არ აქვს მნიშვნელობა, ტოკიოს სულ პირველად სტუმრობთ თუ უკვე მეთხუთმეტედ, დედაქალაქის სიახლოვეს უამრავი სიურპრიზი გელოდებათ. ნიკოსა (Nikkō) და კამაკურას (Kamakura) ტაძრები და სალოცავები იაპონიის ისტორიის გამორჩეული ძეგლებია. ხოლო ტაკაოს მთა, ჰაკონე და კუნძული იძუ-ოშიმა ბუნებრივ კონტრასტს ქმნის ტოკიოს ხალხმრავალ, ურბანულ გარემოსთან. ადგილები რომლებსაც შენი მეგზური გირჩევთ, ხელმისაწვდომია ტოკიოს ცენტრალური სადგურიდან სულ რაღაც ერთ-ორ საათში, მატარებლით.

გთავაზობთ ჩვენს რჩეულ მიმართულებებს ტოკიოდან ერთდღიანი მოგზაურობისთვის:

1. ეწვიეთ კამაკურას დიდ ბუდას

მგზავრობის დრო: 1 საათი

მგზავრობის საშუალება: მატარებელი

1185 წლიდან 1333 წლამდე სანაპირო ქალაქი კამაკურა იაპონიის ძალაუფლების ცენტრად იქცა და კიოტო ჩაანაცვლა. ამ ეპოქის ნაშთები თანამედროვე კამაკურას საინტერესო მიმართულებად აქცევს. მთავარ ღირსშესანიშნაობებს შორისაა დიდებული ცურუგაოკა ჰაჩიმანგუს სალოცავი და სხვადასხვა ტაძრები, როგორებიცაა კენჩო-ჯი: იაპონიის უძველესი ძენ-მონასტერი, და ჰოკოკუ-ჯი თავისი პატარა ბამბუკის ტყით. კამაკურას მთავარი ღირსშესანიშნაობაა დაიბუცუ, ბრინჯაოს ბუდას 11.3 მეტრიანი ქანდაკება, რომელიც 1252 წლით თარიღდება და მას შემდეგ აქ მშვიდად განისვენებს.

როგორ ჩავიდეთ კამაკურაში ტოკიოდან: იმგზავრეთ JR Yokosuka-ს ხაზით ტოკიოს სადგურიდან კამაკურას სადგურამდე. კამაკურას ღირსშესანიშნაობების უმეტესობა ფეხით სავალ მანძილზეა, თუმცა დიდ ბუდასთან მისასვლელად უნდა გაჰყვეთ რეტრო ტრამვაის, ენოდენს, სამი გაჩერებით ჰასემდე, საიდანაც სულ რაღაც 5 წუთის სავალია.

2. იმგზავრეთ ბორნით იძუ-ოშიმაზე, რათა დატკბეთ კუნძულის ცხოვრებით

მგზავრობის დრო: 1 საათი და 45 წუთი

მგზავრობის საშუალება: ბორნით, შემდეგ ავტობუსით, ველოსიპედით ან ავტომობილით

იძუს კუნძულთა ჯაჭვი და შორეული ოგასავარას არქიპელაგი ტექნიკურად ტოკიოს ფარგლებში შედის. მათ შორის მატერიკთან ყველაზე ახლოს მდებარე კუნძული, იძუ-ოშიმა, იდეალურია ქალაქგარეთ აქტიური დასვენებისთვის. ლაშქრობის მოყვარულებს შეუძლიათ დალაშქრონ ვულკანური მთა მიჰარას კრატერი, რომელიც ოშიმას ყველაზე მაღალი მწვერვალია, შემდეგ კი განიტვირთონ მიჰარაიამას ღია ცის ქვეშ მდებარე ცხელ წყაროებში. შეგიძლიათ ასევე, იქირაოთ ველოსიპედი და კუნძულის სანაპირო ზოლი შემოიაროთ; გზად შეგხვდებათ ცხელი წყაროები, გამორჩეული კლდოვანი წარმონაქმნები და გაზაფხულზე კამელიებიც.

როგორ ჩავიდეთ კუნძულ ოშიმაზე ტოკიოდან: ისარგებლეთ მაღალსიჩქარიანი ბორნით (jet ferry) ტოკიოს ტაკეშიბას ტერმინალიდან ან JR ჰამამაცუჩოს სადგურიდან (იამანოტეს ხაზი). ბორნები ჩადის ოშიმას მოტომაჩის ან ოკატას პორტებში, საიდანაც შეგიძლიათ მთავარ ღირსშესანიშნაობებთან მიხვიდეთ ავტობუსით; ან იქირაოთ ველოსიპედი ან მანქანა.

3. ეწვიეთ ნიკოს შთამბეჭდავ ტოსიოგუს

მგზავრობის დრო: 1 საათი და 45 წუთი

მგზავრობის საშუალება: მატარებლით, შემდეგ ავტობუსით ან ფეხით

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ტოსიოგუ (Tōshō-gū) იაპონიის გამორჩეული ძეგლია. გიგანტური კედარებით გარშემორტყმული ბილიკის გავლის შემდეგ, იხილავთ ხუთსართულიან კოშკს და ჭიშკრებს რომლებიც მორთულია ფრინველებისა და დრაკონების ცოცხალი ჩუქურთმებით. კომპლექსის სხვა ნაწილში ნახავთ რინო-ჯის (Rinnō-ji) ბრწყინვალე მოოქროვილ ბუდებსა და დახვეწილ დეკორაციებს. მათ შორისაა სამი მაიმუნის გამოსახულება, რომლებიც ცნობილ ანდაზას განასახიერებენ: “ვერ ვხედავ, ვერ ვამბობ, არ მესმის ეშმაკის”.

როგორ ჩავიდეთ ნიკოში ტოკიოდან: ნიკოში ორი მეზობელი სადგურია: JR Nikkō და Tōbu Nikkō. ყველაზე სწრაფი გზაა ისარგებლოთ ექსპრეს-მატარებლებით (Tōbu Railway-ს Kegon ან Spacia X). დადიან ავტობუსებიც.

4. გაემართეთ ტაკაოს მთისკენ ლაშქრობისთვის, ხედებისა და სუფთა ჰაერისთვის

მგზავრობის დრო: 55 წუთი

მგზავრობის საშუალება: მატარებლით, შემდეგ ფეხით ან საბაგიროთი

ფუჯის მთის საუცხოო ხედებისთვის სულაც არ არის საჭირო ჰაკონეში წახვიდეთ. მოწმენდილ ამინდში, ფუჯი ტაკაოს მთის მწვერვალიდანაც დიდებულად მოსჩანს. ტაკაო კვლავ ტოკიოს ფარგლებშია და ქალაქის სტუმრებისთვის ის, შესაძლოა, იაპონურ ბუნებასთან ზიარების ყველაზე მარტივი გზა იყოს. ლაშქრობა მწვერვალამდე 90 წუთიდან 2 საათამდე გრძელდება, ხოლო შუა გზამდე საბაგიროთი ასვლა ამ დროს ორჯერ დაგიზოგავთ. გზად გაივლით იაკუო-ინის (Yakuō-in) ტაძარს, ასკეტური წვრთნის ცენტრს. მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე, გაზაფხულზე ალუბლები ყვავის და პიკნიკებისთვის პოპულარული ადგილია, ხოლო სეზონური ლუდის ბაღი “Beer Mount” იდეალურია ცივი სასმლით გაგრილებისთვის.

როგორ ჩავიდეთ ტაკაოზე ტოკიოდან: იმგზავრეთ Keio Line-ის სპეციალური ექსპრესით შინჯუკუდან ტაკაოსან-გუჩის (Takaosan-guchi) სადგურამდე. იქიდან 5 წუთის სავალზეა როგორც მთის ძირას მდებარე ბილიკის დასაწყისი, ისე საბაგირო, რომელსაც მწვერვალის შუა ნაწილამდე აჰყავხართ.

5. ჩაიძირეთ ჰაკონეს ცხელ წყაროებსა და პეიზაჟებში

მგზავრობის დრო: 1 საათი და 20 წუთი

მგზავრობის საშუალება: მატარებლით

მთიანი ჰაკონე ტოკიოდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გასაქცევია. აქ სტუმრობა საშუალებას მოგცემთ ახლოდან დაინახოთ ფუძიამას მთა და ოვაკუდანის გოგირდის ველი. გარდა ამისა, აქ დაგხვდებათ ცხელი წყაროების კომპლექსები, როგორიცაა იუნესუნი (Yunessun), და ღია ცის ქვეშ მდებარე ხელოვნების მუზეუმი, სადაც როდენისა და პიკასოს ნამუშევრებია წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ჰაკონეს დათვალიერება ერთ დღეშიც შესაძლებელია, შეგიძლიათ განიხილოთ ღამისთევა რიოკანებში. ეს ტრადიციული სასტუმროებია, რომლებსაც საკუთარი ცხელი წყაროების აბაზანები აქვთ.

როგორ ჩავიდეთ ჰაკონეში ტოკიოდან: ისარგებლეთ Odakyu-ს Romancecar-ის ექსპრესით შინჯუკუს სადგურიდან ჰაკონე-იუმოტოს სადგურამდე. დაგჭირდებათ ადგილის დაჯავშნა, თუმცა უქმე დღეების გარდა, ბილეთის ყიდვა სადგურზე მგზავრობის დღესაც შეგიძლიათ. თანხის დასაზოგად შეიძინეთ Hakone Freepass. ის ფარავს მატარებლით მგზავრობას ორივე გზაზე და 2 ან 3 დღის განმავლობაში გაძლევთ ავტობუსების, საბაგიროებისა და სხვა სატრანსპორტო ქსელების შეუზღუდავი გამოყენების უფლებას, რაც ჰაკონეში გადასაადგილებლად დაგჭირდებათ.