აკროპოლისი, რომელიც ათენის თანამედროვეობას გადმოჰყურებს, ქალაქის ანტიკური ისტორიის და ძალაუფლების მნიშვნელოვანი სიმბოლოა. ბრინჯაოს ხანიდან დასახლებული ეს ქალაქი ბერძენი მეფეების თავშესაფარიც ყოფილა. ბუნებრივი კატასტროფების, შემოსევების და სხვადასხვა მიზნების გამო, მას პირვანდელი სახე აღარ აქვს შენარჩუნებული, თუმცა ათენის აკროპოლისი ყველაზე ცნობილი აკროპოლისია მსოფლიოში და მას წლიურად 3 მილიონი ადამიანი სტუმრობს. ჩვენ მის მოსანახულებლად გარკვეულ რჩევებს მოგცემთ.

როდის უნდა ეწვიოთ აკროპოლისს?

საუკეთესო დროა აპრილი, მაისი და ოქტობერი. ივლისი და აგვისტო საბერძნეთში პიკი სეზონია და ამ დროს აქ ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტი ჩამოდის. ამასთან, ზაფხულის თვეებში ათენში ძალიან ცხელა და ხანდახან აკროპოლისს საგანგებოდ ხურავენ კიდეც, ვიზიტორები სიცხისგან რომ დაიცვან. აკროპოლისის გაზაფხულსა და შემოდგომაზე მონახულება გაცილებით კომფორტული იქნება.

რა დრო უნდა გაატაროთ აკროპოლისში?

მის გამოკვლევას 2-3 სთ თავისუფლად სჭირდება. პანთენონის მიღმა მინიმუმ 30 ძეგლი მაინცაა გამოსაკვლევი: სასყდრები, საკურთხეველი, თეატრი და გამოქვაბულები. აკროპოლისში ვიზიტორთა რიცხვი რეგულარულად მზარდია, ამიტომაც უმჯობესი იქნება თუ ვიზიტის დროს საიტიდან წინასწარ დაჯავშნით. ამ მონაცემებით, დღეში 20 000 ადამიანს უშვებენ. აკროპოლისი ყველაზე დატვირთულია დილის 10 საათიდან შუადღის 2 საათამდე. სამუშაო დღეების საღამოები შედარებით მშვიდია. მიდით ნახევარი საათით ადრე იმ დროზე, რაც მონიშნული გექნებათ ვიზიტისთვის.

აკროპოლისს ორი შესასვლელი აქვს. ბილეთები ორივეგან იყიდება. შეგიძლიათ შეიძინოთ ერთჯერადი ან კომბინირებული ბილეთი. ერთჯერადი შეგიშვებთ აკროპოლისსა და მის მონუმენტებში, როგორებიცაა პართენონი და დიონისეს თეატრი, კომბინირებული კი არქეოლოგიურ ძეგლებსაც მოგატარებთ. შეგიძლიათ შეუერთდეთ გიდის ტურს.

ბილეთების ღირებულება: 1 აპრილიდან 31 ოქტომბრამდე 1 ბილეთის ღირებულებაა 20 ევრო, ხოლო 1 ნოემბრიდან 31 მარტამდე 10 ევრო. მისი საშუალებით ნახავთ აკროპოლისს და მის ფერდობებზე მდებარე მონუმენტებს. თუ ანტიკური აგორა, ჰადრიანის ბიბლიოთეკა და რომაული აგორაც გაინტერესებთ, შეიძინეთ კომბინირებული ბილეთი, რომლის ფასი მთელი წლის მანძილზე 30 ევროა. აკროპოლისში შესვლა უფასოა 6 მარტს, 18 აპრილს, 18 მაისს, სექტემბრის ბოლო უიქენდზე, 28 ოქტომბერს და თვის ყოველ პირველ კვირა დღეს ზამთრის პერიოდში (1 ნოემბრიდან 31 მარტამდე). ყოველთვის უფასოა 5 წლამდე ბავშვების, 25 წლამდე ევროკავშირის მოქალაქეების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, არქეოლოგების და ჟურნალისტების შესვლა. დასადასტურებლად საჭიროა პირადობის მოწმობა და შესაბამისი დოკუმენტი.

როგორ მოხვდებით: აკროპოლისში მოხვედრა მისი ცენტრალური მდებარეობის გამო საკმაოდ მარტივია. გაყევით მატარებელს აკროპოლის სადგურამდე და მის შესასვლელამდე სულ რაღაც 10 წუთის ფეხით სავალ გზას გაივლით. შეგიძლიათ გაყვეთ ავტობუსს და ტრამვაისაც.

აკროპოლისის ტოპ-ღირსშესანიშნაობები:

პანთენონი

პანთენონი ჩვ.წ-მდე დაახლოებით 440 წელსაა აგებული და საყდარი ათენას, სიბრძნის ქალღმერთს მიეძღვნა. პანთენონის უზარმაზარი სვეტები სიძლიერეს და სიმდიდრეს განასახიერებენ. პანთენონში შესვლა აკრძალულია, თუმცა შეგიძლიათ შემოუაროთ მას გარშემო და დატკბეთ თვალისმომჭრელი ხედებით ქალაქზე.

ერექთაიონი/The Erechtheion

ერექთაიონი ბერძნული მითოლოგიის სიმბოლოა. იქამდე, სანამ ათენს სახელი დაერქმეოდა, ათენას და ბიძამისს, პოსეიდონს, ზღვის ღმერთს, ქალაქზე გავლენის მოპოვება ერთნაირად სუდათ. ათენის მამამ და პოსეიდონის ძმამ, ზევსმა ორს შორის შეჯიბრი გამოაცხადა იმის გასარკვევად, თუ ვის ეკუთვნოდა ხალხის გული. შედეგებმა აჩვენა, რომ ათენა უპირობო ლიდერი იყო და ქალაქსაც მისი სახელი ეწოდა. ერექთაიონი ამ შეჯიბრის სამახსოვროდ ააგეს. ის ორი საყდრისგან შედგება, ერთი ათენას ეძღვნება, მეორე პოსეიდონს.

ჰეროდეს ატიკუსის ოდეონი

აკროპოლისის ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ თეატრი მდებარეობს. ოდეონი სახელოვნებო აქტივობების ჰაბია, აქ ტარდება სხვადასხვა ტიპის პერფორმანსები და სპექტაკლები. აქ გამოსულა ლაიზა მინელი, ფრენკ სინატრა და ელტონ ჯონი. მისი ქვის კიბეები 5000-მდე მაყურებელს იტევს.

ეუმენესის კოლონადა/The Stoa of Eumenes

ეუმენესის კოლონადა აიგო იმ მიზეზით, რომ თეატრში მისული ხალხი ცუდი ამინდისგან დაეცვათ, სიცხისგან ან წვიმისგან.

რა თანხა გჭირდებათ აკროპოლისში?  ბილეთი: 20 ევრო, გიდის ტური 45 ევრო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ათენის ცენტრიდან: 4.50 ევრო.

ადვილია აკროპოლისის მოვლა? თუ ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ, შესასვლელში ბორბლებიანი ეტლი დაგხვდებათ. აკროპოლისის ყველაზე მაღალ წერტილში მოხვედრა ფიზიკურ მზაობას მოითხოვს. ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის აქ წარმოდგენილია ლიფტები და სპეციალური ბილიკები.

როგორ გაუმკლავდებით სიცხეს? აკროპოლისი ღია ცის ქვეშაა, ამიტომაც თბილ თვეებში მნიშვნელოვანია დალიოთ წყალი და გესვათ მზისგან დამცავი. მაღალი ტემპერატურის დროს გვირჩევენ 1 საათიდან 5 საათამდე აკროპოლისს არ ვესტუმროთ.

სად მიირთმევთ აკროპოლისის სიახლოვეს? აკროპოლისის ტერიტორიაზე ტურისტებისთვის შედარებით ძვირი ობიექტებია. თუ აკროპოლისის მუზეუმში შეხვალთ, იქ მდებარე კაფეში ბერძნულ სამზარეულოს დააგემოვნებთ და ქალაქის ხედებით დატკბებით. ბერძნულ მენიუს ასევე გთავაზობთ: Geros tou Moria და Opus Palia.

აკროპოლისი და აკროპოლისის მუზეუმი სხვადასხვაა: აკროპოლისის არქეოლოგიური მუზეუმში 3000-ზე მეტი არტეფაქტი ინახება, მათ შორის მარმარილოს სკულპტურები. ის როგორც ნაგებობა ცალკე აღებული არქიტექტურული შედევრია.