საფრანგეთსა და ესპანეთს შორის მოქცეული ანდორა მსოფლიოში სიდიდით რიგით მე-17 ყველაზე პატარა ქვეყანაა, თუმცა აქ უამრავი საინტერესო ადგილის აღმოჩენას შეძლებთ. მუზეუმები, სათხილამურო კურორტები, სავაჭრო ცენტრები, ეკლესიები და სპა-ცენტრები: ანდორა მრავალფეროვან გამოცდილებას გთავაზობთ. წარმოგიდგენთ იმ ადგილებს, რომელთა მონახულებაც ნამდვილად ღირს.
სოლდეუს სათხილამურო კურორტი
სოლდეუ ანდორას ერთ-ერთი საუკეთესო სათხილამურო კურორტია. ის მთის ფერდობზე მდებარეობს და ულამაზეს ხეობას გადაჰყურებს. კურორტზე 200 კილომეტრამდე სათხილამურო ტრასაა. აქ შეხვდებით როგორც დამწყებთათვის განკუთვნილ მარტივ ტრასებს, ისე გამოცდილ მოთხილამურეებზე გათვლილ რთულ მარშრუტებს. პატარებისთვის კი სპეციალური სათხილამურო სივრცეებიც არის მოწყობილი.

გრანდვალირას სათხილამურო ზონა
გრანდვალირა პირენეების მთებში ყველაზე დიდი სათხილამურო ზონაა. აქ 210 კილომეტრამდე სათხილამურო ტრასაა, ასევე ფუნქციონირებს სათხილამურო სკოლები, 40-ზე მეტი რესტორანი და კაფე და ბავშვებისთვის განკუთვნილი სივრცეები. ტრასების ნაწილი ხელოვნური თოვლით არის დაფარული, რაც სათხილამურო სეზონზე კარგ პირობებს უზრუნველყოფს. გრანდვალირა ასევე ერთადერთი ადგილია პირენეებში, სადაც ალპური ზამთრის სპორტის შეჯიბრებების ჩატარებაა შესაძლებელი.

ვალნორდის სათხილამურო ზონა
ვალნორდი ანდორას ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და სამ სათხილამურო კურორტს აერთიანებს: არკალისს, არინსალსა და პალს. არკალისში 25 სათხილამურო ტრასაა, რომელთა უმეტესობა დამწყებთათვის და საშუალო დონის მოთხილამურეებისთვის არის განკუთვნილი.
არინსალსა და პალში კი ჯამში 63 კილომეტრამდე ტრასაა, მათ შორის ბევრი რთული მარშრუტი, რომელიც გამოცდილ მოთხილამურეებს განსაკუთრებით მოეწონებათ. ზონაში ასევე ფუნქციონირებს სამი სათხილამურო სკოლა, სადაც 250-ზე მეტი ინსტრუქტორი მუშაობს.

კარმენ ტისენის მუზეუმი
კარმენ ტისენის მუზეუმი ანდორას ერთ-ერთი შედარებით ახალი მუზეუმია, რომელიც 2017 წლის მარტში გაიხსნა. ის ცნობილი კარმენ ტისენის ხელოვნების კოლექციის ნაწილია, რომელსაც ფილიალები მადრიდსა და მალაგაშიც აქვს. მუზეუმში მსოფლიოს ცნობილი მხატვრების ნამუშევრებია წარმოდგენილი. აქ შეგიძლიათ იხილოთ უილიამ ტერნერისა და ვასილი კანდინსკის შემოქმედება და გაეცნოთ სხვადასხვა ეპოქის ხელოვნებას.

კასა დე ლა ვალი
კასა დე ლა ვალი ანდორას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია, რომელიც დედაქალაქ ანდორა-ლა-ველაში მდებარეობს. შენობა მე-16 საუკუნეში ბუსკეტების ოჯახისთვის აშენდა.
1702 წლიდან 2011 წლამდე აქ ანდორას პარლამენტი იყო განთავსებული. ის ევროპაში ერთ-ერთი უძველესი უწყვეტად მოქმედი საპარლამენტო ინსტიტუტის ისტორიულ ადგილად ითვლება. შენობის დათვალიერებისას შეგიძლიათ იხილოთ პარლამენტის სხდომათა დარბაზი, შეხვედრების ოთახები და ყოფილი სასამართლო სივრცე.

მადრიუ-პერაფიტა-კლარორის ბუნებრივი პარკი
მადრიუ-პერაფიტა-კლარორი ანდორას ყველაზე დიდი ბუნებრივი პარკია და ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 10%-ს მოიცავს. 2004 წელს ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.
პარკი ულამაზესი ხეობებით, მდინარეებით, მრავალფეროვანი მცენარეებითა და ცხოველებით გამოირჩევა. მისი დათვალიერების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება საფეხმავლო მარშრუტებია.

კალდეას სპა
კალდეა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამთო სპა-ცენტრია, რომელიც გამორჩეული, სარკეებით დაფარული თანამედროვე არქიტექტურის შენობაში მდებარეობს. აქ წყალი გეოთერმული ენერგიით თბება და ბუნებრივი მინერალებით გამოირჩევა. ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ აუზებით, ჩანჩქერებით, ჰიდრომასაჟითა და ჯაკუზით.
კალდეა იდეალური ადგილია დასვენებისა და განტვირთვისთვის, განსაკუთრებით აქტიური დღის შემდეგ, რომელიც მთებში სეირნობას ან თხილამურებით სრიალს დაუთმეთ.

ავტომობილების ეროვნული მუზეუმი
ავტომობილების ეროვნული მუზეუმი სოფელ ენკამპში მდებარეობს და ევროპაში ავტომობილების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კოლექციას ინახავს. მუზეუმში წარმოდგენილია არა მხოლოდ ავტომობილები, არამედ მოტოციკლები და ველოსიპედებიც. კოლექციის ყველაზე ძველი ავტომობილი 1886 წლით თარიღდება, ხოლო უახლესი ექსპონატები მე-20 საუკუნის 70-იან წლებს მიეკუთვნება. ეს ადგილი განსაკუთრებით საინტერესო იქნება ავტომობილების ისტორიისა და კლასიკური მოდელების მოყვარულებისთვის.

სორტენის ხეობა
სორტენის ბუნებრივი პარკი 1 080 ჰექტარს მოიცავს და 800-ზე მეტი სახეობის მცენარისა და ცხოველის სამშობლოა. აქ ბინადრობენ გარეული ღორები, შვლები და სხვა ცხოველები. პარკში მთელი წლის განმავლობაში იმართება საგანმანათლებლო აქტივობები, საფეხმავლო ტურები და ექსკურსიები. მარშრუტები სხვადასხვა თემას ეძღვნება, მათ შორის ტყეებს, ფრინველებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს. ეს ადგილი განსაკუთრებით მოეწონებათ ბუნებისა და ლაშქრობის მოყვარულებს.

დააგემოვნეთ ანდორას ტრადიციული სამზარეულო
ანდორას სამზარეულო მსოფლიოში ნაკლებად ცნობილია, ამიტომ მოგზაურობისას აუცილებლად გასინჯეთ ადგილობრივი კერძები. მის სამზარეულოზე გავლენა მეზობელი საფრანგეთისა და კატალონიის კულინარიულმა ტრადიციებმა მოახდინა. პოპულარულია ლოკოკინები, გარეული ღორისა და კურდღლის ხორცისგან მომზადებული კერძები.
აუცილებლად გასინჯეთ:
- ესკუდელა (Escudella): ნოყიერი ტრადიციული წვნიანი ხორცითა და მაკარონით.
- ტრინშატი (Trinxat): კომბოსტოს, კარტოფილის, პრასისა და ღორის ხორცისგან მომზადებული კერძი.
მიუხედავად იმისა, რომ ანდორას ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, მისი მდინარეები კალმახით მდიდარია და ეს თევზი ადგილობრივი რესტორნების მენიუშიც ხშირად გვხვდება.

ანდორა მხოლოდ სათხილამურო კურორტებით არ შემოიფარგლება. პირენეების მთები შესანიშნავი ადგილია ლაშქრობისთვის, ველოსიპედით სეირნობისა და ბუნებაში დასვენებისთვის. აქ საინტერესო თავგადასავლებს იპოვით როგორც ოჯახთან ერთად, ისე დამოუკიდებლად მოგზაურობისას.










