თუ პარიზს პირველად სტუმრობთ, მისი უბნების და რაიონების სისტემა ნამდვილად დაგაბნევთ. ჩვენ 10 საუკეთესო უბანს გირჩევთ, სადაც დარჩენა ხელსაყრელი, უსაფრთხო და კომფორტული იქნება.
Latin Quarter / ლათინური კვარტალი
პარიზის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უბანი მდინარის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, ილ დე სიტის სიახლოვეს, სადაც ნოტრ-დამი დგას. მისი ცენტრალური ლოკაცია და ბოჰემური ატმოსფერო პარიზში ჩასულ ვიზიტორებს ძალიან ხიბლავს. ლათინურ კვარტალში მდებარეობს სორბონის უნივერსიტეტი, ამიტომაც აქ ბევრი სტუდენტი და ცოცხალი ღამის ცხოვრებაა.
Saint-Germain-des-Prés / სენ-ჟერმან-დე-პღე
ლათინური კვარტლის გვერდით კი ეს არაჩვეულებრივი პარიზული უბანია. აქ ისტორიული ბისტროები, ანტიკური მაღაზიები, წიგნის მაღაზიები და საყვარელი პარკებია. სენ-ჟერმანი არტისტებისთვის ნამდვილი სამოთხეა, რადგანაც აქ პრესტიჟული სახვითი ხელოვნების ეროვნული სკოლა მდებარეობს. აქ დეგა, მონე და რენუარი სწავლობდნენ. ამ უბნიდან მეტროთი სიარული ძალიან მარტივია.
Pigalle / პიგალი
პიგალს “პარიზის ყველაზე თავხედური უბნის” რეპუტაცია ქონდა. ის ღამის კლუბების და კაბარეების ეპიცენტრი იყო, მაგრამ დღეს უფრო მეტად სექს-შოფებითაა ცნობილი. მისი საკულტო ძეგლი – მულენ რუჟი ბევრ ტურისტს აღაფრთოვანებს. მონმარტის სამხრეთით მდებარე პიგალი ბიუჯეტური დარჩენის ვარიანტია.
Bastille / ბასტილია
ფრანგული რევოლუციის დაბადების ადგილი აქტიური ღამის ცხოვრებით და ბასტილიის ოპერის სახლითაა ცნობილი. გაისეირნეთ ფოტოგენურ ქუჩაზე სახელად: Rue Crémieux. ამ უბნის შარმი და ხელსაყრელი მდებარეობა მას პარიზში დასარჩენად კარგ უბნად აქცევს.
Canal St Martin / სან მარტინის არხი
სან მარტინის არხის უბანი ორ მეტროს შორის მდებარეობს და რაც მთავარია, ის Gare de l’Est-ის მატარებლის სადგურთანაა ახლოს. მდინარისპირა ბარები და რესტორნები თავისი ტერასებით გაზაფხულსა და ზაფხულში იდეალურ დასვენებას გპირდებათ. დააათვალიერეთ ლამაზი ხიდები და ბუტიკ მაღაზიები.
Marais / მარე
ქალაქის ცენტრში მდებარე მარეს უბანი პარიზის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილია: გასაოცარი არქიტექტურით, მდიდრული ისტორიით, კულტურული მრავალფეროვნებით და გემრიელი საკვები ობიექტებით. მარე ყოველთვის იყო ქალაქის ყველაზე პროგრესული უბანი. ისტორიულად ეს ებრაული უბანი იყო, შემდეგ კი LGBTQ+ საზოგადოების ცენტრად იქცა. მარე პარიზში დასარჩენად ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ადგილია. აქ მდებარეობს პომპიდუს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და ცნობილი ფალაფელის ჯიხურები.
Belleville / ბელევილი
ბელევილი პარიზის ეკლექტური უბანია, სადაც დიდიხანია იმიგრანტები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. ამის გამო აქ კლასიკური პარიზული ატმოსფერო არ სუფევს, თუმცა ძალიან ახალგაზრდული ენერგია ტრიალებს. აქ გემრიელი საერთაშორისო რესტორნები და სხვადასხვა ღონისძიებებია.
Montparnasse / მონპარნასი
მონპარნასი მე-14 რაიონში მდებარეობს, ლათინური კვარტლის და სენ-ჟერმანის სამხრეთით. ის პარიზის ცენტრიდან და სხვა პოპულარული ადგილებიდან მოშორებითაა, თუმცა მეტროთი აქედან ყველა ლოკაციაზე მისვლა საკმაოდ მარტივია. ეს უბანი ერთ დროს ცნობილი იყო გამოჩენილ არტისტებში, მწერლებსა და მუსიკოსებში და დღემდე იპოვნით ისტორიულ ბარებს, სადაც ჰემინგუეი და პიკასო დადიოდნენ. შეგიძლიათ ახვიდეთ მის ცნობილ ცათამბჯენზე და ქალაქს მისი სახურავიდანაც გადახედოთ.
Montmartre / მონმარტი
პარიზის ყველაზე მისტიკური უბანი პატარა მთაზე მდებარეობს და ქალაქს გადმოჰყურებს. აქ ბოჰემური ატმოსფერო, ქვაფენილიანი ქუჩები, ლამაზი კაფეები და კაბარეებია, რაც კლასიკური პარიზის არქეტიპს აყალიბებს. აქ ბევრი ბიუჯეტური დასარჩენი ადგილია, თუმცა გაითვალისწინეთ რომ სიარული მოგიწევთ.
1st Arrondissement / პირველი რაიონი
ეს პარიზის ცენტრალური უბანია. აქ მეზობლად გექნებათ ლუვრი, ტიუილრის ბაღი და შოპინგ ცენტრი. შესაბამისად, აქ დარჩენა იაფი სულაც არაა, თუმცა თუ ბიუჯეტი გაქვთ და მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ახლოს გსურთ ყოფნა, მაშინ ეს უბანი უნდა აირჩიოთ.