სანაპირო თავშესაფრებიდან და მთის კურორტებიდან დაწყებული, დროში გაყინული ისტორიული მარგალიტებით დამთავრებული, ეს მივიწყებული ამერიკული პატარა ქალაქები გთავაზობთ ცხოვრების შედარებით მშვიდ რიტმს, და დაუვიწყარ პეიზაჟებს. თუ გეგმავთ მოგზაურობას ქვეყნის ცნობილი დიდი ქალაქების მიღმა, ეს მომხიბვლელი მიმართულებები ნამდვილად იმსახურებენ ადგილს თქვენს სამოგზაურო მარშრუტში.

მერიკის შეერთებული შტატები სავსეა მსოფლიოში ცნობილი ღირსშესანიშნაობებით, თუმცა მისი ზოგიერთი უდიდესი საგანძური ჩვეულებრივი ტურისტული მარშრუტებიდან მოშორებით მდებარეობს. ქვეყნის მასშტაბით მიმობნეულია ფერადი, ულამაზესი პატარა ქალაქები, სადაც ისტორია, ბუნება და თბილი მასპინძლობა ერთიანდება და დაუვიწყარ დასვენებას გპირდებათ. ეს ათი მიმართულება ამტკიცებს, რომ საუკეთესო თავგადასავლები ხშირად სწორედ ისეთ ადგილებში იწყება, რომელთა შესახებაც შესაძლოა აქამდე არც კი გსმენიათ.

ქამდენი, მენი

მენის კლდოვან სანაპიროზე მდებარე ქამდენი ჰარმონიულად აერთიანებს მოქმედ ნავსადგურსა და ახალი ინგლისისთვის დამახასიათებელ ხიბლს. ტყიანი ბორცვებით გარშემორტყმული ქალაქი, რომელიც ყურეს გადაჰყურებს, იდეალური ბაზაა ნაოსნობისთვის, ლაშქრობისთვის ან უბრალოდ ნავებზე დაკვირვებისთვის.

ბერლინი, მერილინდი

ატლანტიკის ოკეანის პლაჟებთან ახლოს მდებარე “ამერიკული” ბერლინი სავსეა მშვენივრად შემონახული ვიქტორიანული არქიტექტურით, ელეგანტური მაღაზიებითა და მყუდრო კაფეებით. მისმა მშვიდმა ატმოსფერომ ქალაქს აღმოსავლეთ სანაპიროს ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი პატარა ქალაქის რეპუტაცია შესძინა.

ამელია აილენდი (ამელიას კუნძული), ფლორიდა

განიერი ქვიშიანი სანაპიროებით, ისტორიული ქუჩებითა და ესპანური ხასხასა ხავსით დაფარული ულამაზესი მუხებით, ამელია აილენდი ფლორიდის შედარებით მშვიდ და ნაზ მხარეს წარმოაჩენს. გამოიკვლიეთ ფერნანდინა-ბიჩი, დაათვალიერეთ ადგილობრივი გალერეები ან დააგემოვნეთ ახალი ზღვის პროდუქტები წყლის ხედების ფონზე.

ჰაილენდსი, ჩრდილოეთი კაროლინა

ბლუ-რიჯის მთებში მდებარე ჰაილენდსი გამაჯანსაღებელი თავშესაფარია, რომელიც ცნობილია თავისი ჩანჩქერებით, ტყის ბილიკებითა და ზაფხულის გრილი ტემპერატურით. მყუდრო სასტუმროები და შესანიშნავი რესტორნები კიდევ უფრო ზრდის მის მიუღწეველ, მიმზიდველ ხიბლს.

მიდლბურგი, ვირჯინია

ცხენების საშენები, ვენახები და ელეგანტური ისტორიული შენობები მიდლბურგის სავიზიტო ბარათია. ეს მშვენიერი დასახლება გთავაზობთ დახვეწილ მაღაზიებში შოპინგს, ულამაზეს საავტომობილო მარშრუტებსა და სოფლის სეირნობებს, რაც მას იდეალურ ადგილად აქცევს ახლომდებარე ვაშინგტონის ხმაურისგან დასასვენებლად.

ბარდსთაუნი, კენტუკი

„ბურბონის მსოფლიო დედაქალაქად” წოდებული ბარდსთაუნი მდიდარ ისტორიასა და სამხრეთულ მასპინძლობას აერთიანებს. ისეირნეთ მის მომხიბვლელ ქუჩებში, ეწვიეთ ისტორიულ სახლებს და აღმოაჩინეთ, თუ როგორ გახდა კენტუკის ცნობილი სასმელი ამ ქალაქის იდენტობის ნაწილი.

ბისბი, არიზონა

მექსიკის საზღვართან ახლოს, მთებში შეფენილი ბისბი, ოდესღაც აყვავებულ მაღაროელთა დასახლებიდან, ენერგიულ, სახელოვნებო ქალაქად იქცა. ბორცვებზე განთავსებული ფერადი სახლები, ორიგინალური გალერეები და საინტერესო მუზეუმები მას სრულიად გამორჩეულ და უნიკალურ ხასიათს სძენს.

ფრედერიქსბურგი, ტექსასი

გერმანელი ემიგრანტების მიერ დაარსებული ფრედერიქსბურგი ტექსასური მასპინძლობისა და ევროპული მემკვიდრეობის უნიკალურ ნაზავს გთავაზობთ. ვიზიტორებს შეუძლიათ დააგემოვნონ გემრიელი ღვინოები, დაათვალიერონ მომხიბვლელი მაღაზიები და დატკბნენ ველური ყვავილების ყვავილობით, რომელიც გარშემომდებარე ჰილ-ქანთრის ველებს შთამბეჭდავად ფარავს.

გალენა, ილინოისი

მე-19 საუკუნის ისტორიით გაჟღენთილი ქალაქი გალენა ამაყობს ულამაზესად შემონახული აგურის შენობებითა და ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ცენტრალური ქუჩით. ანტიკვარული მაღაზიები, მყუდრო კაფეები და მწვანე ბორცვები მას წლის ნებისმიერ დროს მიმზიდველ მიმართულებად აქცევს.

მაკინო-აილენდი (მაკინოს კუნძული), მიჩიგანი

მაკინო-აილენდზე ფეხის დადგმა დროში მოგზაურობას ჰგავს. ვინაიდან კუნძულზე კერძო ავტომობილები აკრძალულია, ვიზიტორები არემარეს ველოსიპედით, ეტლითა თუ ფეხით იკვლევენ. გრანდიოზული ვიქტორიანული არქიტექტურა, ტბის ხედები და კუნძულის ცნობილი ფაჯი (ტკბილეული) ნებისმიერი ამერიკული მოგზაურობის დაუვიწყარ ფინალს ქმნის.

ეს შედარებით ნაკლებად ცნობილი ქალაქები ამერიკის შეერთებული შტატების სრულიად განსხვავებულ მხარეს წარმოაჩენს. შესაძლოა სწორედ აქ აღმოაჩინოთ თქვენი ახალი საყვარელი ადგილი.