კოლმარში ვიზიტი რეალურ ცხოვრებაში განხორციელებულ ზღაპარს ჰგავს. ყვავილებით მორთული ფერადი სახლები, ქვაფენილიანი ქუჩები და მშვიდი არხები საფრანგეთის ამ ქალაქს განსაკუთრებულ ატმოსფეროს უქმნის. კოლმარი გერმანიის საზღვართან მდებარეობს და აქ ორი ქვეყნის კულტურის შერწყმაც იგრძნობა. ის ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულებაა. ადვილად მოხვდებით გერმანიიდან, იტალიიდან და შვეიცარიიდან. ამ მაგიურ ქალაქს ხელოვნების მუზეუმების, გემრიელი სამზარეულოს და ბევრი აქტივობის შემოთავაზება შეუძლია.

გაისეირნეთ ძველ ქალაქში

ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რასაც კოლმარში გააკეთებთ, მისი ძველი ქალაქის ქუჩებში სეირნობაა. დააკვირდით სხვადასხვაფერ სახლებს და რენესანსის სტილის შენობებს დაფარულს ყვავილებით. თითოეული ქვაფენილიანი ქუჩა შთაბეჭდილების ქვეშ მოგაქცევთ. ძველი უბანი სავსეა მდიდრული ისტორიით, რომლის გამოკვლევაც შეგიძლიათ ან ფეხით სეირნობით ან კოლმარის ტურისტულ მატარებელში ჩასხდომით.

დაათვალიერეთ ანტერლინდენის მუზეუმი

Musée d’Unterlinden – მე-13 საუკუნის ულამაზეს შენობაში მდებარე მუზეუმია, რომელიც მრავალი წლის ისტორიას წარმოგვიდგენს ანტიკური შედევრებით ადგილობრივი არტისტებისგან. ის ცნობილია, როგორც საფრანგეთის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონული მუზეუმი.

მოინახულეთ პატარა ვენეცია

ძველი ქალაქის საუკეთესო ნაწილია ადგილი, რომელსაც “პატარა ვენეციას” უწოდებენ. აქ მდინარის გარშემო მკვეთრ ფერებში შეღებილი სახლებია, ხიდი ყვავილებითაა მორთული და არხში პატარა ნავები დადიან. დასხედით რომელიმე აქ მდებარე კაფეში და დატკბით ამ ატმოსფეროს შეგრძნებით. ამ გამზირის სახელია: Quai de la Poissonnerie. ნავის ტურები 30 წუთს გრძელდება.

დააკვირდით ფისტერის სახლს

Maison Pfister – მერჩანდის ქუჩაზე მდებარე ულამაზესი სახლია, რომელიც რენესანსის არქიტექტურის სტილს წარმოადგენს. ის 1537 წელს ააგეს და შთამბეჭდავი ბიბლიური ნახატებითაა გაფორმებული. მას კოლმარის ერთგვარ სიმბოლოს უწოდებენ. როცა ამ ზღაპრულ სახლს ეწვევით, დააკვირდით კუთხის ფანჯარას, ხის გალერეას და უძველეს ფრესკებს.

იხილეთ კოიფჰასი

მორიგი აუცილებლად აღსანიშნავი სახლი კოლმარში კოიფჰასია. ადვილად შეამჩნევთ ამ შთამბეჭდავ შუასაუკუნოვან შენობას მისი მწვანე კერამიკის ფილებით სახურავზე. ის ერთ-ერთი უძველესი სახლია ქალაქში. დაისვენეთ ჩრდილში, მოუსმინეთ ქუჩის მუსიკოსების სიმღერას და დააკვირდით აღმოსავლეთ საფრანგეთის ერთ-ერთ უბადლო რენესანსის არქიტექტურას.

შეაფასეთ წმ. მარტინის ეკლესია

ძველი ქალაქის ცენტრში მდებარე სან-მარტინის ეკლესია კიდევ ერთი გამორჩეული ნაგებობაა ქალაქში, შთამბეჭდავი ექსტერიერით და ინტერიერით. შეაფასეთ გოთიკური არქიტექტურის ეს საოცარი ნიმუში. ეკლესიაა ღაა ყოველდღე, შესვლა კი უფასოა.

იხილეთ ადოლფის სახლი

იმავე მოედანზე, სადაც ეკლესია დგას, ადოლფის სახლს აღმოაჩენთ. ეს ორი გადაბმული ნაგებობა ტიპურ ელზასურ არქიტექტურას წარმოადგენს. ძველი ქალაქის ვიწრო ხეივნებში ამ საკულტო შენობებთან აუცილებლად უნდა შეჩერდეთ.

ეწვიეთ ელზასის სოფლებს: ეგუშეიმს ან კაისერსბერგს

აქ ბევრი პატარა სოფელია, რომლებსაც კოლმარიდან ერთდღიანი ტურით ეწვევით. Eguisheim – კოლმარის სამხრეთით მდებარეობს და მზიან ამინდში განსაკუთრებით სასიამოვნო გასასეირნებელია. კოლმარიდან აქ მოხვდებით ავტობუსით, ნაქირავები მანქანით ან ველოსიპედით. უკანასკნელის ფასია 7 ევრო. გზა 1 საათზე მეტს არ წაიღებს. თვითონ სოფელსაც საკმაოდ მალე მოივლით.

Kaysersberg – მორიგი კოხტა, ლამაზი სოფელია კოლმარის ჩრდილოეთით. აქ ბევრი ნახევრად ხის სახლი და ციხესიმაგრის ნანგრევებია, საიდანაც საუკეთესო ხედები იშლება. კეისერსბერგშიც ავტობუსით შეძლებთ მოხვედრას. ის სულ რაღაც 11 კილომეტრში მდებარეობს.

შეუერთდით ელზასის ღვინის ტურებს

ისტორიული ქალაქების მიღმა, ელზასის რეგიონი ცნობილია მისი 170 კილომეტრი სიგრძის ღვინის გზით. ჩაიძირეთ ღვინის კულტურაში, შეხვდით ფერემერებს, გამოქვაბულებს, სადაც ღვინოს ინახავდნენ და დააგემოვნეთ ამ რეგიონის საუკეთესო ღვინო. ადგილობრივ ვენახებში ძირითადად თეთრ ღვინოს აწარმოებენ.

მოინახულეთ ჰო-კონინგსბურგის შატო

კოლმარიდან 30 კილომეტრში მდებარე ეს წითელი შეფერილობის შატო (Château du Haut-Koeningsbourg) მთებშია ჩამალული და უზარმაზარ მწვანე ველს გადმოჰყურებს. ამ ციხესიმაგრის მონახულება კოლმარში ერთ-ერთი გამორჩეული აქტივობაა. ციხესიმაგრეში შესასვლელი ბილეთის ღირებულებაა 9 ევრო, კარი ღიაა ყოველდღე დილის 10-ის ნახევრიდან 5 საათამდე.

საუკეთესო კაფე-რესტორნები კოლმარში

ელზასური სამზარეულო ფრანგული და გერმანული გემოების არაჩვეულებრივი მიქსია. ჩვენ რამდენიმე გამორჩეული საკვებ ობიექტს წარმოგიდგენთ:

  • Restaurant La Soï
  • Tabula Rasa (ვეგანური)
  • Au Croissant Doré
  • La Stub
  • Le BaR à JuS (ვეგეტარიანული)
  • Muang Thai
  • Island Poké