სტამბოლის ქუჩები ტიტებით ივსება მარტის ბოლოდან და სრულდება მაისის დასაწყისში. 2021 წელს ტიტების ცნობილი ფესტივალი ტარდება 1-დან 30 აპრილამდე, მაგრამ პანდემიიდან გამომდინარე ღონისძიებები სავარაუდოდ არ ჩატარდება, თუმცა, გთავაზობთ პარკებს, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ ამ ულამაზესი სანახაობით.

 

ემირგანის პარკი (Emirgan Park) – ტიტების პარკი სტამბოლში 

ამ პარკში სტამბოლის ყველაზე ლამაზი ტიტები, ფერადი სკულპტურები და ყველაზე მრავალფეროვანი ყვავილები დაგხვდებათ. მაგალითად, აქ ყოველთვის შეგიძლიათ ცნობილი თურქული წვეტიანი ტიტების ხილვა. ემირგანის პარკში კი ყველაზე ხშირად ტარდება ტიტების ფესტივალისთვის მიძღვნილი ღონისძიებები და აქედან იშლება საოცარი ხედი ბოსფორის სრუტეზე.

მუშაობის საათები: 06:00 – 22:00

როგორ მოვხვდეთ: ავტობუსი 25E დადის “Kabatas”-ის გაჩერებიდან, 40B – “Besitkas” გაჩერებიდან; ან აქ მოხვედრა შეგიძლიათ პარომით “istinye”-ს ნავმისადგომამდე.

გიოზტეპეს პარკი (Goztepe Park) 

ეს პატარა პარკი მდებარეობს სტამბოლის აზიურ ნაწილში. აქ ტიტების დღესასწაული მშვიდ გარემოში ტარდება, ემირგანის პარკთან შედარებით აქ ნაკლები ხალხია, რაც საშუალებას მოგცემთ იდეალურად გაატაროთ დრო ოჯახთან ერთად და მოწყდეთ ქალაქის ქაოსს.

სამუშაო საათები: 07:00 – 23:00

როგორ მივიდეთ: 16D ავტობუსით “Kadikoy”-ს გაჩერებიდან “Goztepe”-ს გაჩერებამდე.

გულჰანეს ბაღი (Gulhane Park) 

ეს ყველაზე ცნობილი ტურისტული პარკია სსტამბოლის ისტორიულ ნაწილში. თუ დარჩებით სულთანაჰმედის რაიონში, მაშინ ვერ შეძლებთ ამ ადგილის გვერდის ავლას. ტიტების გამოფენები აქ მრავალფეროვანია და ბევრი ტურისტი ირჩევს მხოლოდ აქ გასეირნებას – რაც კომფორტულია, რადგან ამ პარკთან ახლოს სტამბოლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობები მდებარეობს – ტოპკაპას სასახლე და აია-სოფიას მეჩეთი.

სამუშაო საათები: 06:00 – 22:30

ილდიზის პარკი (Yildiz) 

yildiz

ბორცვზე მდებარე უდიდესი პარკი ბილიკებით, ტბებით, ჩანჩქერებით და ხედით ბოსფორზე. აქ გირჩევთ სრული დღის თუ არა, ნახევარი დღის გატარებას მაინც, რათა მაქსიმალურად შეიგრძნოთ აქაური ბუნებრივი მშვენიერება.

სამუშაო საათები: 24 საათი

როგორ მივიდეთ: ნებისმიერი ავტობუსით “Yahya Efendi”-ს გაჩერებიდან.

ჩამლიჯის მთის პარკი (Camlica Hill)

სტამბოლის აზიურ ნაწილში მდებარე მთაზე ულამაზესი პარკი დაგხვდებათ, საიდანაც საოცარი პანორამული ხედი იშლება მთელ ქალაქზე.

სამუშაო საათები: 08:00 – 24:00

როგორ მივიდეთ: “kisikli”-ს მეტროსადგურამდე, შემდგომ ფეხით.

 

სტამბოლში ტიტების ფესტივალზე მოგზაურობისას, გირჩევთ დარჩეთ სულთანაჰმედის რაიონში. პირველ რიგში, აქ ახლოს გულჰანეს პარკი მდებარეობს, სადაც ყოველწლიურად ადგილობრივები ამრავალფეროვნებენ პარკს და ზრდიან კიდევ უფრო მეტ ტიტას, მეჩეთებთან ახლოს იხილავთ ყვავილების კლუმბებს და ასევე აქ სტამბოლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობები მდებარეობს, რაც საშუალებას მოგცემთ დატკბეთ როგორც ყვავილებით, ასევე საინტერესო ადგილებითაც.