ისტორიითა და ბუნების სილამაზით გამორჩეული ჩეხეთი ბევრ ლამაზ პარკს, პატარა ქალაქს და შუასაუკუნოვან ზღაპრულ ციხესიმაგრეებს აერთიანებს. ჩვენ ამ ქვეყნის საუკეთესო ადგილები შეგიკრიბეთ:

კრკონოსეს ეროვნული პარკი/Krkonoše National Park

ჩეხეთის უმაღლეს მთაგრეხილზე მდებარე ეროვნული პარკი უნიკალურ ლანდშაფტს და ეკოსისტემას მოიცავს. 1992 წელს ის იუნესკომ ბიოსფეროს დაცულ ტერიტორიათა სიაში შეიყვანა. პატარა ქალაქი Pec pod Sněžkou მშვენიერი ადგილია პარკის გამოსაკვლევად. ვიზიტორებს შეუძლიათ ფუნიკულიორის ვაგონს ან სალაშქრო ბილიკს გაყვნენ. გზად საოცარი პანორამული ხედებით დაჯილდოვდებით ჩეხეთსა და პოლონეთზე.

ჩესკი-კრუმლოვი/Český Krumlov

სამხრეთ ბოჰემიაში ზღაპრული ქალაქი: ჩესკი-კრუმლოვი მდებარეობს, რომელიც ასევე იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიაში შედის. აქ რენესანსის ეპოქის არქიტექტურის ნიმუშებს იხილავთ, ასევე, მე-13 საუკუნის ციხესიმაგრეს, რომელიც გოთიკის, რენესანსისა და ბაროკოს სტილის შერწყმაა. მდიდრული ისტორიის გარდა, ჩესკი-კრუმლოვში კულტურული ცხოვრებაც ყვავის. აქ საერთაშორისო ხელოვნების გალერეა, ხელოვნების ცენტრი, ცოცხალი სამზარეულო და სხვადასხვა ღონისძიებებია, მათ შორის მუსიკის ფესტივალი.

კარლსტეინის ციხესიმაგრე/Karlštejn Castle

1348 წელს აგებული ციხესიმაგრე ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობაა. აქ სამეფო საგანძურს ინახავდნენ, მათ შორის წმინდა რელიქვიებს და გვირგვინებს რომაული იმპერიიდან. ციხეს რეკონსტრუქცია მე-19 საუკუნეში ჩაუტარდა და ზღაპრული შარმი უფრო მეტად მოირგო. ჩეხეთში ყველაზე მეტჯერ სწორედ კარლსტეინის ციხესიმაგრეს სტუმრობენ.

პუნკვას გამოქვაბულები/Punkva Caves

ადრეულ მეოცე საუკუნეში აღმოჩენილი გამოქვაბულები ბრნოს ჩრდილოეთით მდებარეობს. ვიზიტორებს შეუძლიათ პუნკვა საფეხმავლო ტურით დაათვალიერონ და სტალაგმიტები და სტალაქტიტები მოინახულონ. უდიდესი სტალაქტიტი სიმაღლეში ოთხ მეტრს აღწევს. ასევე, შეგიძლიათ ნავით შეხვიდეთ მასარიკის გამოქვაბულში, რომელსაც რეგიონის ყველაზე ლამაზ გამოქვაბულს უწოდებენ.

კუტნა ჰორა/Kutná Hora

შუასაუკუნეების დროინდელი მაღაროს ქალაქი, ისტორიული მნიშვნელობის და არქიტექტურული საგანძურის გამო, იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიას 1995 წლიდან შეუერთდა. ის პრაღიდან 80 კილომეტრში მდებარეობს. ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა წმ. ბარბარას კათედრალია, რომელსაც 500 წელი აშენებდნენ.

რესოვის ჩანჩქერი/Rešov Waterfalls

ჩეხეთის კიდევ ერთი პოპულარული ტურისტული მიმართულება, მთებში მდებარე რესოვის ჩანჩქერებია. ქვიანი კანიონი ხედებს განსაკუთრებით შთამბეჭდავს ხდის. აქ სპეციალურად მონიშნული ბილიკით უნდა იაროთ და ულამაზეს ტყეებსა და მიტოვებულ სასახლის ნანგრევებსაც იხილავთ.

კარლოვი ვარი/Karlovy Vary

კარლოვი ვარი სამხრეთ ბოჰემიის მარგალიტია. ლამაზი სპა ქალაქი ბრწყინვალე არქიტექტურით და ცოცხალი კულტურით გამოირჩევა. ეს ყველაფერი მას ჩეხეთის რიგით მეორე ყველაზე პოპულარულ მიმართულებად აქცევს. აქ უბრალოდ ქუჩებში სეირნობაც კი სიამოვნებას მოგგვრით.

ჰრუბოსკალსკო/Hruboskalsko

ამ ადგილს “ბოჰემურ სამოთხეს” უწოდებენ. ქვის განსაკუთრებული ფორმაციები საუკუნეებს უძლებს. ზოგიერთი ქვის კოშკი სიმაღლეში 55 მეტრსაც კი აღწევს. აქ მე-16 საუკუნის დროინდელ ჰრუბა სკალას შატოს იხილავთ, სადაც დღეს მდიდრული სასტუმროა განთავსებული.

კონოპისტეს ციხესიმაგრე/Konopiště Castle

კონოპოსტეს ციხესიმაგრე ერთ დროს ქალაქს შემოსევებისგან იცავდა. დღეს ბაროკოს სტილის ციხე მე-18 საუკუნის რენოვაციების შედეგია. ყველაზე ცნობილი ის მაინც ფრანც ფერდინანდის ყოფილი რეზიდენციის გამო გახდა. ტურის მეშვეობით ჰერცოგის ოთახსაც იხილავთ. გარშემო ვარდების ბაღი, ტბა და სასეირნო ბილიკია.

პოდიჯის ეროვნული პარკი/Podyjí National Park

პოდიჯი ჩეხეთის ყველაზე პატარა ეროვნული პარკია, თუმცა, სხვებს სილამაზით ნამდვილად არ ჩამოუვარდება. ავსტრიის საზღვართან მდებარე ეს მწვანე სამოთხე მრავალფეროვან ბუნებას წარმოადგენს. ერთ-ერთი ბილიკი ქალაქ ზნოჯმოსა და სობის ვენახებს შორის იწყება, მორავიის ღვინის წარმოების უძველეს ლოკაციაზე.

ვისეჰრადი, პრაღა/Vyšehrad, Prague

ლეგენდის თანახმად, ისტორიული ციხესიმაგრე ვისეჰრადი, რომელიც მდინარე ვლტავას გადმოყურებს, ჩეხი მეფეების უძველესი სატახტო იყო. აქ იშვიათი რომაული სტილის როტუნდას და ულამაზეს ბაზილიკას იხილავთ. ვისეჰრადში მოხვედრისას, თითქოს უკან, წარსულში გადაინაცვლებთ.