ბავარია აერთიანებს მწვერვალებს, შუასაუკუნეების ქალაქებს, 21-ე საუკუნის მუზეუმებს, რომაულ ნანგრევებს და ალპურ ტბებს. ბავარიაში მიუნხენის აეროპორტიდან მოხვდებით. აქ მანქანითაც და მატარებლითაც მარტივად ივლით. ბავარიით ტკბობა შესაძლოა განუსაზღვრელი ვადით გესიამოვნოთ, მაგრამ თუ აქ დროებით ხართ, შენი მეგზური 9 საუკეთესო აქტივობას გირჩევთ:
1. ადით ალპებში
გერმანულ ალპებში ცენტრალური მიუნხენიდან მატარებლით მალე მოხვდებით. აქ ქვეყნის ყველაზე მაღალი მთა ზუგსპიცე (Zugspitze) მდებარეობს, რომელზეც მატარებლები და საბაგიროები ადიან. სათხილამურო სეზონი აქ დეკემბრიდან აპრილამდეა. სხვა დროს დატკბებით მთის ხედებით, ლაშქრობის შესაძლებლობით და ტბებით.

2. ჩაიკარგეთ მსოფლიო დონის მუზეუმებში
ბავარიას ევროპაში გამორჩეულად საუკეთესო მუზეუმები აქვს. მხოლოდ მიუნხენის მუზეუმებიც კი კმარა კულტურით დასატკბობად. მათ შორისაა ცნობილი პინაკოთეკენი (Pinakotheken). გერმანიის მუზეუმი (The Deutsches Museum) ქვეყნის ტექნიკურ წარსულს წარმოგვიდგენს, ნურემბერგში კი ქვეყნის საუკეთესო სარკინიგზო მუზეუმი დაგხვდებათ (Deutsche Bahn Museum). არ უნდა გამოგრჩეთ არც ეროვნული მუზეუმი (Nationalmuseum) გერმანიის კულტურის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მიუნხენის ბევრი მუზეუმი და გალერეა კვირა დღეს 1 ევრო ღირს.

3. დააგემოვნეთ ბავარიული სასმელი
მიუნხენს ხშირად “ხელოვნების და ლუდის ქალაქს” უწოდებენ. თუ დღეს ხელოვნებას მიუძღვნით, საღამოს ადგილობრივი ლუდის დაგემოვნების ჯერი უნდა დადგეს. აქ ხომ ყოველწლიურად საკულტო ოქტობერფესტი ტარდება, რომელიც მილიონობით სტუმარს იზიდავს. ლუდი გემრიელია არამხოლოდ მიუნხენში, არამედ ფრანკონიაში, ბავარიის ჩრდილოეთ რეგიონში. აქ ბევრი ადგილობრივი ლუდსახარში მდებარეობს. ბავარიული ფენომენია “ბირ გარდენიც”, რომელიც გერმანიის კულტურის ნაწილია. ესაა მაგიდები და სკამები ხეების გარემოცვაში, სადაც გემრიელი ჩამოსასხმელი ლუდია.

4. აღმოაჩინეთ ლუდვიგ მეორეს სასახლეები
ყველა ბავარიული ქალაქი გვთავაზობს შუასაუკუნოვან სასახლეებს. მაგალითად, ქალაქ ფუსენთან მდებარე ნეუშვანშტეინი (Schloss Neuschwanstein) გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. ამ სასახლემ შთააგონა უოლტ დისნეი. ლუდვიგ მეორეს სახელს მიეკუთვნება კიდევ ორი სასახლე – ბავარიის უდიდეს ტბაზე მდებარე ჩიემსე და ლინდერჰოფი.

5. იგრძენით “ბე-ემ-ვეს” სიჩქარე
ბავარია ავტომოყვარულებისთვის ორ მნიშვნელოვან ლოკაციას აერთიანებს: ბე-ემ-ვეს სამყაროს მიუნხენში და აუდის ინგოლშტადში. BMW Welt – კომპანიის ბოლო მოდელებს წარმოგვიდგენს, რომლებში ჩასხდომაც შეგიძლიათ. იქვე მდებარეობს მუზეუმიც.

6. შეიგრძენით ბავარიული ტრადიციები
ოქტობერფესტი და საშობაო ბაზრობები ბავარიის ღრმად ფესვგადგმულ ტრადიციებს წარმოგიდგენთ. თუმცა, აქ პატარ-პატარა ტრადიციულ ჟესტებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობთ. მაგალითად, ნახავთ ავთენტურ კოსტიუმებში გამოწყობილ ადამიანებს ალპურ ტავერნებში. ბავარია არის ადგილი, სადაც კულტურა და ტრადიციები დიდ მნიშვნელობას იძენენ.

7. შეიძინეთ ავთენტური ნივთები
მიუნხენში ყველა ბიუჯეტზე მორგებული სავაჭრო ობიექტებია: მდიდრული ბუტიკებიდან მეორად წიგნების მაღაზიებამდე. ბავარიიდან აუცილებლად უნდა გაიყოლოთ უნიკალური ნივთები და სუვენირები. ასეთია მაგალითად ფოლკ-კოსტიუმი, რომლის იაფი ვერსიებიცაა. ასევე, გირჩევთ მინის ნაწარმს

8. გაინავარდეთ ბავარიის საოცარ ტბებში
მიუნხენსა და ალპებს შორის მდებარე ტბები მშვიდ სოფლებთან მდებარეობენ და მათთან მიუნხენიდან მატარებლით მარტივად მოხვდებით. მაგალითად, ფუნფსილენდი (Fünfseenland) 5 ტბას აერთიანებს. მათ შორის ყველაზე პოპულარულია სტარნბერგერ სი (Starnberger See), ნავებით სასიარულოდ კი გირჩევთ ჩიმსის (Chiemsee).

9. გაყევით “რომანტიკულ გზას”
“რომანტიკული გზა” გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მარშრუტია, რომელიც 350 კმ-ზეა გადაჭიმული. ის იწყება ვურზბურგში და მთავრდება სამხრეთ ალპებში. სავარაუდოდ ერთი კვირა დაგჭირდებათ ყველა ქალაქის და სოფლის მოსავლელად, რომელიც რომანტიკულ გზას მოიცავს. ეს შეგიძლიათ საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც შეასრულოთ. ზაფხულში ამ გზას მილიონობით ვიზიტორი სტუმრობს, ამიტომაც გაითვალისწინეთ ხალხმრავლობა ან ეწვიეთ სხვა სეზონზე.











