ელზასის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ქალაქი, პირველ რიგში თავისი არქიტექტურით საინტერესო კოლმარია. აქ შენარჩუნდა ძველი გოთიკის, აღორძინების ეპოქის, ბაროკოს, კლასიციზმის და მოდერნის საოცარი ნიმუშები. 

ქალაქის ისტორიული ნაწილის პატარა ქუჩები, არხები, შენობების ყვავილებით სავსე ფასადები და მრავალი ნათელი ფერი ამ ქალაქს ზღაპრულს ქმნის. მისი შეცნობა რამოდენიმე საათშიც შეგიძლიათ, თუმცა გირჩევთ აქ უფრო მეტი დროით დარჩენას, რათა გაისეირნოთ სანაპიროებზე, დატკბეთ გასაოცარი შენობებით და დააგემოვნოთ ტრადიციული ელზასის სამზარეულო.

კოლმარის ღირსშესანიშნაობები

ქალაქის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა უნტერლინდენის მუზეუმია (1 rue d’Unterlinden, ყოველდღე გახსნილია 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხუთშაბათის გარდა, შესვლის ღირებულება 8 ევროს შეადგენს). მუზეუმში წარდგენილია შუასაუკუნეების ხელოვნების ნიმუშები, მათ შორის ცნობილი იზენგეიმის საკურთხეველი, XVI საუკუნეში გერმანელი მხატვარი მატიას გრიუნევალდის მიერ მოხატული.

მუზეუმიდან სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს დომინიკანური ეკლესია (rue de Serruriers, ყოველდღე გახსნილია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შესვლის ღირებულება 1.5 ევროს შეადგენს) და სან-მარტენის ტაძარი, ცნობილი ვიტრაჟებით. ელზასის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და არაჩვეულებრივი შენობაა Maison des Tetes (19, rue des Tetes), რომლის ფასადი მორთულია ასობით სკულპტურითა და ნიღბით. 

პფისტერის სახლი (32 rue des Marchands, გახსნილია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, სამშაბათის გარდა, შესვლის ღირებულება 5 ევროს შეადგენს) შენახულია ექსპოზიცია, რომელიც მიძღვნილია ფრედერიკ ოგიუს ბარტოლდის, XIX საუკუნის ცნობილ სკულპტორს, რომელმაც დააპროექტა თავისუფლების ქანდაკება ნიუ-იორკში. 

ტურისტების დიდი ნაკადი მუდმივად მიედინება „პატარა ვენეციის“ ულამაზეს კვარტალისაკენ. ეს რაიონი ლაუხის მდინარის ნაპირით შეიქმნა და ცნობილია მეთევზეების უძველესი სახლებით. 

კვება და განთავსება კოლმარში 

ელზასის დიდ ტურისტულ ცენტრად ქცეული კოლმარი სთავაზობს ტურისტებს დასარჩენ ადგილებს ნებისმიერ გემოსა და თანხაზე. ისტორიულ ცენტრთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი ყველაზე კარგი სასტუმროა – Grand Hotel Bristol de Colmar (7, place de la Gare), რომელიც ცნობილია უმაღლესი დონის სამზარეულოს რესტორნით Au Rendez Vous de Chasse და გამაჯანსაღებელი ცენტრით. ბიუჯეტური დასვენებისათვის შეგიძლიათ აირჩიოთ სასტუმრო Balladins (5 rue des Ancetres), სადაც საშუალო ფასში გთავაზობენ თანამედროვე ნომრებსა და კარგ საუზმეს. პატარა სასტუმროების მოყვარულთათვის საუკეთესო ვარიანტია Beausejour-ის ბუტიკ-სასტუმრო (25 rue du Ladhof), რომელიც სულ რაღაც 14 მყუდრო ნომერს მოიცავს.

კოლმარის რესტორნებში ძირითადად ან ტრადიციულ ფრანგულ სამზარეულოს გთავაზობენ, ან ადგილობრივი რეგიონის კერძებს. მაღალი სამზარეულოს კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ Atelier du Peintre-ში (1 rue Schongauer), რომელიც XV საუკუნის ძველ სახლში მდებარეობს. Bartholdi-ს რესტორანი, ორიენტირებული მხოლოდ თევზეულებზე, მდებარეობს 2 Rue des Boulangers-ის მისამართზე. 

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გასტრონომიული რესტორანი JY’S განსაკუთრებულია ხშირად ცვალებადი მენიუს გამო, სადაც შესულია არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ ეკზოტიკური სამზარეულოც. ელზასის რეგიონის კერძებიდან განსაკუთრებით გირჩევთ baekeoffe-ს დაგემოვნებას – თეთრ ღვინოში ჩაშუშულ ხორცს, tarte flambee-ს – პეროგს ბეკონით, ბოსტნეულითა და ყველით და ასევე choucroute-ს – ე.წ. კომბოსტის მწნილს. 

განსაკუთრებული მიკროკლიმატის და მინიმალური ტენიანობის გამო, ეს ადგილი ცნობილია უგემრიელესი თეთრი და ცქრიალა ღვინით, რომელიც სუვენირის სახით შეგიძლიათ სამშობლოშიც გაიყოლოთ. 

კოლმარი – ქალაქია მდიდარი ფესტივალის ცხოვრებით. აქ ყოველწლიურად ტარდება ჯაზის ფესტივალი (სექტემბერში), კოლმარის კინოფესტივალი (ოქტომბერში), აგვისტოში ტარდება ელზასის ღვინის წვეულება, რომელიც ათობის ღვინის მწარმოებელს და 250 ათასამდე ტურისტს იწვევს. ნოემბრის ბოლოდან კოლმარში ტარდება ტრადიცილი საშობაო ბაზრები, რომელიც სადღესასწაულო შუქებით, გირლიანდებით და მორთული შენობებითა და დეკორაციებით საოცრად ზღაპრულ ატმოსფეროს უქმნის ქალაქს.