კლასიკური მუსიკითა და ოპერით ცნობილი ვენა შთამბეჭდავი არქიტექტურის და მდიდარი კულტურის მქონე ქალაქია. ორნამენტებით მორთული სასახლეებით, ტრადიციული ყავის სახლებით და არტ გალერეებით, ვენა ავსტრიის ნამდვილი გვირგვინია.

Belvedere Palace – ბელვედერის სასახლე

გუსტავ კლიმტის უდიდესი კოლექციის სახლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შედის და ორ ბაროკოს სტილის შენობას წარმოადგენს. ფრანგული ბაღები სხვადასხვანაირი შადრევნებით, ულამაზეს გარემოს ქმნიან. გარეთ ქალაქზე ხედსაც იხილავთ, შიგნით კი გასაოცარ ხელოვნებას.

Golden Hall – ოქროს დარბაზი

ვენის პატივსაცემი საკონცერტო დარბაზი, ადგილობრივი და საერთაშორისო ოპერის მომღერლების კონცერტებს მასპინძლობს. მე-19 საუკუნის ნეოკლასიკურ შენობაში, ვენის ორკესტრის შესრულებით, მოცარტის და შტრაუსის მუსიკას მოისმენთ.

ისტორიული ყავის სახლები

ვენაში ვიზიტი სრულყოფილი ვერ იქნება, თუ ქალაქის რომელიმე ისტორიულ ყავის სახლს არ ეწვევით. ყავის სახლი მე-17 საუკუნეში ვენის კულტურული ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო. აქ სთავაზობდნენ გაზეთებს და ბანქოს. ტრადიციები დღესაც გრძელდება. მე-19 და მე-20 საუკუნეებში, ეს კაფეები ბევრი არტისტისა და ინტელექტუალის საყვარელი ადგილი იყო. მათ შორის ზიგმუნდ ფროიდის და მარლენ დიტრიხის. დღეს, ვენის ყავის სახლის კულტურა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობაა.

წმ. სტეფანის კათედრალი

ეს ეკლესია ქალაქის გულში მდებარეობს, პირველი უბნის ისტორიულ ქვაფენილიან ქუჩაზე. გოთიკური სტილის კათედრალი მე-12 საუკუნიდან მოყოლებული, ვენის სიმბოლოს წარმოადგენდა. ტურის საშუალებით, კოშკზეც ახვალთ და დედაქალაქის ზედხედს იხილავთ.

Schönbrunn Palace – შონბრანის სასახლე

ეს სასახლე ვიზიტორებს ბევრ შესაძლებლობას სთავაზობს. მისი ბაროკოს ელეგანტურობა ნამდვილად მოგხიბლავთ. გაისეირნეთ სასახლის ბაღებში, სადაც ვარდები ყვავიან, ბოლოს კი ადით გადმოსახედზე და აქედანაც დააკვირდით ქალაქს. ბავშვებს შონბრანის ზოოპარკი მოეწონებათ, პანდებით, ლომებით და პინგვინებით. ცხელ დღეებში აქ ღია ცის ქვეშ აუზსაც ხსნიან.

გასართობი პარკი – Prater

პრატერი ყველაზე მეტად ეშმაკის ბორბლითაა ცნობილი, რომელიც კინოშიც ხშირად შეგხვდებათ, მათ შორის ჯეიმს ბონდის 1987 წლის ფილმშიც. თუმცა, თუ ეს ატრაქციონი არ მოგწონთ, აქ ბევრი სხვა გასართობი ადგილი, კაფე, საველოსიპედო ბილიკი, სპორტული აღჭურვილობა და სათამაშო მოედანია.

მუზეუმი – Kunsthistorisches Museum

შეუფასებელი ხელოვნების ნიმუშები ვენის მთავარ არტ გალერეაშია თავმოყრილი. პომპეზურ ექსტერიერს არანაკლებ შთამბეჭდავი ინტერიერი მოყვება. აქ კარავაჯოს და ტიციანის ნამუშევრებსაც იხილავთ.

სტადიონი – ესპანური საცხენოსნო სკოლა

უმშვენიერესი თეთრი ცხენები, ულამაზეს თეთრ დახურულ სტადიონზე, კლასიკური მუსიკის თანხლებით პერფორმანსებს გთავაზობენ.

ბუნების ისტორიის მუზეუმი

თუ ცხოველები გაინტერესებთ, ამ მუზეუმსაც აუცილებლად მიაკითხეთ. უზარმაზარი შენობა, უზარმაზარი მწვანე ეზოთი, ბევრ საინტერესო ფიტულს, ნახატს და არტეფაქტს გთავაზობთ.

არქიტექტურული ხელოვნების ნიმუში – Hundertwasserhaus

ეწვიეთ ვენის ამ კრეატიულ შენობას მესამე უბანში. ის ავსტრიელმა არქიტექტორმა ფრიდრიხ ჰანდერტვასერმა დააპროექტა. სხვადასხვა ფრად შეღებილი კორპუსი თითქოს ტყესაც თავის თავში მოიცავს. აქვეა ამ არქიტექტორის მუზეუმიც, სადაც მის სხვა შემოქმედებასაც გაეცნობით.

დანუბეს კოშკი

ვენის ყველაზე პოპულარულ მწვანე პარკში ეს 150სმ სიმაღლის კოშკი მდებარეობს. ხედი ქალაქზე 360 გრადუსიან პანორამას გთავაზობთ. აქვე შეგიძლიათ ნავის დაქირავება და პიკნიკი.

ზიგმუნდ ფროიდის მუზეუმი

ვენის მეცხრე უბანში, ზიგმუნდ ფროიდის ყოფილი სახლი და სამუშაო სივრცე მდებარეობს. აქ იხილავთ მის ნაწერებს და ნამუშევრებს.

ავსტრიის ეროვნული ბიბლიოთეკა

ეს ევროპის უდიდესი ბაროკოს სტილის ბიბლიოთეკაა. უზარმაზარ ჰოლში დანიელ გრანის ბრწყინვალე ფრესკებს იხილავთ. აქ მარტინ ლუთერის უნიკალური ნაწერები ინახება რეფორმაციის ეპოქიდან. ასევე, გლობუსების კოლექციას დაათვალიერებთ.

ბაზარი – Naschmarkt

ვენის ცნობილ ბაზარში სტუმრობა სამზარეულოს მოყვარულებსაც მოეწონებათ და არქიტექტურისაც. ღია ბაზარში 100-ზე მეტი დახლი დაგხვდებათ სხვადასხვა გემრიელი პროდუქციით. ბაზრის შენობა მე-16 საუკუნით თარიღდება.

აკვარიუმი – Haus des Meeres

ვენის აკვარიუმში 10,000-მდე ზღვის და ხმელეთის ცხოველია, მათ შორის ტროპიკული სახეობებიც ამაზონიდან. ავსტრიის უდიდეს აკვარიუმში ზვიგენები 300,000 ლიტრი ტევადობის აუზში თქვენ გვერდით იცურავებენ.

ლეოპოლდის მუზეუმი – Leopold Museum

თუ ხელოვნებაში ექსპრესიონიზმი გხიბლავთ, ეს მუზეუმი თქვენთვისაა. აქ ეროტიზმის და ინტიმური ხასიათის ნამუშევრებს იხილავთ. კოლექციის უმეტესობა ეგონ შიელს ეკუთვნის, თუმცა მისი მასწავლებლის, კლიმტის ნამუშევრებსაც ნახავთ.

ალბერტინას მუზეუმი – Albertina Museum

აქ კი დეგას, მონეს, სეზანს, ტულუზ-ლოტრეკს და გოგენს იხილავთ. ასევე, პიკასოს ადრეულ ნამუშევრებსაც. პირველ უბანში მდებარე ალბერტინას მუზეუმი შთამბეჭდავი გრაფიკული ხელოვნების კოლექციითაც იწონებს თავს.

კონსერვატორია – Burggarten

ჩაუარეთ ვენის არტ-ნუვოს სტილის კონსერვატორიას და ისეირნეთ მის ულამაზეს ბაღში. ეს იდეალური ადგილია რომ მზიან ტერასაზე ჩამოსხდეთ და რამე მიირთვათ.

ვენის ოპერა

ოპერის მოყვარულები მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ოპერის დარბაზს აუცილებლად უნდა ეწვიონ. შეგიძლიათ პერფორმანსებზე ფეხზე დგომის ბილეთი მხოლოდ 10 ევროდ შეიძინოთ. მე-19 საუკუნეში აგებული ეს ნეო-რენესანსის შენობა ოდესღაც შტრაუსსაც მასპინძლობდა. შენობის დასათვალიერებელი ტურებით მთელი დღის მანძილზე შეგიძლიათ ისარგებლოთ.

ზოოპარკი – Schönbrunn Zoo

ეს ზოოპარკი მსოფლიოში უძველესია. ის საიმპერატორო სასახლის ადგილას მდებარეობს, რომელიც რომაელ იმპერატორს, ფრანსის პირველს ეკუთვნოდა. შიგნით 700 სახეობამდე ცხოველი დაგხვდებათ. მათ შორის პანდა, კოალა და სპილო.