საბერძნეთში თითქმის არ გადის კვირა რაიმე ტიპის ფესტივალისა თუ ზეიმის გარეშე. ასეთი ღონისძიებები მოიცავს როგორც პატარა სოფლის ტრადიციულ დღესასწაულებს, ისე საერთაშორისო მასშტაბის გრანდიოზულ ფესტივალებს, ხოლო ღონისძიებებით ყველაზე დატვირთული კალენდარი, ბუნებრივია, ზაფხულშია. ამ ფესტივალებიდან ბევრი საბერძნეთის ანტიკურ მემკვიდრეობას უკავშირდება, ზოგიერთი მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არის დაკავშირებული, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის სოციალურ ცხოვრებაში. სხვა საინტერესო ღონისძიებები კი ეძღვნება მუსიკას, ხელოვნებასა და უბრალოდ, დროის შესანიშნავად ტარების ხელოვნებას.

გთავაზობთ საბერძნეთის ჩვენს 6 ფავორიტ ფესტივალს, რომელთაგან თითოეული ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ მოგზაურობა სწორედ მათი ჩატარების პერიოდში დაგეგმოთ:

1. ისიამოვნეთ როკით “RELEASE ATHENS”-სა და სხვა მსხვილ მუსიკალურ ფესტივალებზე

Release Athens ევროპის იმ როკ-ფესტივალების სიაში შედის, რომელზე დასწრებაც როკის მოყვარულებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს. ღონისძიება რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება პლატეია ნერუზე, ღია სივრცეში და წლების განმავლობაში ისეთ ჰედლაინერებს იზიდავდა, როგორებიც არიან Arctic Monkeys, Pet Shop Boys, Iggy Pop, Kylie Minogue და Duran Duran, ასევე წამყვან მეტალ ჯგუფებს.

საბერძნეთის სხვა აღსანიშნავ მუსიკალურ ფესტივალებს შორის არის Rockwave (Terra Vibe-ში, მალაკასაში) და Ejekt-ის ფესტივალი, რომელიც ათენის ოლიმპიურ სტადიონზე იმართება. Athens Jazz (ტექნოპოლისში) და Athens City Festival – თავისი 200-ზე მეტი ღონისძიებით, რომლებიც ყოველ მაისს საჯარო სივრცეებში იმართება, ყველასთვის უფასოა.

2. ეზიარეთ ანტიკურ კულტურას ათენისა და ეპიდავროსის ფესტივალზე (ATHENS EPIDAURUS FESTIVAL)

უკვე 70 წელია რაც ათენისა და ეპიდავროსის ფესტივალი საბერძნეთის კულტურული კალენდრის მთავარი მოვლენაა, რომელმაც მსოფლიო დონის წარმოდგენებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. თეატრი, დრამა, ცეკვა, ოპერა, ასევე კლასიკური და თანამედროვე მუსიკა მთელი ზაფხულის განმავლობაში წარმოდგენილია სხვადასხვა ლოკაციაზე: ანტიკური ხანის ძეგლებიდან დაწყებული, მიტოვებული საწყობებით დამთავრებული.

მათ შორის გამორჩეულია ეპიდავროსის თეატრი (UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი), რომელიც ძვ. წ. IV საუკუნის ბოლოთი თარიღდება და დედაქალაქიდან ავტომობილით ორ საათზე ნაკლები სავალის დაშორებით მდებარეობს. ამ ამფითეატრში ანტიკური დრამის წარმოდგენები ზაფხულის თვეებში ყოველ პარასკევსა და შაბათს იმართება, ხოლო სპექტაკლის იმავე ფორმით ყურება, როგორც ამას ძველი ბერძნები აკეთებდნენ, დაუვიწყარი, ცხოვრებაში აუცილებლად მისაღები გამოცდილებაა.

3. დაუკავშირდით დამოუკიდებელ რეჟისორებს თესალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალზე

საბერძნეთის სიდიდით რიგით მეორე ქალაქი ყურადღების ცენტრში ნოემბერში ექცევა, როდესაც თესალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება. ესაა მნიშვნელოვანი მოვლენა საერთაშორისო კინოსამყაროში, რომელიც უამრავ რეჟისორსა და კინოს ენთუზიასტს იზიდავს.

ფესტივალი აქცენტს აკეთებს ახალ, არაორდინალურ და დამოუკიდებელ პროდუქციაზე – მისი პროგრამა სულ რაღაც 10 დღეში 100-ზე მეტ ფილმს იტევს. რეტროსპექტივები და სპეციალური პროგრამები ცალკეული რეჟისორების ნამუშევრებზეა ფოკუსირებული, ხოლო ფესტივალი ასევე მოიცავს პანელურ დისკუსიებსა და სემინარებს კინოწარმოების შესახებ. მთავარი ჯილდო კი „ოქროს ალექსანდრეა“.

4. აღნიშნეთ ქრისტიანული კალენდრის ყველაზე წმინდა პერიოდი მართლმადიდებლურ აღდგომას

ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღდგომა წლის ყველაზე დიდი დღესასწაულია, რომელსაც დიდი მოწიწებით აღნიშნავენ. მარტში ან აპრილში, უშუალოდ აღდგომის წინ, ვნების კვირეული დიდი მარხვის კულმინაციაა – ეს არის პერიოდი, როდესაც ტაძრებს ის ბერძნებიც კი სტუმრობენ, რომლებიც განსაკუთრებული რელიგიურობით არ გამოირჩევიან. გაზაფხულის დადგომასთან ერთად, თბილ ჰაერში ყვავილების სურნელი დღესასწაულს კიდევ უფრო მეტ შთამბეჭდავობასა და სიღრმეს სძენს.

ვნების კვირეულის განმავლობაში ყველა ტაძარში ტარდება საღამოს ღვთისმსახურება, სადაც ხშირად სრულდება ულამაზესი მართლმადიდებლური საგალობლები. დიდი პარასკევი ვნების კვირეულის პიკია და მაღაზიების უმეტესობა შუადღემდე დაკეტილია. სანამ მორწმუნეები ტაძრებს ავსებენ, ნაკლებად რელიგიური ათენელების ნაკადი ქალაქის ყველა თევზის რესტორანსა და „უზერიას“ (უზოს ბარს) აწყდება, რათა უხვი ზღვის პროდუქტებით ისიამოვნოს.

აღდგომის კვირას კი ყველგან შეხვდებით ბატკნის ხორცს – მთლიანად შამფურზე შემწვარს ან დაჭრილს და ღუმელში გამოცხობილს, ხოლო ღვინო, ლუდი და უზო ნაკადულებად მიედინება. მთელი დღის განმავლობაში ადამიანები ერთმანეთს უამრავ წითელ კვერცხს უჭახუნებენ: მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ტრადიციაში წითელი საღებავი ქრისტეს სისხლს განასახიერებს, ხოლო კვერცხის გატეხვა – მის მკვდრეთით აღდგომას.

5. აღნიშნეთ აგვისტოს სავსემთვარეობა განსაკუთრებული განწყობით

საბერძნეთში სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, აგვისტოს სავსემთვარეობის ღამე დღესასწაულის საბაბია – ეს არის ტრადიცია, რომელიც ათასწლეულებს ითვლის.

ათენში ისეთი არქეოლოგიური ლოკაციები, როგორებიცაა აკროპოლისი და აგორა, კონცერტებისა და წარმოდგენების სივრცეებად გარდაიქმნება, ხოლო მთელი საბერძნეთის მასშტაბით 100-ზე მეტი ისტორიული ძეგლი მასპინძლობს კონცერტებს, ცეკვებს, პოეზიის საღამოებს, სპექტაკლებს, ხელოვნების გამოფენებს, კინოჩვენებებსა და ტურებს. ყველა ღონისძიება უფასოა, მათ შორის წმინდა კუნძულ დელოსზეც (მიკონოსთან ახლოს) – და ამ განსაკუთრებულ დროს იქ გამგზავრება ნამდვილად ღირს.

ისევე, როგორც აგვისტოს სავსემთვარეობის თარიღი, ჩატარების ადგილები და პროგრამებიც ყოველწლიურად იცვლება, ამიტომ თვალი ადევნეთ ადგილობრივ აფიშებს.

6. იზეიმეთ ქუჩებში „აპოკრიესის“ – საბერძნეთის კარნავალის სეზონის განმავლობაში

თებერვალში ან მარტში, დიდი მარხვის დაწყებამდე სამი კვირით ადრე, ბერძნები აღნიშნავენ კარნავალის სეზონს, რომელსაც ადგილობრივად „აპოკრიესს“ უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დღესასწაულები ქრისტიანულ კალენდართან არის დაკავშირებული, მათი სათავე ანტიკური ხანიდან მოდის, როცა ღვინისა და ნაყოფიერების ღმერთის – დიონისეს პატივსაცემად საბერძნეტში სპეციალური ღონისძიებები იმართებოდა. ბერძნებს ძალიან უყვართ აპოკრიესის მხიარულ ორომტრიალში მონაწილეობა, და ეს ქვეყნის სტუმრებისთვისაც შესანიშნავი პერიოდია.

ქალაქებში ღამის ცხოვრება შობა-ახალი წლის შემდგომი მშვიდი კვირების შემდეგ კვლავ გამოცოცხლებას იწყებს. ბარები და კლუბები თემატურ წვეულებებს მართავენ, ხოლო ქუჩებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხშირად შეხვდებით ყველა ასაკის ფორმებში გამოწყობილ მოზეიმეებს. ზეიმი პიკს გასულ უქმეებზე აღწევს – განსაკუთრებით კვირას, როდესაც უამრავი ღია ცის ქვეშ გამართული დღესასწაული, მასკარადი და აღლუმი ტარდება.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის თითოეულ კუთხეს თავისი განსხვავებული ჩვეულებები და ტრადიციები აქვს, გირჩევთ, მესამე უქმეებზე პელოპონესში მდებარე ქალაქ პატრასს ეწვიოთ. ქალაქი მთლიანად ერწყმის ამ სადღესასწაულო განწყობას, ხოლო მისი გრანდიოზული კვირის აღლუმი ბრაზილიის კარნავალის კადრებს მოგაგონებთ.