ვალენსოლე პროვანსის მომხიბვლელი დასახლებაა, რომელიც მთიდან ლავანდების ველს ამაყად გადმოჰყურებს. ეს სოფელი სამხრეთ საფრანგეთის სამოგზაურო გეგმაში აუცილებლადაა გასათვალისწინებელი. გაუყევით მის შთამბეჭდავ ქუჩებს, ესაუბრეთ ადგილობრივებს, გადაიღეთ ფოტოები ულამაზეს აივნებთან და ანტიკურ კარებებთან. ჩვენ აქ ერთგვარ ვირტუალურ გიდობას გაგიწევთ.

ვალენსოლე სიტყვასიტყვით ნიშნავს “მზის ველს”. უზარმაზარი იასამნისფერი ლავანდას ბუჩქები ალპების მთების ფონზე საფრანგეთში მოგზაურობის დაუვიწყარ გამოცდილებად იქცევა. ვალენსოლე ლავანდას რეგიონის ერთგვარი დედაქალაქია. ამ სოფელს ტურისტები ზაფხულში სტუმრობენ, სწორედ მაშინ, როდესაც ლავანდა საუცხოოდ ყვავის. თუმცა, ლავანდის მიღმა ქალაქიც ძალიან საინტერესოა. ეს დასახლება ფრანგული ცხოვრების ერთგვარი ავთენტური ანარეკლია და იდეალური ადგილია იმისათვის, რომ პროვანსის კულტურა კარგად შეიცნოთ.

დაიწყეთ ტიერის მოედნით (Place Thiers), ეს ულამაზესი პატარა მოედანი თავისი შადრევნით ნამდვილად მოგხიბლავთ. შეიძინეთ ახალი კრუასანები აქ მდებარე საცხობში და დაიწყეთ სეირნობა. აქ უკვე იგრნობთ ამ სოფლის ნამდვილ ატმოსფეროს, შეხვდებით ადგილობრივებს და დააკვირდებით ტრადიციულ სახლებს.

შემდეგ გაყევით მოედნიდან მიმავალ გზას ვალენსოლეს ბულვარისკენ სახელად – Boulevard Frederic Mistral. ეს ერთ-ერთი ულამაზესი ქუჩაა მთელ სოფელში, სადაც ლავანდისგან დამზადებული სილამაზის და თავის მოვლის საშუალებები იყიდება: საპნები, ზეთები თუ სანთლები. გზად ნახავთ მერიის ტრადიციულ შენობასაც. გზის ბოლოს დაგხვდებათ ეკლესია.

დაიწყეთ თვალუწვდენელ ლავანდას მინდვრებში სეირნობა. მთების და ველების იისფერი შეფერილობა აქ ყოველ ზაფხულს სხვადასხვანაირია. პროვანსის ლავანადები მსოფლიოში გამორჩეულია და იზიდავს ადამიანებს ყველა წერტილიდან.

მოინახულეთ საოჯახო ლავანდების ფერმა, რომელიც აქ საკმაოდ ცნობილია: Les Grandes Marges. ეს ოჯახი აქ ცხოვრობს და მუშაობს უკვე 4 თაობის მანძილზე. ფერმა ღიაა ვიზიტორებისთვის. აქ შეძლებთ ორგანული პროდუქტების შეძენასაც. ფერმაში მოსახვედრად სოფლიდან 7 წუთის სამანქანო გზაა, ფეხით კი 1 საათის.

ვალენსოლეში ლავანდების კიდევ ერთი საუკეთესო ლოკაციაა: Lavendes Angelvin. ეს მშვენიერი ფერმა ბრწყინვალე ადგილია რომ ლავანდას ყვავილებისგან ზეთის მიღება ისწავლოთ. ის ღიაა მთელი წლის მანძილზე ჯგუფური და ინდივიდუალური ტურებისთვის. აქაც შეიძენთ ლავანდას საპნებს, ზეთებს, ჩანთებს და სუნამოებს. ივნისი და ივლისი საუკეთესო თვეებია ამ მცენარის ყვავილობა რომ იხილოთ. ივლისის ყოველ მესამე კვირა დღეს ვალენსოლეში ლავანდების ფესტივალიც ტარდება.

მოიწყვეთ ერთდღიანი ტური ვერდონის ხეობაში

Gorges du Verdon – ბუნების მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა. ეს შთამბეჭდავი კანიონი ულამაზესი ცისფერი მდინარის წყლით კაიაკით სარგებლობისთვის საკმაოდ ცნობილია. იქირავეთ კაიაკი ან ნავი კანიონის გამოსაკვლევად, იცურავეთ გრილ წყალში და დაისვენეთ უნიკალურ სანაპიროებზე. აქ ვალენსოლედან 1 საათის სამანქანო გზაა. შეგიძლიათ შეუერთდეთ ტურებს.

ვალენსოლე სამყაროსგან მოწყვეტის ადგილია. უახლოესი მატარებლის სადგურია: “Manosque Greoux Bains”, საიდანაც შეგიძლიათ გაყვეთ ავტობუსს. საუკეთესო იდეაა მანქანის ქირაობა და ვალენსოლეს საკუთარი ტემპით გამოკვლევა.

ადამიანების უმეტესობა ვალენსოლეს ზაფხულში სტუმრობს, როცა ლავანდებს ყველაზე მკვეთრი შეფერილობა აქვთ მიღებული. ამიტომაც აქ ამ დროს ხალხმრავლობაა და სასტუმროებიც მალე იჯავშნება. შეგიძლიათ ეწვიოთ მას გაზაფხულსა და შემოდგომაზეც და ვალენსოლეს შარმით უფრო მშვიდად დატკბეთ.