ალიკანტე არის ქალაქი, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ, თუ მას შესაფერის დროს დაუთმობთ. ვალენსიასთან შედარებით აქ მოსახლეობა ორჯერ ნაკლებია. იგი უამრავი წარმოუდგენელი ღირსშესანიშნაობის სახლია, მათ შორის IX საუკუნის ციხესიმაგრის, ასევე მწვანე სივრცეების, რომლებიც შემკულია მისტიკური ლეღვის ხეებითა და კლასიკური შადრევნებით. წელიწადში 300-ზე მეტი მზიანი დღის წყალობით, შეგიძლიათ ისიამოვნოთ პლაჟებით და წელიწადის დროთა ცვლასთან ერთად, ჩაუღრმავდეთ ამ ქალაქის ანტიკურ ისტორიასა და თანამედროვე ტრადიციებს.
თუ გსურთ ესპანეთის შედარებით პატარა ქალაქის აღმოჩენა, აი, ყველაფერი, რაც ალიკანტეში ვიზიტის შესახებ უნდა იცოდეთ.

როდის უნდა ეწვიოთ ალიკანტეს?
თუ არ გეგმავთ მთელი დრო წყალში ნახევრად ჩაძირულმა გაატაროთ, გონივრული იქნება თავი აარიდოთ ალიკანტეს მცხუნვარე ზაფხულს. ტემპერატურა რეგულარულად აჭარბებს 32°C-ს, ხოლო სანაპიროები და მახლობელი კურორტები ყველაზე მეტად ამ დროს იტვირთება.
ეწვიეთ ქალაქს გარდამავალ სეზონებზე: მაისიდან ივნისამდე ან სექტემბრიდან ოქტომბრამდე. ამ დროს მაინც ისიამოვნებთ სანაპიროსთვის საკმარისად თბილი ამინდით და ღირსშესანიშნაობებსაც ბევრად ნაკლებ ხალხმრავლობაში დაათვალიერებთ. ამინდიც შედარებით გრილია, რაც ქალაქის დათვალიერებას ბევრად სასიამოვნოს ხდის.
ზამთრის პერიოდი შესაძლოა ბიუჯეტური აღმოჩნდეს, რადგან არასეზონური ფასდაკლებები უხვად არის, ამინდი კი მაინც რბილი რჩება: საშუალო დღიური ტემპერატურა 16°C-ის ფარგლებშია. ეს იდეალურია ციხესიმაგრეზე ფეხით ასასვლელად და მეზობელი ქალაქების დასათვალიერებლად.
კალენდარი დატვირთულია ღონისძიებებითა და ფესტივალებით მარტში, ზოგჯერ აპრილში. აპრილში შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ან მონაწილეობა მიიღოთ სანტა ფასის ლოცვით მსვლელობაში (პილიგრიმობაში), რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ღონისძიებაა მთელ ესპანეთში. გზები ტრანსპორტისთვის იკეტება და ასობით ათასი ადამიანი ფეხით გადის 8-კილომეტრიან მონაკვეთს ალიკანტეს ცენტრიდან სანტა ფასის მონასტრამდე.

რამდენი დრო უნდა გაატაროთ ალიკანტეში?
ქალაქის საფუძვლიანად დათვალიერებისთვის ეცადეთ, მინიმუმ 2 ღამე მაინც გაატაროთ აქ. მათთვის, ვინც კოსტა-ბლანკას გარშემო ერთდღიანი ტურების დამატებას გეგმავს, 4 ან 5-ღამიანი სტუმრობა იქნება ოპტიმალური; ალიკანტეს ტრამვაი, მატარებლები და ადგილობრივი ავტობუსები მარტივად დაკავშირების საშუალებას იძლევა სანაპიროზე მდებარე კურორტებთან.
თუ უკვე დაჯავშნილი გაქვთ პასიური დასვენების ტური კოსტა-ბლანკას სხვა კურორტზე ან სანაპირო ქალაქში, თუმცა ალიკანტედან ჩამოდიხართ და მიფრინავთ, განიხილეთ მოგზაურობის დასაწყისში ან დასასრულს თითო ღამის გატარება ამ ქალაქში. ეს მოგცემთ საშუალებას ჩასვლისთანავე განეწყოთ საზაფხულო განწყობაზე, ხოლო მოგზაურობის მიწურულს მშვიდად განტვირთოთ გონება: იშოპინგოთ ბოლო წუთს ან ისეირნოთ საღამოს სანაპირო ბულვარში.

ადვილია თუ არა ალიკანტეში ჩასვლა და გადაადგილება?
ალიკანტე ძალიან მოსახერხებელი ქალაქია ფეხით გადასადგილებლად, განსაკუთრებით ძველი ქალაქი, რომელიც პირდაპირ ზღვის პირას მდებარეობს და ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო პლაჟს, დელ პოსტიგეტს ესაზღვრება. ციხესიმაგრემდე ასვლაც კი შესაძლებელია პანორამული ლიფტით, ასე რომ ქალაქის დათვალიერებისთვის მანქანა არ დაგჭირდებათ.
აეროპორტიდან ტაქსით ან C6 ავტობუსით მგზავრობას სულ 20 წუთი სჭირდება, ხოლო რკინიგზის სადგური ძალიან ცენტრალურ ადგილას მდებარეობს: პლაჟიდან და ქალაქის ცენტრიდან ნახევარი საათის ფეხით სავალზე. ალიკანტე ფერდობზეა გაშენებული, ამიტომ შესაძლოა კიბეებზე ასვლა დაგჭირდეთ, თუ საუკეთესო გადასახედი წერტილების პოვნა გსურთ.
ქალაქში არ არის მიწისქვეშა მეტროს სისტემა, თუმცა შეგიძლიათ ისარგებლოთ საზოგადოებრივი ავტობუსებით ან ტრამვაით პლაჟზე ჩასასვლელად, ასევე უფრო შორს, ბენიფორმსა და სხვა კურორტებზე გასამგზავრებლად. ალტერნატივის სახით, შეგიძლიათ იქირავოთ ველოსიპედი და ისარგებლოთ სპეციალური ველობილიკებით.

საუკეთესო აქტივობები ალიკანტეში
ალიკანტეში მოგზაურობა შეგახსენებთ, რომ კოსტა-ბლანკა მხოლოდ იმ თვალისმომჭრელ თეთრ ქვიშაზე მეტია.
ადით ლიფტით სანტა-ბარბარას ციხესიმაგრეში (Castillo de Santa Bárbara)
ქალაქის თავზე აღმართული IX საუკუნის ციხესიმაგრის ნანგრევების დათვალიერება უფასოა, თუმცა ბენაკანტილის ფერდობზე აღმართზე ციცაბო ასვლის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ ისარგებლოთ პანორამული ლიფტით, რომელიც პლაჟის პირდაპირ, ქუჩის მეორე მხარეს მდებარეობს. ხელმისაწვდომია უფასო ტურები გიდთან ერთად ინგლისურ და ესპანურ ენებზე, ან შეგიძლიათ დაჯავშნოთ ღვინისა თუ ლუდის დეგუსტაცია.

აღფრთოვანდით ესპანეთის ესპლანადის ფილებით
ალიკანტეს ბულვარი, Explanada de España, ნამდვილი საოცრებაა: იგი ორივე მხარეს პალმის ხეებითაა გარშემორტყმული. 3D დიზაინი ზღვის ტალღების ზოლების ფორმას იმეორებს და იგი 600 მეტრის სიგრძეზე მიუყვება პორტის ზოლს, სადაც ზღვის გრილი სიო უბერავს.

აღმოაჩინეთ პლაჟები ტრამვაითა და ველოსიპედით
თუ ქალაქის ცენტრში რჩებით, დელ პოსტიგეტი (Platja del Postiguet) სულ რამდენიმე ნაბიჯშია, თუმცა ეს არ არის ერთადერთი პლაჟი, სადაც ალიკანტედან მარტივად მოხვდებით. ჩაჯექით სანაპიროს გასწვრივ მოძრავ ერთ-ერთ ტრამვაიში და იმგზავრეთ მანამ, სანამ თქვენთვის სასურველ საბანაო ადგილს არ იპოვით. იქნება ეს პლაია დე ლ’ალბუფერეტას (Platja de l’Albufereta) კრისტალურად სუფთა წყლები (სანაპიროს გასწვრივ 3 კმ-ში) თუ პლაია დე სან-ხუანის (Platja de Sant Joan) ვრცელი, 3 კილომეტრის სიგრძის ქვიშიანი სანაპირო (დაახლოებით 7 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით).
თუ მცირე ფეხით სეირნობა არ გაშინებთ, ტრამვაით შეგიძლიათ მიხვიდეთ კაპ დე ლ’ორტამდე (Cap de l’Horta / Cabo de La Huerta), კლდოვან კონცხამდე, სადაც გამჭვირვალე წყლის მქონე უამრავი უბეა, იდეალური სნორკელინგისთვის.

ეწვიეთ რომაულ ნანგრევებსა და არქეოლოგიურ მუზეუმს
ესპანეთის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, სადაც რომაული ნანგრევები პირდაპირ თქვენს ფეხქვეშაა, ლუცენტუმის საძირკვლის სანახავად ქალაქის ცენტრიდან 3 კილომეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთით გამგზავრება მოგიწევთ. საოცარ მდგომარეობაში შემონახული ეს უზარმაზარი ტერიტორია ინარჩუნებს რომაული ქალაქის თავდაპირველ, ხელუხლებელ დაგეგმარებას: ფორუმის, აბანოებისა და ქალაქის გალავნის თვალსაჩინო ნაშთებით.
III საუკუნეში მისი მიტოვების შემდეგ, მმართველმა მავრებმა დანგრეული ქალაქი ნეკროპოლისად გამოიყენეს. არქეოლოგიურ ზონას მართავს ალიკანტეს არქეოლოგიური მუზეუმი (MARQ), რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და სადაც გათხრებისას აღმოჩენილი რამდენიმე გამორჩეული ექსპონატია გამოფენილი.

ისიამოვნეთ ბრინჯის კერძებითა და ტაპასებით
ალიკანტეს მეტსახელად „ბრინჯის ქალაქს“ უწოდებენ და მისი რესტორნები სრულად წარმოაჩენს ვალენსიური სამზარეულოს მრავალფეროვნებას. აქ შეხვდებით ზღვის პროდუქტების ბაზაზე მომზადებულ ბრინჯის კერძების ფართო არჩევანს, რომლებიც სცდება ჩვეულებრივი პაელიას ფარგლებს. სცადეთ შეუკვეთოთ arroz senyoret – კლასიკური კერძი, რომელიც უძვლო თევზითა და გარჩეული კრევეტებით მზადდება.
ფანტასტიკური ტაპასებისთვის მიაშურეთ CuatroLatas Bar-ს გაბრიელ მიროს მოედანზე, სადაც შეგიძლიათ შეუკვეთოთ ადგილობრივი კლასიკური კერძები, როგორიცაა პომიდორი თუნის მუცლის ხორცით ან pericana: წითელი პილპილისგან დამზადებული ინტენსიური გემოს მქონე საწებელი, რომელიც პურთან და დამარილებულ თევზთან ერთად მიირთმევა.
ესპანეთის უმეტესი ადგილის მსგავსად, ალიკანტეს ბარებსა და რესტორნებში საკრედიტო ბარათები ფართოდ გამოიყენება. თუმცა, სასარგებლოა ცოტაოდენი ნაღდი ევროს ქონაც, ქუჩის მოვაჭრეებთან შენაძენების გასაკეთებლად.

ერთდღიანი ტურები კოსტა-ბლანკაზე ალიკანტედან
ალიკანტეს საწყის წერტილად გამოყენებით, მთელი კოსტა-ბლანკა პირდაპირ ხელის გულზე გაქვთ. ჩრდილოეთით, ბენიდორმის პლაჟები მანქანით სულ რაღაც 45 წუთის სავალზეა. აქაური ლურჯი წყლები და უბეები უდავოდ მშვენიერია. გარდა ამისა, აქ სწრაფად ვითარდება გასტრონომიული სცენა თანამედროვე რესტორნებით, როგორიცაა La Fava, რომლებიც ქალაქის კულინარიულ ფესვებს წარმოაჩენს.
ან, შეგიძლიათ გაემგზავროთ ნახევარი საათით სამხრეთ-დასავლეთით ელჩეში (Elche): ზღვის სანაპიროსგან მოშორებით მდებარე ქალაქში, რომელიც იუნესკოს მიერაა აღიარებული ევროპის უდიდეს პალმების ჭალაში თავისი უნიკალური მდებარეობის გამო. ქალაქის უძველეს 180 წლის „იმპერიულ პალმას“ იპოვით Huerto del Cura-ში. ეს არის კარგად მოვლილი ბაღი, სადაც მცენარეებისა და ყვავილების მრავალი სახეობა და ფარშევანგების ოჯახი ბინადრობს.
თუ პლაჟისთვის შესაფერისი ამინდია, ჩაჯექით ბორანში ალიკანტედან ტაბარკას კუნძულისკენ. ეს ხმელთაშუა ზღვის ყველაზე პატარა დასახლებული კუნძულია გალავნიანი ქალაქით, რომლის გარშემოც ფეხით სეირნობა შეგიძლიათ და ულამაზესი პლაჟით, რომელსაც ლაჟვარდოვანი წყლები ევლება და სადაც წყალში ცოტათი შესვლისას კლდოვანი სანაპირო თეთრ ქვიშას ერწყმის.











