ნეაპოლს პირველ რიგში, პიცისთვის ვემადლიერებით! თუმცა, ამ ქალაქს იმაზე მეტის შემოთავაზებაც შეუძლია, ვიდრე საუკეთესო პიცისა, რაც კი ცხოვრებაში გაგისინჯავთ. მდიდარი არქიტექტურა თანამედროვე ქუჩის მხატვრობას დაბალანსებულად ერწყმის და ქუჩებში ესპრესოს სურნელება სასიამოვნოდ გვათრობს. იტალიის რიგით მესამე ყველაზე დიდ ქალაქში მოგზაურობა რომ აუცილებლად ღირს, ამ ბლოგით ნამდვილად დარწმუნდებით.

1. მრავალფეროვანი არქიტექტურა

უცხო დინასტიების გავლენით, ნეაპოლში საუკუნეების მანძილზე შთამბეჭდავი სტილის არქიტექტურა ჩამოყალიბდა. აქ იხილავთ შადრევნებს, უნიკალურ ნეაპოლიტანურ სვეტებს, დიდ მონუმენტებს, სამეფო სასახლეებს ბაღებით, მსოფლიოს უძველეს ოპერას (Teatro di San Carlo), იტალიური არტ-ნუვოს სტილის საცხოვრებელ სახლებს და ეკლესიებს.

2. ეს არის პიცის დაბადების ადგილი

ნეაპოლიტანურმა პიცამ ემიგრანტების მეშვეობით, მსოფლიო დაიპყრო. თუმცა, აქ დამზადებული პიცა ყველაზე განსაკუთრებულია, რადგანაც მას ტრადიციული ხერხებით ამზადებენ.

3. ქუჩის ხელოვნება ისეთივე შთამბეჭდავია როგორც მათი ბაროკოს კოლექციები

ნეაპოლში თანამედროვე ხელოვნების საოცარ კოლექციებს იხილავთ. ინოვაციურია ქუჩის მხატვრობა და ინსტალაციები. კარავაჯოს შედევრებისთვის მიაკითხეთ მუზეუმებს: Museo di Capodimonte-ს და Pio Monte di Misericordia-ს. გადმოწერეთ აპლიკაცია: Naples Pass, რაც აქ არსებული ხელოვნების ნიმუშების გამოკვლევას ბევრად გაგიადვილებთ.

4. არნახული ყავის კულტურა

ნეაპოლში ყავა საკულტო სასმელია. შედით ნებისმიერ ბარში და დააკვირდით ბარისტას ყავის მომზადების სპეციალურ ტექნიკას. რიტუალი ცივი წყლის მორთმევით დასრულდება.

5. არქეოლოგიური საგანძური

ნეაპოლი ანტიკურმა ბერძნებმა აღმოაჩინეს, შემდგომში კი მასზე რომაელებმა იზრუნეს. ის მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენების ცენტრია. აუცილებლად მოინახულეთ პომპეის და ჰერკულანეუმის გათხრები. აქ შემორჩენილი დროის კაფსულები დღეისათვის დიდ საუნჯედ ითვლებიან. მეტი ინფორმაციისთვის, ჩაეწერეთ მიწისქვეშა ტურზე.

6. ადგილობრივი პროდუქტი საუკეთესოა

ნეაპოლი საკვების სამოთხეა და აქ სასურსათო შოპინგი საკმაოდ განვითარებულია. გაისეირნეთ პიგნასეკას (Pignasecca) ბაზრობაზე, სადაც ახალთახალი ბოსტნეული და ხილი დაგხვდებათ. ჩაებით ნეაპოლიტანური ბაზრის ცხოვრებაში, სადაც თევზიც კი ისეთი ახალია, რომ გველთევზები ჯერ კიდევ იკლაკნებიან.

7. ციხესიმაგრეები

ევროპის ამ ერთ-ერთ უძველეს ქალაქს უდიდესი ისტორია აქვს. ეწვიეთ ნეაპოლის ციხესიმაგრეებს, რომლებიც სამეფო ოჯახების სახლებთან შენდებოდა და ქვეყანას შემოსევებისგან იცავდა. აქ ნახავთ Castel Nuovo-ს და მის საოცარ მარმარილოს თაღს, Castel dell’Ovo-ს და Castel Sant’Elmo-ს.

8. დესერტი – Sfogliatelle

ესპრესოს საუკეთესო პარტნიორი ტკბილი და გემრიელი სფოგლიატელაა. ტრადიციული რეცეპტი, რომელსაც ბერები იყენებდნენ, ალუბლის ტოპინგს მოიცავს.

9. „პრეზეპები“ საშობაო სცენებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ აქ ზაფხულში ტემპერატურა 35 გრადუსს სცილდება, ერთ პატარა ქუჩაზე შობას წლის ნებისმიერ დროს შეიგრძნობთ. ნეაპოლიტანელები მე-13 საუკუნიდან აწყობენ მინიატურულ საშობაო სცენებს და ამ ხელნაკეთ ხელოვნებას ქუჩაში ფენენ. დღეისათვის ტრადიცია გაფართოვდა და ცნობილი ადამიანების ფიტულებსაც შეხვდებით.

10. ქალაქის უძველეს მაცხოვრებლებთან შეხვედრის შესაძლებლობა

ქალაქის უძველეს მაცხოვრებლებს სან გაუდიოსოს და სან გენაროს კატაკომბებში შეხვდებით. შეამჩნევთ სოციალურ ფენებს შორის არსებულ განსხვავებას: მდიდარი და ღარიბი მოსახლეობის საფლავების მიხედვით.