ისტორიული შუასაუკუნოვანი ქალაქი – ნურემბერგი გერმანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია ხელოვნების და კულტურის მიმართულებით და ქვეყნის პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. ბავარიის სიდიდით რიგით მეორე ქალაქი ტექნოლოგიური მიღწევებითაც გამოირჩევა. მეორე მსოფლიო ომისგან დაზიანების მიუხედავად, ძველი ქალაქის ბევრი ნაგებობა კვლავ შემონახულია, მათ შორის ისტორიული კედლები. მიუნხენიდან აქ ერთდღიანი ტურით ადვილად მოხვდებით.
გაისეირნეთ ფეხით ნურემბერგის ციხესიმაგრეზე
ნურემბერგის ციხესიმაგრე ძველ ქალაქშია (Altstadt) და ქალაქის ხედზე დომინირებს. 350 მ. სიმაღლის ეს შთამბეჭდავი ციხე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული შუა საუკუნეების ციხეა. აქ მდებარეობს ციხესიმაგრის მუზეუმიც და ულამაზესი ბაღებიც. აქ სეირნობისას თავი მე-16 საუკუნეში გეგონებათ.
მისამართი: Burg 17
მიირთვით ჰაუფთმარკტში
ნურემბერგის ციხის მონახულების შემდეგ, გაატარეთ დრო ქალაქის ბაზარში (Hauptmarkt). საუკუნეების წინ, გერმანიაში მოედანზე გაშლილი ბაზრობები ყოველდღიურობის ნაწილი იყო და ტრადიციები დღემდე ნარჩუნდება. აქ ნახავთ ქალაქის ერთადერთ ბაროკოს ტაძარს, ძველი მერიის შენობას და ისტორიულ შადრევნებს. ახალი წლის პერიოდში აქ იმართება საშობაო ბაზრობა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია და მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.
გაიარეთ ნურემბერგის ისტორიულ ქალაქის კედლებთან
ნურემბერგის უნიკალური კედლები მე-14 საუკუნით თარიღდებიან. კედლებს 5 კილომეტრიანი ბილიკი მიუვებათ, გზად ჭიშკრები და კოშკურები შეგხვდებათ, რომლებიც უნდა გამოიკვლიოთ. დაათვალიერეთ უძველესი საპატიმროებიც.
მისამართი: Rathauspl. 2
შეისწავლეთ ისტორია გერმანულ ეროვნულ მუზეუმში
Germanisches Nationalmuseum ქვეყნის უდიდეს კოლექციებს ინახავს დაკავშირებულს გერმანიის ხელოვნებასთან და კულტურასთან. ნახავთ ანტიკურ თოჯინებსაც. სუვენირებისთვის ეწვიეთ მუზეუმის მაღაზიას.
მისამართი: Kartäusergasse 1
ნურემბერგის ტრანსპორტის მუზეუმი
Verkehrsmuseum Nürnberg – ძველი ქალაქის კედლებთან მდებარეობს და რამდენიმე გამოფენას აერთიანებს, მათ შორის, გერმანიის სარკინიგზოს. აქ ნახავთ სამეფო მატარებლებსაც და გერმანიის პირველი მატარებლის რეპლიკას. საავტომობილო სივრცეში დაგხვდებათ 90 ვინტაჟური მანქანა.
მისამართი: Lessingstraße 6
დატკბით წმ. ლოურენსის ეკლესიის არქიტექტურით
ლორენზერ პლაცზე მდებარე ეს მე-14 საუკუნის გასაოცარი გოთიკური ტაძარი ქალაქის უდიდესი ეკლესიაა. მისი არქიტექტურული დეტალები ყველას შთაბეჭდილების ქვეშ აქცევს.
მისამართი: Lorenzer Pl. 1
დაათვალიერეთ სათამაშოების მუზეუმი
Spielzeugmuseum – ევროპის გამორჩეული მუზეუმია, სადაც ყველა ასაკის ბავშვიც და ზრდასრულიც გაერთობა. აქ უნიკალურ სათამაშოებს სხვადასხვა ქვეყნიდან და პერიოდიდან იხილავთ. ძვირფას კოლექციებს შორისაა უნიკალური სამაგიდო თამაშებიც.
მისამართი: Karlstrasse 13-15
ნურემბერგის ზოოპარკი
აუცილებლად ეწვიეთ ნურემბერგის ზოოპარკს, სადაც 2000-ზე მეტი ცხოველი ბინადრობს. ის 1912 წელს გაიხსნა და ევროპის ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ზოოპარკია. აქ სიმწვანე და საოცარი ბუნება დაგხვდებათ მშვენიერი სეირნობის დასაგეგმად.
მისამართი: Am Tiergarten 30
ნურემბერგის ახალი მუზეუმი
Neues Museum – აუცილებლად სანახავ თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს აერთიანებს. შენობაც საკმაოდ თანამედროვეა საინტერესო არქიტექტურული მიგნებებით. აქ ნახავთ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არტისტებს.
მისამართი: Luitpoldstraße 5
ინდუსტრიული კულტურის მუზეუმი
Gewerbemuseum ქალაქის ინდუსტრიულ წარსულზე ფოკუსირდება და გვაჩვენებს როგორ ვითარდებოდა სხვადასხვა ინდუსტრია ნურემბერგში საუკუნეების მანძილზე. ამავე შენობაშია მოტოციკლეტების მუზეუმიც.
მისამართი: Äußere Sulzbacher Str. 62
გაერთეთ გასართობ პარკში
Playmobil FunPark – საოცარი ადგილია ნურემბერგის სიახლოვეს. აქ ყველა ასაკის ადამიანი გაერთობა სამი წლიდან ზევით. დაათვალიერებთ სხვადასხვა ცნობილ სასახლეს და შეხვდებით გმირებს. ხშირად ტარდება სეზონური ფესტივალები და ღონისძიებები.
მისამართი: Brandstätterstraße 2-10
Schloss Neunhof
ნურემბერგიდან 9 კილომეტრში მდებარე ეს ძველებური სახლი ისტორიულ დოკუმენტებში პირველად 1246 წელსაა მოხსენიებული. ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული ნაგებობა მშვენიერი ინტერიერით და თვალწარმტაცი ბაღით მოგხიბლავთ. მოიწყვეთ პიკნიკი ამ საოცარ ხედზე.
მისამართი: Neunhofer Schloßplatz 2