გერმანიის სიდიდით რიგით მესამე ქალაქი იმდენ მუზეუმს და გალერეას მოიცავს, რამდენის დათვალიერებასაც ვიზიტორები 1 თვის მანძილზეც კი ვერ მოასწრებენ. მიუნხენში 80-ზე მეტი მუზეუმია მდიდრული კოლექციებით. მუზეუმების ღამე მიუნხენში ოქტომბერში ტარდება და ამ დროს ყველა მუზეუმი შუაღამემდეა ღია. თუ არ იცით თქვენი კულტურული აღმოჩენები საიდან დაიწყოთ, რჩევებსამ სტატიაში გაეცნობით:

1. The Residenz Museum/მიუნხენის რეზიდენსის მუზეუმი

მიუნხენის ეს მასიური სასახლე (Munich Residenz) ბავარიის მმართველების სახლი იყო. დღეს აქ მდებარე მუზეუმი ქალაქის მუზეუმ-გალერეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანია. სასახლის კომპლექსი საჯაროდაა ღია. აუცილებლად მოინახულეთ ანტიკვარიუმი და წინაპრების გალერეა. აქ უფასო აუდიო-გიდებიც ხელმისაწვდომია. იცოდეთ, რომ რეზიდენში იმდენი რამაა სანახავი, მინიმუმ 1 სრული დღე მაინც დაგჭირდებათ.

მისამართი: Residenzstrasse 1

2. The Deutsches Museum/გერმანული მუზეუმი

ეს მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიების მუზეუმია, რომლის დეპარტამენტები ვიზიტორებს საშუალებას აძლევს მიყვნენ მეცნიერული დისციპლინების განვითარებას ტექნოლოგიაში და იხილონ გასაოცარი ექსპერიმენტები. აღსანიშნავი არტეფაქტებია გერმანული თვითმფრინავის იშვიათი მოდელი. ნახავთ ხმელეთის ტრანსპორტის უნიკალურ მოდელებსაც.

მისამართი: Museumsinsel 1

3. Alte Pinakothek/ალტე პინაკოტეკი

მიუნხენის “ძველი სურათების გალერეა” მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მსგავსი სტილის გალერეაა. ეს მასიური ნაგებობა ბევრ ულამაზეს კოლექციას აერთიანებს. მათ შორის მე-16 და მე-17 საუკუნეების მხატვრობებს, მაგალითად რემბრანტის იშვიათ ავტოპორტრეტს, ლეონარდო დავინჩის მადონას მიხაკებით, რუბენის მთავარ ნამუშევრებს და აშ.

მისამართი: Barer Strasse 27

4. Neue Pinakothek/ნეუ პინაკოტეკი

“ახალი სურათების გალერეა” მე-19 საუკუნეში ბავარიის მეფე ლუდვიგ პირველმა ააგო და ის მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან მე-19 საუკუნის ხელოვნების ნიმუშებს აერთიანებს. აქ 400-მდე მხატვრობა (სეზანი, გოგენი. ვან გოგი, მანე და მონე) და 50-მდე სკულპტურაა: როკოკოს და არტ ნუვოს ნიმუშები.

მისამართი: Barer Strasse 29

5. The Bavarian National Museum/ბავარიული ეროვნული მუზეუმი

ეს მუზეუმი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუზეუმია დეკორატიული ხელოვნების მიმართულებით. მის გასაოცარ არტეფაქტებს შორისაა გერმანიის შუასაუკუნოვანი სკულპტურები.

მისამართი: Prinzregentenstraße 3

6. The Glyptothek/გლიპტოტეკი

ბერძნულად “გლიპტიკ” ნიშნავს სკულპტურას. ეს მიუნხენის უძველესი მუზეუმია. ამ ნეოკლასიკურ შენობაში ბერძნული და რომაული სკულპტორების იშვიათი ნიმუშებია. მათ შორისაა ჰომერის სკულპტურა, საბერძნეთის მშვიდობის ქალღმერთის ირენის ქანდაკება და სფინქსი.

მისამართი: Konigsplatz 3

7. Pinakothek der Moderne/პინაკოთეკი დერ მოდერნი

შთამბეჭდავ თანამედროვე შენობაში მდებარე ეს მუზეუმი გერმანიის თანამედროვე ხელოვნების მნიშვნელოვანი ნაწილია. მუზეუმი მდიდარია გერმანელი არტისტების ნამუშევრებით და მათთან ერთად მოიცავს პიკასოს, მაგრიტის, კანდინსკის, ბეკონის და უორჰოლის ნამუშევრებს.

მისამართი: Barerstrasse 40

8. Lenbachhaus/ლენბაჰაუსი

ძველ ვილაში მდებარე ეს მუზეუმი მეოცე საუკუნის მნიშვნელოვანი მოძრაობის “Blue Rider”-ის არტისტებს აერთიანებს, რომელთაც სათავეში კანდინსკი ედგათ. მათი თეორიების ხედვით სახალხო ხელოვნება, ბავშვების ხელოვნება და სხვა არტისტული გამოხატულების ფორმებიც ისეთივე პატივსაცემი და სათანადოდ შეფასებული უნდა იყოს, როგორც ძველი ოსტატების. ინოვაციური გამოფენები ისტორიულ ავეჯთან ერთად საინტერესო კომბინაციებს ქმნიან.

მისამართი: Luisenstraße 33

9. Documentation Centre for the History of National Socialism/ერეოვნული სოციალიზმის ისტორიის ცენტრი

ერთ დროს, ამ ადგილას ნაცისტური პარტიის სათაო ოფისი იყო და დღეს თანამედროვე შენობაში განთავსებული გერმანიის ისტორიის არტეფაქტებია, რომლებიც ამ მძლავრ მოძრაობაზე გვიყვებიან. აქვე მდებარეობს კაფე და წიგნების მაღაზია.

მისამართი: Max-Mannheimer-Platz 1

10. BMW Welt and Museum/”ბმვ”-ს მუზეუმი

მიუნხენის ეს გამორჩეული მუზეუმი შთამბეჭდავ შენობაშია განთავსებული, რომელიც უზარმაზარ მეტალის ჯამს წააგავს. აქ იხილავთ BMW-ს მარკის პირველ და ყველაზე უნიკალურ ავტომობილებს.

მისამართი: Am Olympiapark 2

11. Museum Brandhorst/ბრენდჰორშტი

მიუნხენის ერთ-ერთი ახალი და არქიტექტურულად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მუზეუმი, 2009 წელს გაიხსნა და აქ თანამედროვე ხელოვნების ბრწყინვალე კოლექციებია. იხილავთ ენდი უორჰოლის 100 ნამუშევარს და პაბლო პიკასოს დასურათებულ წიგნებს.

მისამართი: Theresienstraße 35a

12. Museum of Urban and Contemporary Art/ურბანული და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

2017 წლიდან ეს მუზეუმი მიუნხენში ჩასვლისას ხელოვნების მოყვარულებისთვის აუცილებელი მიმართულებაა. შავ-თეთრი გრაფიტით მოხატული შენობა ადგილია, სადაც ხელოვნების კონკრეტულ ფორმას გაეცნობით. იხილავთ ბენქსის ნამუშევრებსაც.

მისამართი: Hotterstraße 12

13. Egyptian Museum Munich/ეგვიპტური მუზეუმი

თუ ანტიკური ეგვიპტე და ბაბილონი გაინტერესებთ, არც ეს მუზეუმი გამოგრჩეთ. ამ მუზეუმის სამი უზარმაზარი დარბაზი გაგაცნობთ ეგვიპტის ისტორიას, ფარაონების როლს, სიკვდილს, რელიგიას…. იხილავთ ქანდაკებებს, სამკაულს, მუმიებს და აშ.

მისამართი: Gabelsbergerstraße 35