ბრაზილიური ქუჩის საკვები ნამდვილი აღმოჩენაა ამ შთამბეჭდავ და ეკლექტურ ქვეყანაში მოგზაურობისას. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც ერთნაირად ბრწყინავს ისეთ განსხვავებულ სფეროებში, როგორიცაა ფეხბურთი, ჯიუ-ჯიცუ და სამბა, გასაკვირი სულაც არ უნდა იყოს, რომ ბრაზილიური სამზარეულოც ათასგვარი გავლენის უზარმაზარი სინთეზით საზრდოობს. ბრაზილიის მოსახლეობა შთამბეჭდავი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: აქ შეხვდებით სხვადასხვა ეთნიკურობის და კულტურის მქონე საზოგადოებას. ეს მდიდარი ნაზავი კი იდეალურად აირეკლება იმ გემოების მრავალფეროვნებაში, რომლებსაც ადგილობრივ კერძებში აღმოაჩენთ.

ამბობენ, თუ გსურს ქვეყანა ნამდვილად გაიცნო, ჯერ მისი ხალხი უნდა შეიცნოო, ამისთვის კი იმაზე უკეთესი გზა არ არსებობს, ვიდრე მათ გვერდით ჯდომა და იმის ჭამაა, რასაც თავად მიირთმევენ. საბედნიეროდ, ბრაზილიური კულტურა სიცოცხლით სავსე და მხიარულია, ხოლო ღია ცის ქვეშ წახემსება ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მთელი ბრაზილიის სული იმ უამრავ ქუჩის სასუსნავშია ჩაქსოვილი, ფეხის ყოველ ნაბიჯზე რომ შეგხვდებათ.

1. Pão de queijo (ყველის პური)

მსუბუქი და ჰაეროვანი სასუსნავი

სიტყვასიტყვით „ყველის პური“: Pão de Queijo არის მსუბუქი, ფუმფულა ფუნთუშა, რომელიც რბილი ყველისგან მზადდება. ის განსაკუთრებით პოპულარულია საუზმეზე, თუმცა მისი მირთმევა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი. შეგიძლიათ მიირთვათ პირდაპირ ღუმელიდან გამოღებული, ცხელ-ცხელი, ან შუაზე გაჭრათ და კიდევ უფრო მეტი ყველით ან თუნდაც მურაბით შეავსოთ, თუკი ტკბილი გემოები გიზიდავთ. Pão de queijo-ს შექმნა მონობის ხანას უკავშირდება. აფრიკელი მონები მცენარე მანიჰოტის დამუშავების შემდეგ დარჩენილ თეთრ, სახამებლით მდიდარ მასას აგროვებდნენ და აცხობდნენ. მონობის გაუქმების შემდეგ კი, მინას-ჟერაისის, ბრაზილიის რძის პროდუქტების მთავარი ცენტრის მცხოვრებლებმა ამ მასას რძე და ყველი დაუმატეს და შექმნეს ის საუცხოო კერძი, რომელიც დღეს ფართოდაა ცნობილი.

2. Mandioca frita

კარტოფილი ფრის გამორჩეული, ბრაზილიური ალტერნატივა

მანიჰოტი ბრაზილიური სამზარეულოს უმნიშვნელოვანესი საყრდენია და ბრაზილიელებს მისგან დამზადებული ფრი უზომოდ უყვართ. გემოთი და ტექსტურით ის საკმაოდ წააგავს კარტოფილ ფრის, თუმცა თავისი სპეციფიკური შარმი აქვს. მანდიოკა ფრი მარტივად მოსამზადებელია და იდეალური სასუსნავია ცივ ლუდთან ერთად მისაყოლებლად.

3. Bolinhos de Bacalhau (ვირთევზას შემწვარი კვერები)

ბრაზილიის ევროპული მემკვიდრეობა

პორტუგალიურიდან Bolinhos de Bacalhau სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „ვირთევზას კვერები“ და მათ ბრაზილიაში ფეხის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით. ისინი ყველგანაა: დახვეწილი ბარებიდან და რესტორნებიდან დაწყებული, გზის პირას მდგარი ქუჩის მზარეულებით დამთავრებული. ის გარედან ოქროსფერი და ხრაშუნაა, შიგნიდან კი მარილიანი ვირთევზასა და კარტოფილის ნაზი, კრემისებრი მასითაა სავსე. როგორც წესი, მას ლაიმთან ერთად მოგართმევენ, რაც ბოლინჰოს გემოს კიდევ უფრო პიკანტურსა და ცოცხალს ხდის. ბრაზილიელების განსაკუთრებული სიყვარული ვირთევზას მიმართ მათი პორტუგალიური მემკვიდრეობის ნაწილია, რადგან ეს თევზი მეზღვაურობით განთქმული პორტუგალიისა და მისი მეზობელი ესპანეთის სამზარეულოს მთავარი სავიზიტო ბარათია.

4. Kibe (ხორცის კატლეტები)

ახლოაღმოსავლური კლასიკის ბრაზილიური ინტერპრეტაცია

მიუხედავად იმისა, რომ Kibe-ს ფესვები ახლო აღმოსავლეთიდან მიდის, მან ბრაზილიურ სამზარეულოში საპატიო ადგილი დაიმკვიდრა. ეს სულაც არ არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, იმას, თუ რამდენად გემრიელია იგი. კერძი მზადდება ბულგარულის, წვრილად დაჭრილი ხახვისა და საქონლის ფარშის ნაზავისგან, რომელსაც მოგრძო კატლეტების ფორმას აძლევენ, აზავებენ სხვადასხვა მწვანილითა და სანელებლებით, ბოლოს კი ზეთში წვავენ. მიიჩნევა, რომ Kibe ლათინურ ამერიკაში XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში, იმიგრანტების ტალღასთან ერთად დამკვიდრდა.

5. Acarajé (აფრიკული სტილის ფალაფელი)

კულტურათა გზაჯვარედინის ყველაზე თვალსაჩინო და ეგზოტიკური გემო

არსად არ ჩანს ისე მკაფიოდ ბრაზილიის ხასიათი, როგორც მის კულინარიაში. იმ კულტურული სინთეზისა და შერწყმის საუკეთესო მაგალითია კერძი Acarajé(აკარაჟე) Vatapá-სთან (ვატაპა) ერთად. აკარაჟეს მოსამზადებლად შავ ლობიოს  სრესენ და აზავებენ მარილითა და დაჭრილი ხახვით. მიღებულ მასას ფუნთუშისებურ ფორმას აძლევენ და ზეთში წვავენ. სერვირებისას მას შუაზე ჭრიან და ავსებენ ვატაპათი: პიკანტური, ცხარე პასტით, რომელიც მზადდება კრევეტებისგან და ქოქოსის რძისგან. ამ კერძის ფესვები აფრიკიდან იღებს სათავეს, თუმცა ბრაზილიაში ის განსაკუთრებით უკავშირდება ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატ ბაიას და, კერძოდ, ქალაქ სალვადორს. დღესდღეობით ის იმდენად პოპულარული ქუჩის სასუსნავია, რომ მისი დაგემოვნება ბრაზილიის თითქმის ყველა დიდ ქალაქში შეგიძლიათ.

6. Picanha (საქონლის მწვადი)

პიკანია საქონლის ხორცის განსაკუთრებულ, პრემიუმ ნაჭერს ჰქვია, რომელიც ზურგის უკანა, ზედა ნაწილიდან იჭრება. ეს წვნიანი და ნაზი ნაჭერი ინარჩუნებს ქონის თხელ ფენას, რაც გრილზე იდეალურად დაბრაწვისას ხორცს კიდევ უფრო მეტ არომატსა და სიმდიდრეს სძენს. სახელწოდება „პიკანიას“ წარმოშობის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა ყველა მათგანი, არსებითად, უკავშირდება სპეციალურ რკინის დამღას, რომლითაც საქონელს ნიშნავდნენ. ხარის გავის ის ნაწილი, სადაც ცხელ დამღას ასვამდნენ, ზუსტად ემთხვევა იმ ადგილს, საიდანაც ხორცის ეს საუცხოო ნაჭერი იჭრება.

7. Coxinha (ქათმის კროკეტები)

ოქროსფრად დაბრაწული, იდეალური ხრაშუნა ქათმის კროკეტები

Coxinha – ეს არის ხრაშუნა კროკეტი, რომელიც საფანელში ამოვლებული ნაზი ცომისგან მზადდება. მას სპეციალურად აძლევენ ქათმის ბარკლის ფორმას, რაც ერთგვარი მინიშნებაა იმაზე, თუ რა იყო თავდაპირველად ამ სასუსნავის მთავარი შიგთავსი. შედეგად ვიღებთ იდეალურად, ოქროსფრად დაბრაწულ, ხრაშუნა ნუგბარს. Coxinha-ს ყველაზე გავრცელებული შიგთავსი ქათმის ხორცი და კრემისებრი ყველია. თუმცა, დღესდღეობით უამრავ არასტანდარტულ ვარიაციასაც შეხვდებით, სადაც შიგთავსად ხილიდან დაწყებული, ბოსტნეულით დამთავრებული, ყველაფერი გამოიყენება. წარმოშობით სან-პაულუდან, ეს კლასიკური ბრაზილიური ნუგბარი ახლა უკვე მთელ ქვეყანაში უზომოდ პოპულარულია.

8. Açaí na Tigela

გემრიელი საუზმე

Açaí na tigela წარმოადგენს ასაის პალმის გაყინულ ნაყოფს, რომელსაც სმუზისებრ მასად სრესენ და ჯამით ან ჭიქით მიირთმევენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს კერძი მთელ ბრაზილიაშია პოპულარული, მისი მომზადების ტრადიციული წესი რეგიონების მიხედვით განსხვავდება. ქვეყნის ჩრდილოეთით, საიდანაც ეს დესერტი იღებს სათავეს, გავრცელებულია მისი პიკანტური ვერსია, რომელსაც კრევეტებთან ან გამომშრალ თევზთან ერთად მიირთმევენ. სამხრეთში კი, ასაის ნაყოფს ხშირად სხვა ხილს ან სიროფს უმატებენ და ზემოდან ბანანის ნაჭრებსა თუ გრანოლას აყრიან. Açaí na Tigela ძირითადად სანაპირო ზოლის გასწვრივ მდებარე პლაჟის ჯიხურებში ან ისეთ ქალაქებში იყიდება, როგორიცაა პარანი, რიო-დე-ჟანეირო თუ სან-პაულუ. ეს ზაფხულის საყვარელი ნუგბარი, რომელსაც ხშირად საუზმეზე მიირთმევენ, საუკეთესო და მოსახერხებელი ვეგეტარიანული თუ ვეგანური ალტერნატივაა ხორცის მოყვარულ ბრაზილიაში.

9. Brigadeiros (შოკოლადის ბურთულები)

ამ შოკოლადის ნუგბარს სახელი XX საუკუნის ცნობილი ბრაზილიელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, ბრიგადირ ედუარდუ გომესის პატივსაცემად ეწოდა. Brigadeiros(ბრიგადეირო): ეს არის შოკოლადის კანფეტები, რომლებიც ერთნაირად უყვართ როგორც ტკბილის მოყვარულ ზრდასრულებს, ასევე ბავშვებს. მის მოსამზადებლად მხოლოდ შესქელებული რძე, კარაქი და კაკაოს ფხვნილია საჭირო. ეს სასუსნავი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გახდა პოპულარული, რადგან მისი გაკეთება ახალი, მალფუჭებადი ინგრედიენტების გარეშეც მარტივად იყო შესაძლებელი. ბრიგადეიროსი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს იმ მრავალრიცხოვან ფესტივალებსა თუ კარნავალებზე, რომლებითაც ბრაზილიაა განთქმული. ეს ნაზი, შოკოლადის საოცრება ხშირად ნუშის ნატეხებით, ფსტითა (პისტაშკით) ან ქოქოსის ფანტელებითაა მორთული.

10. Pastel de queijo (ყველის ხრაშუნა ღვეზელი)

ეს უგემრიელესი, ნამცხვარი განსაკუთრებით პოპულარულია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კერძოდ სან-პაულუსა და მის შემოგარენში. ეს კომპაქტური ქუჩის სასუსნავი, როგორც წესი, მარილიანი გემოთი გამოირჩევა და შედგება თხელი, ხრაშუნა ცომისგან, რომელიც შეიძლება შეივსოს საქონლის ფარშით, ქათმით თუ მდნარი ყველითა. თუმცა, ამ ყველასთვის საყვარელი რეცეპტის შედარებით ტკბილ ვერსიებსაც წააწყდებით: შოკოლადით, კარამელითა და სხვადასხვა ტროპიკული ხილით. ეს თხელქერქიანი, ძირითადად მართკუთხა ფორმის ღვეზელები ყველგან შეგხვდებათ: ფერმერული ბაზრებიდან დაწყებული, მყუდრო რესტორნებით დამთავრებული. თუმცა, თავისი მოსახერხებელი ზომის, სწრაფი მომზადების წესისა და, რაც მთავარია, საოცარი გემოს წყალობით, ის იდეალურად ჯდება ქუჩის საკვების კონცეფციაში.