ამერიკის მეტროპოლისი, ნიუ-იორკი ცნობილია დაუსრულებელი თავგადასავლებით, მაგრამ თუ ქალაქიდან მატარებლით ან ბორნით გახვალთ, ყველა მიმართულებით რაღაც საინტერესო დაგხვდებათ. კულტურით დასატკბობად ეწვიეთ ხელოვნების მუზეუმებსა და გალერეებს. სარელაქსაციოდ კი გაეშურეთ სანაპიროებზე.

1. “SLEEPY HOLLOW”

მგზავრობის ხანგრძლივობა: 45 წთ

ნიუ-იორკიდან 40 კილომეტრში მდებარე წყლისპირა სოფელი სავსეა ლეგენდებით და ისტორიული ადგილებით. ქალაქის სახელგანთქმული მოჩვენებების ადგილი, გადმოცემის თანახმად, სასაფლაოს სამხრეთ ბოლოში მდებარე ძველი ჰოლანდიური ეკლესია და მისი ეზოა. ცნობილი ლიტერატურული შედევრის პატივსაცემად აქ შეხვდებით „უთავო მხედარის ხიდს“ და მის ფოლადის ქანდაკებას. ქალაქის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა კაიკუტი (Kykuit): 1913 წელს კლასიკური აღორძინების სტილში გაშენებული მამული, რომელიც როკფელერების ოთხი თაობის საცხოვრებელს წარმოადგენდა; მის სარდაფში მოწყობილი ხელოვნების გალერეა და ეზო განსაკუთრებით შთამბეჭდავია. ასევე ღირს ფილიპსბურგის მამულის მონახულება, რომელიც დამთვალიერებლებს 1750 წელში აბრუნებს და მონათმფლობელური საზოგადოების მძიმე რეალობას აცნობს. ცოტა უფრო მოშორებით კი, ვაშინგტონ ირვინგის „სანისაიდი“ (Sunnyside) მდებარეობს, მწერლის საყვარელი სახლი სანაპიროზე, რომელიც სრულად ასახავს მის ექსცენტრულ ბუნებას.

2. როქევეი, ქვინსი (ROCKAWAY, QUEENS)

მგზავრობის ხანგრძლივობა: 1 სთ

როქევეის სანაპიროზე (Rockaway Beach) მოსახვედრად ქუინსის რაიონის დატოვებაც კი არ დაგჭირდებათ; მეტიც, აქ ჩამოსვლას მეტროს ერთი ბილეთის ფასად შეძლებთ. ჩაჯექით A ხაზის მატარებელში, რომელიც “Far Rockaway“-სკენ მიდის, ან S ხაზის მატარებელში როქევეის პარკის მიმართულებით. შეგიძლიათ აირჩიოთ უფრო თვალწარმტაცი მარშრუტი და ნიუ-იორკის ბორნებით იმგზავროთ. ამერიკის ყველაზე დიდ ურბანულ პლაჟზე, რომელიც ჯგუფ “რამონესის” 1977 წლის ჰიტმა („Rockaway Beach“) გახადა ცნობილი, ორი სრულიად განსხვავებული სამყარო დაგხვდებათ: პლაჟის დასავლეთ ნაწილში მიგიზიდავთ ჯეიკობ რიისის პარკი, ხოლო მის გვერდით კი პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ფორტ ტილდენის გამწვანებული ნანგრევები მდებარეობს. დაახლოებით 108-ე ქუჩის სანაპიროდან იწყება აღმოსავლეთი ნაწილი, სადაც ქალაქის ერთადერთი ოფიციალური სერფინგის პლაჟია მოწყობილი. აქ ცოცხალი და ენერგიული გარემო დაგხვდებათ. სანაპირო ზოლის გაყოლებაზე მდებარე კაფე-ბარებში ყველაფერს იპოვით: ლობსტერის როლებიდან დაწყებული პიცით დასრულებული. შეგიძლიათ აიღოთ სერფინგის გაკვეთილებიც.

3. სენდი ჰუკი, ნიუ ჯერსი (SANDY HOOK)

მგზავრობის ხანგრძლივობა: 1 სთ მანქანით ან ბორნით

მანჰეტენიდან სენდი-ჰუკის  მიმართულებით მოძრაობს მაღალსიჩქარიანი ბორანი “Seastreak”, რომელსაც მიდთაუნიდან თუ დაუნთაუნიდან დაახლოებით ერთი საათი სჭირდება. ალტერნატიული გზაა მატარებელი და 834 ნომერი ავტობუსი. თავისი სანაპიროებით, ხის საცალფეხო ბილიკებითა და გასართობი ადგილებით, ჯერსის ნაპირი პოპულარული დასასვენებელი ადგილი ჯერ კიდევ მანამ იყო, სანამ ამავე სახელწოდების ცნობილი ტელეშოუ გამოჩნდებოდა.  ეს პლაჟები ეროვნული სარეკრეაციო ზონის ნაწილია, ბორნით მგზავრობისას კი გზიდან თავისუფლების ქანდაკებასაც მოკრავთ თვალს. დამთვალიერებლებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ რეინჯერების უფასო ტურებზე, რათა ავიდნენ სენდი-ჰუკის შუქურის კენწეროზე. 1764 წლით დათარიღებული ეს ნაგებობა ქვეყანაში ყველაზე ძველი მოქმედი შუქურაა.

4. ლონგ აილენდის ოქროს სანაპირო (LONG ISLAND’S GOLD COAST)

მგზავრობის ხანგრძლივობა: 1სთ. 15 წთ

თუ „დიდებული გეტსბი“ გიყვართ, დროა ამ უდიდესი ამერიკული რომანის აღსანიშნავად. „მოოქროვილი ხანის“ იმ მდიდრულ სასახლეებს ესტუმროთ, რომლებმაც მწერალს შთაგონება მისცეს და რომლებიც ლონგ-აილენდის ოქროს სანაპიროზე, ქუინსის აღმოსავლეთით მდებარეობენ. ამ მოგზაურობისთვის მანქანა საუკეთესო არჩევანია. ტური დაიწყეთ „ოულდ ვესტბერის ბაღებით“. ეს თვალუწვდენელი და დიდებული, გალავნით შემოსაზღვრული ბაღი ძალიან გვაგონებს დეიზი ბიუკენენის სახლს. ამის შემდეგ გეზი ვანდერბილტის მუზეუმისა და პლანეტარიუმისკენ აიღეთ; ეს არის ესპანური აღორძინების სტილის გრანდიოზული სასახლე, რომელიც უილიამ კ. ვანდერბილტ II-ს (სანაოსნო მაგნატის, კორნელიუს ვანდერბილტის შვილთაშვილს) ეკუთვნოდა. კომპლექსი ამაყობს საკუთარი საზღვაო და ბუნების ისტორიის მუზეუმითა და პლანეტარიუმით. დღე დააგვირგვინეთ ვახშმით ოჰეკას ციხესიმაგრეში რომელიც, ალბათ, ყველაზე საკულტო სასახლეა ლონგ-აილენდის ოქროს სანაპიროზე. ბანკირისა და ფილანთროპ ოტო ჰერმანისთვის აშენებული ეს შატოს სტილის რეზიდენცია ყველაზე დიდი კერძო სახლია ნიუ-იორკის შტატში.

5. ბიკონი (BEACON)

მგზავრობის ხანგრძლივობა: 80 წთ

ბიკონის ღირსშესანიშნაობების უმეტესობა რკინიგზის სადგურიდან ფეხით სავალ მანძილზეა, ამიტომ მატარებელი ამ მხრივ საუკეთესო არჩევანია. „ჩამოდით ხელოვნების გამო, დარჩით ოსტატობისთვის“: ასეთია ბიკონის მთავარი ლოზუნგი. ეს ქალაქი ნიუ-იორკიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 90კმ-ს დაშორებით, მდინარე ჰადსონის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. მართალია, „დია ხელოვნების ფონდს“ნიუ-იორკშიც აქვს ფილიალები, მაგრამ ის ყველაზე მეტად ცნობილია თავისი მთავარი, ჰადსონის ველის საგამოფენო სივრცით: „დია ბიკონით“ (Dia Beacon), რომელიც 2004 წელს გაიხსნა. მუზეუმი დამთვალიერებლებს 1960-იანი წლებიდან 2020-იან წლებამდე პერიოდის თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებში ამოგზაურებს. შემდეგ გაისეირნეთ ქალაქში, რომელიც სავსეა სხვადასხვა ჟანრის სამხატვრო გალერეებითა და სტუდიებით; დაათვალიერეთ საინტერესო ვინტაჟური მაღაზიები; მათ კი, ვისაც უფრო აქტიური თავგადასავლები იზიდავს, შეუძლიათ ბიკონის მთაზე ავიდნენ, საიდანაც ჰადსონის ველის ულამაზესი ხედები იშლება.

6. “COLD SPRING”

მგზავრობის ხანგრძლივობა: 90 წთ

გრანდ ცენტრალის სადგურზე ჩაჯექით მატარებელში და სულ რაღაც 75 წუთში პირდაპირ ქოლდ-სპრინგის შუაგულში აღმოჩნდებით. ნიუ-იორკიდან ჩრდილოეთით მდებარე პატნამის ოლქის ეს პატარა დასახლება იდეალურ გარემოს ქმნის დიდი ქალაქის ხმაურისგან დასასვენებლად. აქ დაგხვდებათ ბუტიკებით, ანტიკვარული მაღაზიებითა და კაფე-რესტორნებით სავსე ისტორიული ცენტრი; სანაპირო პარკი მდინარე ჰადსონის ხედებით და საფეხმავლო ბილიკები ვესტ-პოინტის ისტორიულ ნაკრძალში. რაც ყველაზე კარგია, ეს ყველაფერი ძალიან კომპაქტურადაა განლაგებული და მატარებლის სადგურიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზეა.

7. “NEW HAVEN”

მგზავრობის ხანგრძლივობა: 90 წთ

„გრანდ ცენტრალის“ სადგურიდან ნიუ-ჰეივენის ხაზის მატარებლები მთელი დღის განმავლობაში მოძრაობენ და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად დაახლოებით 2 საათი სჭირდებათ. პიცის გამო ნიუ-იორკიდან სხვაგან წასვლა შესაძლოა სიგიჟედ მოგეჩვენოთ, თუმცა კონექტიკუტის საუნივერსიტეტო ქალაქმა ნიუ-ჰეივენმა – რომელიც იელის უნივერსიტეტითაა ცნობილი, პიცის მომზადების საკუთარი, განსაკუთრებული სტილი შექმნა. ადგილობრივი პიცა არის თხელცომიანი, ნეაპოლიტანური სტილის ვერსია, რომელიც ნახშირის ღუმელში ცხვება და მას „აპიცას“ (apizza) ეძახიან (ეს დასახელება ნეაპოლიტანური დიალექტიდანაა ნასესხები). Frank Pepe Pizzeria აქ ყველაზე ძველი დაწესებულებაა. ის 1925 წელს გახსნა ნეაპოლელმა იმიგრანტმა, რომელმაც კერძს საკუთარი შტრიხები შესძინა ვეზუვის მთის ძირას მოყვანილი პომიდვრისა და სარდინიული პეკორინოს ყველის გამოყენებით. იქვე, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს Sally’s Apizza, რომელიც 1938 წელს სალვატორე „სალი“ კონსილიომ დააარსა. ეს მოკრძალებული, სულ რაღაც 15-მაგიდიანი პიცერია თავის უნიკალურობას სპეციალური ღუმელებით უსვამს ხაზს. სთეიტ-სტრიტზე (State St) მდებარე Modern Apizza-ც იმავე ეპოქას ეკუთვნის; ის 1934 წელს ტონი ტოლიმ დააფუძნა, რომელიც კონექტიკუტში დაიბადა, თუმცა იტალიაში გაიზარდა. ამ კულინარიულ სივრცეს 1991 წელს შემოუერთდა პიცერია Bar, რომელიც სტუმრებს შედარებით სქელცომიან პიცას სთავაზობს ისეთი უჩვეულო ინგრედიენტებით, როგორებიცაა კარტოფილის პიურე, კვერცხი და საქონლის მკერდის ხორცი.