მაშინ, როცა სტამბოლის უშრეტი ენერგია დაგღლით, სჯობს ქალაქს დროებით გაეცალოთ და შეისვენოთ. ბუნება, ისტორიული ღირსშესანიშნაობები, სანაპიროები… თურქეთში ბევრი “გასაქცევია”! სტამბოლს კი განახლებული ძალებით დაუბრუნდებით.
პრინცის კუნძულები/Princes Islands
ეს ყველაზე პოპულარული და მარტივი გასაქცევია ემოციური შთაბეჭდილებებისთვის. გაყევით ბორანს კაბატაშიდან უდიდეს კუნძულ ბუიუკადასკენ (Büyükada). მალევე შეამჩნევთ, რომ კუნძულზე მანქანები არაა დაშვებული და ან ფეხით უნდა იაროთ, ან ველოსიპედით და ანდაც ურმით. ლამაზ ქუჩებზე ოტომანის სტილის სახლები დგას, აქაა ისტორიული სასტუმროც და კაფეც.

კილიოსი/Kilyos
ზაფხულში, სტამბოლში მყოფი ტურისტები თუ ადგილობრივები დროს სწორედ კილიოსის სანაპიროებზე ატარებენ. თუ სანაპირო კლუბს ეძებთ, საღამოს წვეულებისა და ელექტრონული მუსიკისთვის, სუმას ბარს მიაკითხეთ.

ბელგრად ორმანი/Belgrad Ormanı
სტამბოლში ბუნება ნამდვილად დაგაკლდებათ. სწორედ ამიტომ, ბელგრადის ტყეს უნდა მიაკითხოთ და ხეების გარემოცვაში განიტვირთოთ. ქალაქიდან 40 წუთის დაშორებით მდებარე ეს ადგილი სეირნობისთვის, სირბილისთვის და ლაშქრობისთვის ზედგამოჭრილია.

ბურსა/Bursa
საბაგიროს წყალობით, ქალაქ ბურსაში დასათვალიერებლად მისვლა საკმაოდ მარტივია. ოტომანური იმპერიის პირველ დედაქალაქს ბევრი მავზოლეუმი აქვს. მოინახულეთ ცნობილი ულუს მეჩეთი და ისტორიული ბაზრობა. ზამთარში ის სათხილამურო კურორტად იქცევა, რადგანაც სრულად თვლით იფარება.

ანადოლუ კავაგი/Anadolu Kavağı
მარმარილოს და შავი ზღვის შემხვედრ ადგილას მდებარე ეს წყლისპირა სოფელი ქალაქის ურბანულ ლანდშაფტს მოწყვეტილია. პატარა, ხის ფერადი სახლები თითქოს სწორ ხაზად ჩამწკრივებულან და ზევიდან იოროსის ციხესიმაგრე გადმოჰყურებთ. გაყევით ბოსფორის კრუიზს, რომელიც ემინონუდან იწყება და ჩამოდით ანადოლუ კავაგიში. დალაშქრეთ ისტორიული ციხე და შემდეგ მიირთვით ახალი თევზი რომელიმე რესტორანში.

სილე/Şile
შავი ზღვის სანაპირო თურქეთში უფრო მოწესრიგებულად ითვლება, ვიდრე სამხრეთი. სტამბოლიდან 70 კილომეტრში სილეს აღმოაჩენთ – სათევზაო სოფელს ერთდღიანი თავგადასავლებისთვის. აქ ბევრი სანაპირო და თევზის რესტორანია. შეგიძლიათ, რომელიმე მყუდრო, ბიუჯეტურ სასტუმროშიც დარჩეთ. სილეში 139 ნომერი ავტობუსი მიდის და გზაში 2 საათამდე სჭირდება.











