შეიძლება ვენა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა დედაქალაქია, თუმცა მდიდარი კულტურით გამოირჩევა. აქ მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ხელოვნების ნიმუშებს იხილავთ. თანაც, პარიზთან თუ ლონდონთან შედარებით, ამას ნაკლებ ხალხმრავლობაში მოახერხებთ. კლიმტი, რემბრანტი, კარავაჯო – ეს იმ ოსტატების მცირე ჩამონათვალია, რომელთა შედევრებსაც ვენის მუზეუმები ინახავენ.

  • Kunsthistorisches Museum

ტიციანი, რუბენსი, დიურერი, ვერმერი და ველასკესი: მიუხედავად ამ მუზეუმის დიდებულებისა, ის იშვითადაა გადატვირთული და ტურისტების ჯგუფები აქ ნამდვილად არ შეგაფერხებთ. ხანდახან შესაძლოა კარავაჯოსთან მარტოც კი დარჩეთ და უდიდეს შედევრებთან დიალოგი გამართოთ.

  • Natural History Museum Vienna

ამ მუზეუმის პომპეზურ შენობაში ვენის საბუნებისმეტყველო მუზეუმსაც იხილავთ, სადაც მსოფლიოში უდიდესი მეტეორიტის კოლექცია ინახება. შენობის ფასადი თავისთავად შთამბეჭდავია. ვიზიტორები აქ მითოლოგიურ და ალეგორიულ ფიგურათა სკულპტურებს დაათვალიერებენ. მათ შორის, ნეპტუნის და ჰელიოსის. აუცილებლად იხილეთ დინოზავრების განყოფილებაც. ის ბავშვებს განსაკუთრებით მოეწონებათ.

  • Belvedere Museum

ბელვედერის სასახლე რამდენიმე შენობას აერთიანებს. მათ შორის, მე-18 საუკუნეში აშენებულ ბაროკოს სტილის საზაფხულო სასახლეს. ნაგებობებს შორის ულამაზესი ბაღებია გაშენებული, სადაც სტუმრებს სეირნობა, ველოსიპედით კატაობა და სირბილი შეუძლიათ. მთლიანი კომპლექსი იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლია და მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს შემოქმედებას წარმოგვიდგენს. მათ შორის, გუსტავ კლიმტის “კოცნას”.

  • ZOOM Children’s Museum

ეს საბავშვო მუზეუმი ვენის გულში მდებარეობს და რამდენიმე განყოფილებას აერთიანებს. აქ იხილავთ ოკეანის თემატიკის ოთახს, წყლის ლეიბით, ფერადი ნივთებით და სარკეებიანი გვირაბით; ასევე, სტუდიას, სადაც ისეთი ქაოსის მოწყობაა შესაძლებელი, როგორსაც სახლში ვერ ვანხორციელებთ, აგრეთვე სივრცეს, სადაც ბავშვები ანიმაციურ ფილმებს შექმნიან. სხვადასხვა საინტერესო აქტივობების შემდეგ, ბავშვებს და მშობლებს მუზეუმის ბაღში შეუძლიათ განტვირთვა.

  • Leopold Museum

ლეოპოლდის კრეატიული მუზეუმი სკულპტურებს, მხატვრობას, გრაფიკულ ხელოვნებას და ილუსტრაციებს აერთიანებს. აქ ცნობილი ავსტრიელი არტისტების ხელოვნების ნიმუშებს დაათვალიერებთ. მათ შორის, გუსტავ კლიმტის მოწაფის, ეგონ შიელის. “მას ჰქონდა გასაოცარი უნარი აღებეჭდა ადამიანების ხასიათი, ჩაეხედა მათ სულებში და შეექმნა სხეულები, რომლებსაც გასაოცარი ფიზიკური ფორმები ჰქონდათ. მისი სენსიტიური სიშიშვლე დღემდე განსაცვიფრებელია”.

  • Association of Visual Artists Vienna Secession

მე-19 საუკუნეში, გუსტავ კლიმტმა და სხვა არტისტებმა დატოვეს ავსტრიელ არტისტთა ასოციაცია და შექმნეს ვენის დამოუკიდებელი მოძრაობა. დღეს მათი შენობა თანამედროვე ხელოვნების გამოფენებს მასპინძლობს და აქ კლიმტის 34 მეტრიან ცნობილ ნამუშევარსაც იხილავთ: “ბეთჰოვენის ფრიზი”. აქ ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების გასაოცარი სინერგიაა. იშვითად იხილავთ ადგილებს, სადაც ეს ორი ასე ავთენტურად ერწყმის ერთმანეთს.

  • Albertina Museum Wien

ათასობით ჩანახატის, ფოტოს, ილუსტრირებული წიგნის, პოსტერის თუ სათამაშო ბარათების კოლექციით ცნობილი ალბერტინას მუზეუმი მუნკის, გოიას და პიკასოს ნამუშევრებსაც მოიცავს.

  • Fälschermuseum

როცა ნამდვილ ხელოვნებას საგულდაგულოდ დაათვალიერებთ, “ყალბი მუზეუმისკენ” გაემართეთ. აქ ორიგინალი ნამუშევრები არ ინახება, თუმცა მათი ყალბი რეპლიკებიც მოგეწონებათ. შაგალის, ჰენრი მატისის და რემბრანტის ნიმუშები ნამდვილად ღირს ახლოდან დასაკვირვებლად. აქ ინახება “ჰიტლერის დღიურებიც”, რომელზეც ამბობდნენ, რომ ჰიტლერმა დაწერა. სინამდვილეში კი ისინი ეკუთვნოდა კონრად კუჯაუს, რომელმაც დღიურები ერთ-ერთ ჟურნალს 4.8 მილიონ $-ად მიყიდა.