თუ საფრანგეთის დედაქალაქში მხოლოდ 3 დღე გაქვთ, თქვენთვის კარგი და ცუდი ამბავი გვაქვს. ცუდით დავიწყებთ: ეს საკმარისი დრო არაა პარიზის ამოსაწურად, თუმცა თუ სწორ გეგმას მიყვებით, ამ ქალაქში საუკეთესო 72 საათს გაატარებთ.
დღე 1
ადრიანი დილა
შეუერთდით კრუიზის ტურს მდინარე სენაზე. ის საშუალებას მოგცემთ პარიზის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობები დაათვალიეროთ და ქალაქზე შთაბეჭდილება შეგექმნათ. კომპანია Bateaux-Mouches 80 წუთიან ტურებს გთავაზობთ და მისი გემები ყოველ 20 წუთში დადიან ალმას ხიდიდან. გაყევით მეტროს მე-9 ხაზს ალმა-მარსოს სადგურამდე და გემების სადგომი რამდენიმე წუთის ფეხით სავალ გზაზეა. ტურის დროს იხილავთ ეიფელს, ლუვრს, ნოტრ-დამს და საოცარ ხიდებს სენაზე.
გვიანი დილა
ეწვიეთ ლუვრს ან ორსეს მუზეუმს. მას შემდეგ, რაც ქალაქის ლანდშაფტზე შთაბეჭდილება შეგექმნებათ, მსოფლიოს ცნობილი და გამორჩეული მუზეუმები მოინახულეთ. აირჩიეთ რომელიმე: ლუვრი ან ორსე. ლუვრის შემთხვევაში გახსოვდეთ, რომ მას 2 საათში ვერ დაათვალიერებთ. ასე რომ, აირჩიეთ სასურველი განყოფილება. თუ იმპრესიონიზმი და ექსპრესიონიზმი გხიბლავთ, ორსეში მონე, მანე, სისლეი და დეგა დაგხვდებათ. აქ ასევე გასაოცარი სკულპტურებია, მათ შორის როდენის.
შუადღე
ლათინური კვარტალი ან ეიფელის კოშკი. ლანჩის შემდეგ, გამოიკვლიეთ ლათინური კვარტალი ან ეწვიეთ ეიფელის კოშკს და დატკბით პანორამული ხედებით. პირველი ვარიანტის შემთხვევაში, ბევრი სიარული მოგიწევთ, ეიფელი კი ნაკლებად მოითხოვს მოძრაობას. ლეგენდარული ლათინური კვარტალი წვრილი ქუჩებით, კინოთეატრებით, წიგნის მაღაზიებით, პარკებით და მუზეუმებითაა სავსე. სორბონის უნივერსიტეტიდან ლუქსემბურგის ბაღებამდე საკმაოდ საინტერესო თავგადასავალი გელით. მეორე ვარიანტის შემთხვევაში, ადით კოშკის მეორე ან მესამე სართულზე, დაათვალიერეთ მის გარშემო არსებული ბაღი და ტროკადეროს მოედანი.
საღამო
ვახშამი მონპარნასზე ან ეიფელის კოშკთან. ქალაქის დათვალიერების და შთაბეჭდილებების მიღების შემდეგ, დროა ივახშმოთ და რელაქსაცია მიიღოთ. მონპარნასის არეალში მე-20 საუკუნეში ცნობილი არტისტები იყრიდნენ თავს და ნამდვილად ღირს მონახულებად. ლათინური კვარტალიდან მეტროს მეოთხე ხაზზე უნდა დასხდეთ. ეიფელის კოშკიდან კი მეექვსეზე. თქვენს გაჩერებას ეწოდება: Montparnasse-Bienvenue. მონპარნასში ტრადიციული და ლეგენდარული საკვები ობიექტებია, მათ ხომ პიკასო და მოდილიანი სტუმრობდნენ. აქ ბარების დიდი არჩევანიცაა.
დღე 2
ადრიანი დილა
ნოტრ-დამი და კუნძული: Ile de la Cité. გემრიელი საუზმის: კრუასანების და ყავის შემდეგ, დროა ნოტრ-დამის კათედრალი მოინახულოთ და პარიზის ცენტრალურ კუნძულზე გადახვიდეთ. ორი დრამატული კოშკის, ვიტრაჟების და გოთიკური არქიტექტურის მქონე ეკლესია ექსტერიერით ნამდვილად მოგხიბლავთ. შემდეგ დაათვალიერეთ კუნძული Ile de la Cité, რომელზეც ეს კათედრალი მდებარეობს. ეს შუასაუკუნოვანი პარიზის ცენტრია.
გვიანი დილა
პომპიდუს ცენტრი. ნოტრ-დამიდან დე ლა სიტეს ხიდით კრეატიული არქიტექტურის მქონე პომპიდუს ცენტრთან მალე მოხვდებით. პომპიდუს ცენტრი თანამედროვე პარიზის კულტურული ცხოვრების ცენტრია. ის თავისი ხელოვნებით უამრავ ვიზიტორს იზიდავს. თუ მუზეუმის ბილეთს შეიძენთ, გამოიყენეთ გარე ესკალატორი, რომლიდანაც ქალაქის პანორამულ ხედებს იხილავთ.
შუადღე
მარე და ბასტილია. ლანჩის მირთმევის შემდეგ, გაისეირნეთ მოდურ მარეს უბანში, რომელსაც ასევე ისტორიული სარჩული აქვს. ეს კულტურულად მრავალფეროვანი გარემო ებრაულ ისტორიას ინახავს. ცენტრ პომპიდუდან გადაჭერით რენარდის ქუჩა და წმ. მერის ქუჩით მარეს უბნამდე მიხვალთ. ეს უბანი შემდეგ ქუჩებს მოიცავს: Rue Sainte-Croix de la Bretonnerie, Rue des Rosiers, Rue des Francs-Bourgeois. აქ ბევრი მაღაზია და კაფე დაგხვდებათ. შემდეგ ბასტილიის მოედნამდე მიდით.
საღამო
შანზ-ელიზე და ტრიუმფალური თაღი. საღამოს კლასიკური პარიზი და მისი მთავარი გამზირი შანზელიზე მოინახულეთ, რომელიც ტრიუმფალური თაღით გვირგვინდება. აქ ძვირადღირებული მაღაზიები და რესტორნებია, თუმცა სეირნობა და ვიტრაჟების თვალიერება ნამდვილად სასიამოვნოა.
დღე 3
ადრიანი დილა
სან მარტინის არხი. St-Martin-ის არხზე მწვანე ხიდები, ხოლო მის სიახლოვეს საყვარელი კაფეებია. მის გასწვრივ სეირნობა ტიპური პარიზული ატმოსფეროს მატარებელია, განსაკუთრებით კვირაობით, როდესაც მანქანები არ მოძრაობენ და აქ მხოლოდ ქვეითები და ველოსიპედები არიან. შეიარეთ სადმე ყავაზე, დაათვალიერეთ ბუტიკები და გადაიღეთ ფოტოები უნიკალურ ხიდებზე. დაასრულეთ სეირნობა რესპუბლიკის მოედანზე.
გვიანი დილა
ბელევილის მეტრო და პერ-ლაშეზის სასაფლაო. შემდეგი გაჩერება კოსმოპოლიტური ბელევილია. აქ მუდამ ხალხი ტრიალებს და სულ რაღაც ხდება. ბელევილის მიმდებარედ ფრანკო-ჩინური და ფრანკო-ვიეტნამური საზოგადოება სახლობს. შესაბამისად, აქ ბიუჯეტურად მიირთმევთ გემრიელ საკვებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. სან მარტინის არხიდან ფეხით 15 წუთი დაგჭირდებათ, თუმცა შეგიძლიათ რესპუბლიკის მეტროში ჩახვიდეთ. ბელევილში ცხოვრობდა ლეგენდარული ედიტ პიაფი. დაათვალიერეთ ქუჩის ხელოვნება და არტისტების ფერადი სტუდიები.
ბელევილიდან პერ-ლაშეზის სასაფლაოსთან ფეხით 15 წუთში მოხვდებით. აქ ცნობილი პარიზელების საფლავებია. მათ შორის: მარსელ პრუსტის, შოპენის, ჯიმ მორისონის და აშ. სასაფლაო სიმწვანეშია ჩაფლული.
შუადღე
პიგალი და მონმარტი. ბელევილის ან პერ-ლაშეზის მეტროდან გაყევით მეორე ხაზს ბლანშის სადგურამდე და ადით ბულვარ დე კლიშის მხარეს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პიგალში! ეროტიკული ხელოვნების ცენტრში. დაათვალიერეთ მულენ რუჟის ექსტერიერი და სექს-შოფები. აქედან აბესის ქუჩით მონმარტის გულში მოხვდებით.
მონმარტს პატარა სოფელს უწოდებენ ქალაქში. მშვიდი ქუჩები ფერადი სახლებით, ძველებური კაფეებით და კაბარეებით სილამაზის და სინატიფის მოყვარულებს ნამდვილად მოგხიბლავთ. დააგვირგვინეთ ვიზიტი საკრე-კერში ვიზიტით და პარიზის გასაოცარი ხედით.
საღამო
მზად ხართ დაასრულოთ სამ დღიანი ვიზიტი “სიყვარულის დედაქალაქში”? ნუ მოიწყენთ! დატკბით მომენტით. ამ მოგზაურობის დაგვირგვინების საუკეთესო გზა ისევ და ისევ მონმარტია. Au Lapin Agile – აქ ტრადიციულ კაბარეს შოუს შეგიძლიათ დაესწროთ ან უკან მულენ-რუჟთან დაბრუნდეთ და მას ეწვიოთ. თუ კაბარეს ხელოვნება არ გიზიდავთ, ამ უბანში ღამის გართობისთვის ბევრ კაფე-ბარს იპოვნით!