თურქეთს უამრავი ლამაზი ადგილი აქვს, დაწყებული სტამბოლის საკულტო ღირსშესანიშნაობებით, გაგრძელებული კაპადოკიის ლანდშაფტით და ზღვისპირა კურორტებით. ამხელა არჩევანის პირობებში, რთულია გადავწყვიტოთ თუ სად მოვიწყოთ სათავგადასავლო დასვენება. ამჯერად, ადგილობრივების არჩევანს გთავაზობთ. თუ გაინტერესებთ, როგორ და სად ისვენებენ ისინი, გაეცანით ამ ბლოგს.

ეგეოსის კუნძულის იდილია: ბოზჯადა (Bozcaada)

ეგეოსის ზღვიდან მონაბერ ჰაერში, ეს კუნძული თურქეთის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს და ხმელეთიდან მხოლოდ ნახევარი საათის ბორნით სავალ გზაზეა. მისი სილამაზე და შარმი ნამდვილად აღგაფრთოვანებთ. მოგზაურები ბოზჯადას მონახულებას მისი ულამაზესი ნავსადგურიდან იწყებენ, რომელსაც ისტორიული ციხესიმაგრე მოსდევს. აქ ბერძნული გავლენის უბნებია: ატმოსფერული, ფეხით მოსავლელი, წვრილი ქუჩებით და კაფე-ბუტიკებით. მოინახულეთ ეკლექტური ისტორიის მუზეუმი მე-19 საუკუნის ქვის სახლში.

თურქ ვიზიტორებში დიდი პოპულარობის გამო, ფასები კუნძულზე ოდნავ მაღალია, თუმცა აქ გემრიელად და ბიუჯეტურად მაინც გამოიკვებებით. გირჩევთ რესტორანს: “Tiny Ada’m“, სადაც ორ და სამ კაცში გასაზიარებელი კერძებია. ადგილობრივ მარნებს, როგორებიც არიან: Talay, Corvus, Çamlıbağ და Amadeus, უფასო სადეგუსტაციო ოთახები აქვთ. ეწვიეთ ღია ცის ქვეშ ბაზრობას ნავსადგურთან სახლში მომზადებული ჯემების, ბოსტნეულის და სხვა სუვენირების შესაძენად.

საცურაოდ და გასარუჯად ეწვიეთ სანაპიროს: Sulubahçe Plajı. სერფინგისთვის და თავგადასავლებისთვის კი აირჩიეთ: Çayır Plajı. ეს კუნძულის ორი ბრწყინვალე სანაპიროა ბევრ სანაპიროს შორის.

თურქეთის უდიდესი და უმშვიდესი კუნძული: გოკჩადა (Gökçeada)

თურქეთის ყველაზე დიდი კუნძული საროსის ყურის შესასვლელთან მდებარეობს, რომელსაც შეგიძლიათ სტამბოლიდან ეწვიოთ და მშვიდი და სუფთა სანაპიროებით დატკბეთ. მართალია, მის სიახლოვეს მდებარე გალიპოლი დიდიხანია რაც ტურისტულად პოპულარული მიმართულებაა, მაგრამ გოკჩადა ადგილობრივების გულში იკავებს მნიშვნელოვან ადგილს და მას თურქი ოჯახები სტუმრობენ.

აქ მოგზაურობა სასიამოვნო საათნახევრიან მგზავრობას მოიცავს ზღვაზე ჩანაკალედან (Çanakkale). როგორც კი ამ კუნძულის ულამაზეს სანაპიროებზე შეაბიჯებთ, მაშინვე მიხვდებით, თუ რატომ ითარგმნება მისი სახელი როგორც “სამოთხის კუნძული”. ულამაზესი სანაპირო ადგილების აღმოჩენით და კრისტალივით სუფთა წყლის წყალობით აქ სრულ განტვირთვას მოახერხებთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია სანაპიროები: Kefalos და Uğurlu.

აქ ბევრი საოჯახო სასტუმრო მდებარეობს. კუნძულს მდიდრული ბერძნულ-თურქული ისტორია აქვს. მისი სოფლების დათვალიერებით და უნიკალური კულტურის გაცნობით აღმოაჩენთ თუ როგორ თანაარსებობენ თურქები და ბერძნები ჰარმონიულად. სოფელ ბადემლში ტრადიციული სახლებია მორთული ყვავილებით.

ხმელთაშუაზღვის მშვიდი მხარე: აკიარლარი (Akyarlar)

ბოდრუმის ნახევარკუნძულზე მდებარე აკიარლარში თურქი ოჯახები ყოველწლიურად დადიან. ის ქალაქ ბოდრუმის ჩრდილშია მოქცეული და ტურისტებში ისეთი პოპულარული არაა. თუმცა, აკიარლარი ამ მხარის მშვიდი ადგილია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არ სურს ბოდრუმის კურორტის მსგავს ხალხმრავლობაში დაისვენოს.

აქ ბევრი საცურაო ადგილი დაგხვდებათ, თუმცა ყველაზე პოპულარული სანაპიროებია: Karaincir, Akçabük და Meteor. აქ წყალი სუფთაა და შეგიძლიათ დაკავდეთ კაიაკით და ნავის ტურებით. ნავის ტურები როგორც წესი დილას იწყება და საღამომდე გასტანს. მათი მეშვეობით საშუალება გეძლევათ დატკბეთ აკიარლარის სხვადასხვა სანაპიროთი დღის სხვადასხვა დროს.

აკიარლარი სხვადასხვა ბიუჯეტზე და გემოვნებაზე მორგებულ დასვენებას გვპირდება. სადაც არ უნდა დარჩეთ, ზღვა მუდამ ახლოს გექნებათ. კვებისთვის გირჩევთ რესტორანს: Samsun Pidecisi Nuri Usta. აქ თურქული პიცების მრავალფეროვანი არჩევანია.