სანაპიროზე დროის გატარება შესაძლოა არც კი გქონდეთ მოაზრებული, როდესაც სტამბოლში ვიზიტს გეგმავთ. მაგრამ, ამ ქალაქის ადგილმდებარეობის გამო სანაპირო დასვენებას იოლად მოიწყობთ. თურქეთში მოგზაურობისას, ძირითადად ხმელთაშუა ზღვის კურორტებს ირჩევენ ხოლმე, თუმცა, სტამბოლი საშუალებას გვაძლევს დახვეწილი არქიტექტურის მონახულებასთან ერთად, დრო ახლომდებარე ნაპირებზეც გავატაროთ. აქ მარმარილოს და შავი ზღვის სანაპიროები დაგხვდებათ. ჩვენ გეტყვით რომელ სანაპიროებს ესტუმროთ, როდესაც სტამბოლისგან განტვირთვა მოგინდებათ.

კილიოსის სანაპირო/Kilyos Beach

პატარა სოფელი კილიოსი ქვიშიანი სანაპიროთი გამოირჩევა, რომელიც შავ ზღვას ესაზღვრება. სტამბოლის ცენტრიდან 41 კილომეტრში ერთ დღიანი ვიზიტიც შეგიძლიათ მოიწყოთ. აქ ბევრი კაფე-რესტორანი და პატარა სასტუმროა, თუ დარჩენას გადაწყვეტთ. შეგიძლიათ სტამბოლის ჩრდილოეთ უბანში, ჰაჩიოსმანში მეტროთი მიხვიდეთ, იქიდან კი კილიოსის ავტობუსზე გადაჯდეთ.

აგვა & კილიმლის გამოქვაბული/Ağva & Kilimli Cove

აგვა – პატარა სოფელია შავ ზღვასთან, სტამბოლიდან 100 კილომეტრში. ბუნების და ლაშქრობის მოყვარულთათვის, კილიმლის გამოქვაბული მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა. აგვა მშვენიერი გადაწყვეტილებაა თუ სტამბოლიდან უიქენდზე გასვლა გინდათ. აქ ბევრი პატარა სასტუმრო და გესთჰაუსია. სანაპიროზე კაფე-რესტორანიც დაგხვდებათ და მზის ქოლგებიც. ზღვა ცნობილია ძლიერი ტალღებით, ამიტომაც მაშველების რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია. კილიმლის გამოქვაბული დიდი პარკია, სადაც კლდეებს შორის ისეირნებთ და კემპინგის საშუალებაც გექნებათ. აგვას ავტობუსს შეგიძლიათ უშკუდარიდან გაყვეთ, სტამბოლის ერთ-ერთი უბნიდან. გაითვალისწინეთ, რომ მას გზაში ბევრი გაჩერება უწევს.

ბუიუკ ადა/Büyük Ada

ბუიუკის კუნძული პრინცის კუნძულებზე უდიდესია და მას რამდენიმე ქვიშიანი სანაპირო აქვს. აქ სანაპიროებზე შესვლა ფასიანია, თუმცა ისინი სათანადოდ აღჭურვილნი არიან. ბუიუკ ადაზე რესტორანი, ქოლგები, შეზლონგები და საპირფარეშოები დაგხვდებათ. წყალი მშვიდია და ოჯახური დასვენებისთვის იდეალური. გაყევით ბორანს პრინცის კუნძულებზე, ბუიუკ ადა ბოლო გაჩერებაა.

ქედებოსტანის სანაპირო/Caddebostan Beach

სტამბოლის ცენტრიდან უახლოესი ქვიშიანი გაჩერება ეს სანაპიროა, რომელიც მარმარილოს ზღვაზე მდებარეობს, ქალაქის აზიურ ნაწილში. აქ მდებარეობს დალიანის პარკი – საველოსიპედო და საფეხმავლო ბილიკებით, ასევე, საბავშვო გასართობი სივრცეებით. აქ სიმშვიდეს ნუ მოელით. მთელი ზაფხულის განმავლობაში მთელს ნაპირზე თურქული სიმღერები ისმის. წყალი მშვიდია და უსაფრთხო. კაბატაშიდან ან კადიკოიდან გაყევით ბორანს ბოსტანჩიმდე – პარკის აღმოსავლეთ ნაწილამდე. 

ჰეიბელი ადა/Heybeli Ada

ჰეიბელის კუნძული მარმარილოს ზღვაში მდებარეობს და პრინცის კუნძულებზე ყველაზე პოპულარულია. მას შეგიძლიათ სტამბოლიდან ერთდღიანი ტურითაც ეწვიოთ. გამოქვაბულებში ნავებით ადვილად შეაღწევთ. ამ სანაპიროზე ქვიშიანი ნაწილი მცირე ზომისაა, რადგანაც ძირითადად ხის პლატფორმებია მოწყობილი. ჰეიბელი ადაზე სისუფთავე და წესრიგი დაგხვდებათ. სტამბოლიდან გაყევით ბორანს პრინცის კუნძულებზე, ჰეიბელი ადა მესამე გაჩერებაა.

ჩილინგოზის ეროვნული პარკი/Çilingöz Nature Park Beach

ეს თეთრ ქვიშიანი სანაპირო შავ ზღვას ესაზღვრება და სტამბოლიდან 118 კილომეტრში მდებარეობს. აქ სხვა სანაპიროების მსგავსი აღჭურვილობა არ დაგხვდებათ, ის უფრო მეტად ბუნებასთან შერწყმული ადგილია. შეგიძლიათ თან წაიღოთ საპიკნიკე ლანჩი; დარჩეთ კარვით და დააკვირდეთ ვარსკვლავებს ან გაისეირნოთ სანაპიროსთან მდებარე ტყეში.

კინალი ადა/Kınalı Ada

პრინცის კუნძულებზე მიმავალი ბორანისთვის, კინალის კუნძული პირველი გაჩერებაა. ის ნაკლებად პოპულარულია, ვიდრე ჰეიბელი და ბუიუკი, თუმცა ზაფხულში აქაც დიდი ჟრიამულია. შეგიძლიათ იქირაოთ ქოლგები და შეზლონგები და მიირთვათ რაიმე გემრიელი სანაპირო კაფეებში.

ანადოლუ ფენერი/Anadolu Feneri Beac

ეს პატარა სოფელი აზიურ ნაპირზე მდებარეობს, ბოსფორის ბოლოში, სტამბოლიდან 50 კილომეტრში. აქ კომფორტი არაა მოწყობილი, თუმცა საცურაოდ და დასასვენებლად ნამდვილად გამოდგება. ეწვიეთ მთაზე მდებარე თევზის რესტორანს და დატკბით ხედებით გემრიელ ვახშამთან ერთად.

ბუიუკჩეკმეჩ/Büyükçekmeçe

სტამბოლის ცენტრიდან 40 კილომეტრში, მარმარილოს ზღვის კიდევ ერთი სანაპირო მდებარეობს. აქ ბევრი კაფე-რესტორანი და ჩრდილიანი ადგილია დასასვენებლად. ბავშვებისთვის ნავის ტურები და ველოსიპედებია ხელმისაწვდომი. აქ ისტორიული უბნიდან – სულთანაჰმეთიდან მოხვდებით, ჯერ ტრამვაით, შემდეგ ორი ავტობუსის გამოცვლით.

ფლორია გიუნს/Florya Güneş Beach

ეს სანაპიროც მარმარილოს ზღვას ეკუთვნის, სტამბოლის ფლორიას უბნიდან 20 კილომეტრში. შესვლა ფასიანია და საფასური მოიცავს მზის ქოლგებით, შეზლონგებით და საპირფარეშოებით სარგებლობას. აქ მუშაობენ მაშველები. ღიაა კაფე-რესტორნები. ფლორია საუკეთესო არჩევანია, როდესაც ქვიშითა და წყლით ტკბობა ქალაქთან ყველაზე ახლო და კომფორტულ დისტანციაზე გინდათ.