერთ-ერთი დაუფასებელი მარგალიტია! ექვსდღიანი მოგზაურობა ულამაზესი ვილნიუსიდან დაიწყეთ, შემდეგ კი სანაპიროს გასწვრივ გადაჭიმული ოქროსფერი დიუნებისკენ გაემართეთ. გზად ძველი ქალაქები, ტბისპირა ციხესიმაგრეები, უსასრულო ფიჭვნარები და ფერადი პატარა დასახლებები მოინახულეთ. გიზირებთ გზამკვლევს.
დღე 1. ვილნიუსი, ლიეტუვის დედაქალაქი
ორნამენტებით გაფორმებული ფასადები და ქვაფენილიანი მოედნები ქალაქს თითქმის სამეფო იერს სძენს. ვილნიუსი ნამდვილ მარგალიტს ჰგავს, რომელიც ჯერ კიდევ ელის დროს, როცა მას უფრო მეტი მოგზაური აღმოაჩენს.
გაისეირნეთ ვილნიუსის ძველ ქალაქში
ვილნიუსის ნამდვილი ხიბლი მის ძველ ქალაქში იმალება. თანაც, ღირსშესანიშნაობები ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს, რაც ქალაქის ფეხით დათვალიერებას განსაკუთრებით მოსახერხებელს ხდის. მოინახულეთ თეთრი ქვებით მოპირკეთებული საკათედრო მოედანი, დააკვირდით წმინდა ანას ეკლესიის გოთიკურ არქიტექტურას, დაისვენეთ ბერნარდინაის პარკის მშვიდ გარემოში ან გაისეირნეთ ფერად პილისის ქუჩაზე.

აღმოაჩინეთ უზუპისი, ვილნიუსის ხელოვნებით სავსე უბანი
თუ ქალაქის განსხვავებული მხარის გაცნობა გსურთ, გადაკვეთეთ მდინარე და უზუპისში აღმოჩნდებით: ვილნიუსის გამორჩეულ, შემოქმედებით უბანში. თუმცა ეს უბრალოდ ქალაქის კიდევ ერთი ნაწილი არ არის: უზუპისმა თავი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა! უბანს საკუთარი კონსტიტუციაც კი აქვს, რომლის მუხლები ქუჩებში განთავსებულ დაფებზეა წარმოდგენილი.

დატკბით მზის ჩასვლით გედიმინასის კოშკიდან
საღამოს გედიმინასის კოშკისკენ მიმავალ მოკლე, აღმართიან ბილიკს გაუყევით. ასვლას სულ რაღაც ათი წუთი სჭირდება, სამაგიეროდ, ზემოდან ვილნიუსის ერთ-ერთი ულამაზესი პანორამა იშლება! თან წაიღეთ სასმელი და მზის ჩასვლას დაელოდეთ: ამ დროს ძველი ქალაქის სახურავები ოქროსფრად ნათდება და მართლაც შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. კოშკამდე მოკლე ფუნიკულიორით ასვლაც შესაძლებელია. კოშკის სამუშაო საათებია 10:00-დან 19:30-მდე.

სად ვიკვებოთ ვილნიუსში?
- Vieta – მყუდრო ატმოსფეროსთვის.
- Augustin – მშვიდი და სასიამოვნო სადილისთვის.
- Italala Caffè – დილის ყავის დასაგემოვნებლად.
პირველი დღის მარშრუტის მიმოხილვა:
- საკათედრო მოედანი
- პილისის ქუჩა
- წმინდა ანას ეკლესია და ბერნარდინების ეკლესია
- ბერნარდინაის პარკი
- განთიადის კარიბჭე
- უზუპისი – ხელოვნების უბანი
- გედიმინასის კოშკის ბორცვი

დღე 2. ტრაკაის ციხესიმაგრე და კაუნასი
მეორე დილით ლიეტუვის დასავლეთ ნაწილისკენ გავემართეთ, მოგზაურობის შემდეგი ეტაპის დასაწყებად. პირველი გაჩერება ტრაკაი – ზღაპრული პატარა ქალაქი, რომელიც ვილნიუსიდან დაახლოებით 40 წუთის სავალზე მდებარეობს.
ტრაკაის კუნძულის ციხესიმაგრე
ტრაკაის მთავარი ღირსშესანიშნაობა ამავე სახელწოდების ციხესიმაგრეა, რომელიც გალვეს ტბის კუნძულზე დგას. მისი წითელი კოშკები წყლის ზედაპირზე ირეკლება და საოცრად ლამაზ სანახაობას ქმნის. ციხესიმაგრე ხმელეთს ხის ხიდით უკავშირდება და ლიეტუვაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გადაღებული ადგილია. შეგიძლიათ ციხესიმაგრის შიგნითაც შეხვიდეთ: ბილეთის ფასი 12 ევროა. თუ ციხესიმაგრის განსხვავებული რაკურსით დანახვა გსურთ, იქვე შეგიძლიათ ნიჩბიანი ან პედლებიანი ნავი იქირაოთ.

გაისეირნეთ ტრაკაის ძველ ქალაქში
ძველი ქალაქის ქუჩებში სეირნობას დრო დაუთმეთ რბილი, პასტელურ ფერებში შეღებილი ხის სახლების დათვალიერებას. ბევრი მათგანი დღეს კაფედ არის ქცეული, სადაც ადგილობრივი კერძებისა და ტრადიციული გემოებისთვის გასინჯვა შეგიძლიათ.

მოკლე ვიზიტი კაუნასში
შუადღისთვის ლიეტუვის სიდიდით მეორე ქალაქში, კაუნასში ჩადით. მის საფეხმავლო ქუჩებს განსაკუთრებული ხასიათი აქვს, აქ კი ერთმანეთის გვერდით მყუდრო კაფეები და პატარა მაღაზიებია განლაგებული. განსაკუთრებით მოგეწონებათა მერიის მოედანი, რომელიც ფერადი სახლებითა და მერიის მაღალი, თეთრი კოშკით არის გარშემორტყმული. ეს ადგილი ფოტოების გადასაღებადაც იდეალურია.
კიდევ ერთი გამორჩეული გაჩერება “Yard Gallery-ია”: ადგილობრივი ხელოვანის, ვიტენის იაკასის ღია ცის ქვეშ მოწყობილი ხელოვნების სივრცე. აქ კედლებს მურალები, მოზაიკები და კაუნასში მცხოვრები ყოფილი ებრაელი მოსახლეობის პორტრეტები ამშვენებს.

მეორე დღის მარშრუტის მიმოხილვა:
- ტრაკაის ციხესიმაგრე
- სეირნობა ტრაკაის ძველ ქალაქში
- ნავის ქირაობა გალვეს ტბაზე
- პაჟაისლისის მონასტერი და ეკლესია
- კაუნასის ძველი ქალაქი და მერიის მოედანი
- მთავარი საფეხმავლო ქუჩა
- Yard Gallery – ღია ცის ქვეშ მოწყობილი გალერეა

დღე 3. კლაიპედა და ნიდა
იცით, რომ ლიეტუვაში ულამაზესი სანაპიროები დაგხვდებათ? კაუნასიდან კლაიპედასკენ გაემართეთ: ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე მთავარ საპორტო ქალაქამდე. სანაპიროზე დასვენების შემდეგ, კურონის ნახევარკუნძულისკენ მიმავალ ბორანს მიაშურეთ.

კლაიპედა და მისი სანაპიროები
კლაიპედას კომპაქტური ცენტრი აქვს, სადაც პატარა მოედანს, რამდენიმე რესტორანსა და ერთ მთავარ ქუჩას შეხვდებით, რომელიც მდინარე დანესკენ მიემართება. ქალაქის დასათვალიერებლად დიდი დრო არ დაგჭირდებათ, დაახლოებით ერთი საათიც საკმარისია. კლაიპედის გარეუბანში სანაპიროს გასწვრივაც გაისეირნეთ. მაღალი ფიჭვნარის გავლით მიმავალი ბილიკი პირდაპირ პლაჟამდე მიგიყვანთ, სადაც შთამბეჭდავი კლდეები და გადმოსახედებია.

კურონის ნახევარკუნძული
კურონის ნახევარკუნძული ვიწრო ქვიშიანი ზოლია, რომელიც თითქმის 100 კილომეტრზეა გადაჭიმული. ეს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ლანდშაფტია, სადაც მაღალი ქვიშის დიუნები, უსასრულო ფიჭვნარები და მეთევზეთა სოფლები თითქოს თანამედროვე სამყაროსგან სრულიად მოწყვეტილ გარემოს ქმნის. ზაფხულში კლაიპედიდან ბორნები ყოველ 20 წუთში ერთხელ გადის, ხოლო მგზავრობა სულ რაღაც 5 წუთს გრძელდება. ავტომობილით ორმხრივი ბორნის ბილეთი 23.20 ევრო ღირს. ნახევარკუნძულზე შესვლისას კი დამატებითი გადასახადია გადასახდელი: ჩვეულებრივი ავტომობილისთვის 50 ევრო, ელექტრომობილისთვის კი 25 ევრო.

ულამაზესი ნიდა კურონის ნახევარკუნძულზე
კურონის ნახევარკუნძულის გავლით სამხრეთისკენ გაემართეთ და ნიდაში ჩადით. ნიდა საოცრად მყუდრო და მომხიბვლელი დასახლებაა, სადაც ფერადი ხის სახლები, კარგი რესტორნები და საღამოს სასეირნოდ იდეალური სანაპირო ბულვარები დაგხვდებათ. ქალაქის უკან კი თეთრქვიშიანი პლაჟებია გადაჭიმული, სადაც დიუნებს შორის დამალულ პატარა კაფეებსაც აღმოაჩენთ.

მესამე დღის მარშრუტი
- მგზავრობა კაუნასიდან კლაიპედამდე
- კლაიპედისა და მისი სანაპიროების დათვალიერება
- ბორნით გადასვლა კურონის ნახევარკუნძულზე
- მოგზაურობა კურონის ნახევარკუნძულის გასწვრივ
- ნიდას ქალაქის დათვალიერება
დღე 4. კურონის ნახევარკუნძულის აღმოჩენა
ეს დღე მთლიანად კურონის ნახევარკუნძულის აღმოჩენას დაუთმეთ.
მკვდარი დიუნები, კურონის ნახევარკუნძული
პირველ რიგში, მკვდარ დიუნებს (Dead Dunes) ვეწვიეთ: დაცულ ტერიტორიას, სადაც ხის ბილიკი ქვიშის შთამბეჭდავ წარმონაქმნებს შორის მიემართება. ხის ბილიკის დასრულების შემდეგ მარშრუტი რბილ ქვიშაზე გრძელდება. ასეთ ზედაპირზე სიარული დამღლელია, თუმცა საბოლოო შედეგი ნამდვილად ღირს ძალისხმევად. ხედები და ქარისგან მუდმივად ცვალებადი დიუნები საოცრად ლამაზია. პეიზაჟი საჰარის უდაბნოს მოგაგონებთ, თუმცა აქ უდაბნოს სიცხის ნაცვლად ბალტიის ზღვის გრილი ნიავი ქრის.

ჯადოქრების ბორცვი, კურონის ნახევარკუნძული
შემდეგ იუოდკრანტეში (Juodkrantė) შეჩერდით: პატარა და მშვიდ საკურორტო დასახლებაში, სადაც ხის სახლები და ტბისპირა რესტორნები დაგხვდებათ. სწორედ აქ მდებარეობს ჯადოქრების ბორცვი (Witch’s Hill, Raganų Kalnas): ტყეში მოწყობილი უჩვეულო ღია ცის ქვეშ არსებული სკულპტურების პარკი. დაახლოებით 80 ხის ქანდაკება ლიეტუვურ ლეგენდებსა და ზღაპრებს აცოცხლებს. პარკში შესვლა უფასოა, მის დასათვალიერებლად კი დაახლოებით 20 წუთი დაგჭირდებათ. ეს შესანიშნავი მოკლე გაჩერებაა რეგიონის კულტურისა და ფოლკლორის გასაცნობად.

კურონის ნახევარკუნძულის სანაპიროები
თუ მოგზაურობისას ყველაზე მეტად სანაპიროზე დასვენება გიყვართ, ნიდას პლაჟები ნამდვილად არ გაგიცრუებთ იმედს! ამბობენ, რომ ისინი ლიეტუვაში ყველაზე ლამაზია: ოქროსფერი ქვიშითა და ნაზი ტალღებით.
რჩევა: იქ ყოფნისას ველოსიპედი იქირავეთ! კურონის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში სპეციალურად ველოსიპედებისთვის განკუთვნილი დაახლოებით 40 კილომეტრის სიგრძის ბილიკებია მოწყობილი, რაც რეგიონის ველოსიპედით აღმოჩენას განსაკუთრებით სასიამოვნოს ხდის.
მეოთხე დღის მარშრუტის მიმოხილვა
- ლაშქრობა მკვდარ დიუნებზე და ხის ბილიკის გავლა
- იუოდკრანტესა და ჯადოქრების ბორცვის მონახულება
- დასვენება ნიდას სანაპიროზე
- საღამოს გასეირნება ნიდას ქუჩებში

დღე 5. ქარვის მუზეუმი და ჯვრების მთა
პალანგის ქარვის მუზეუმი
პალანგა ლიეტუვის ყველაზე პოპულარული ზღვისპირა კურორტია. აქ ძირითადად ქარვის მუზეუმისა და მისი მიმდებარე ბაღის სანახავად მოდიან. მუზეუმი მე-19 საუკუნის დიდებულ სასახლეშია განთავსებული. ექსპოზიცია ქარვის ისტორიას გვაცნობს: ეს ქვა ლიეტუვაში „ბალტიის ოქროს“ სახელითაც არის ცნობილი. ბილეთების შეძენა მუზეუმის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით შეგიძლიათ.
რჩევა: მუზეუმის გარეთ გაშენებული ბაღი უშუალოდ სანაპირომდე გრძელდება, ამიტომ აქ სეირნობისთვისაც აუცილებლად გამოყავით დრო.

Winter Garden Café: ტროპიკული გარემო მინის გუმბათის ქვეშ
პალანგიდან მცირე გადახვევით კრეტინგაშიც გაიარეთ, სადაც მინის სათბურში მოწყობილი ტროპიკული კაფე მდებარეობს.
ჯვრების მთა
ნაშუადღევს შიაულიაიში (Šiauliai) ჩადით, რათა ჯვრების მთა მოინახულოთ. ეს ადგილი ევროპის სხვა ღირსშესანიშნაობებს ნამდვილად არ ჰგავს: პატარა ბორცვი სხვადასხვა ზომისა და ფორმის 200 000-ზე მეტი ჯვრით არის დაფარული. მომლოცველები და სტუმრები მათ აქ საუკუნეების განმავლობაში ტოვებდნენ. შედეგად, იქმნება ერთდროულად იდუმალი, სევდიანი და საოცრად ლამაზი სანახაობა, რომელიც ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ჯვრების მთაზე შესვლა უფასოა. გირჩევთ, დილით ადრე ან გვიან ნაშუადღევს მიხვიდეთ, რადგან დღის განმავლობაში აქ საკმაოდ ბევრი ტურისტი იყრის თავს.

დღე 6. მოგზაურობის ბოლო დღე: დაბრუნება ვილნიუსში
ბოლო დღე ვილნიუსის კიდევ ერთხელ მონახულებას დაუთმეთ.











