სიტყვა “ჰორას” საბერძნეთში ხშირად გაიგონებთ. ანტიკურ დროში ეს იყო ადგილი, რომელსაც ქალაქის ცენტრს უწოდებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის კუნძულებზე რელაქსაცია იდილიურია, ამ ქვეყანაში ჩამოსვლისას ჰორაც უნდა შეიგრძნოთ. ჩვენ 7 საუკეთესო ჰორას გირჩევთ:
1. ამორგოსი – საუკეთესო ტრადიციული შარმით
ბერძნული კუნძულის პატარა ქალაქში სეირნობისას თავი ფილმის გადაღებებზე გეგონებათ. ამირგოს ჰორაზე ბიზანტიური ტაძრები, ქარის წისქვილები და ქუჩების ლაბირინთებია. მოინახულეთ კასტროს სასახლე, რომელიც კუნძულის დასაცავად 1290 წელს აშენდა. განაგრძეთ სეირნობა ფოლკლორის მუზეუმში ვიზიტით, შემდეგ მოინახულეთ საკულტო ქარის წისქვილები.

2. სერიფოსი – საუკეთესო ხედებით
ამ კუნძულის ჰორა ორადაა გაყოფილი: ანო ჰორად (ზედა) და კატო ჰორად (ქვედა ნაწილი). აქ ტრადიციული ლურჯგუმბათოვანი ტაძრები და სიკლადებისთვის დამახასიათებელი არქიტექტურაა. ორი ქალაქის ნაწილი ერთმანეთს სასახლესთან ხვდება. სან კონსტანტინის საყდრიდან კუნძულებზე ერთ-ერთი საუკეთესო ხედი იშლება. საუკეთესო დრო აქ ჩამოსასვლელად ივნისია.

3. ალონისოსი – საუკეთესო ადგილობრივი კერძებისთვის
მრავალფეროვანი აგრიკულტურული მემკვიდრეობით ცნობილი ალონისოსი გურმანებს ორგანული პროდუქციის ბაზრობებს სთავაზობს. აქ ბევრი ოჯახური რესტორანია, სადაც ადგილობრივი ინგრედიენტებით დამზადებულ ტრადიციულ კერძებს მიირთმევთ. გირჩევთ მზის ჩასვლას პატიტირის პორტიდან უყუროთ. იქამდე ცენტრიდან ავტობუსები დადიან.

4. ანდროსი – საუკეთესო ხელოვნებისა და არქიტექტურისთვის
ეს უფრო არისტოკრატიული კუნძული ხელოვნებაში მდიდრული გემოვნებით გამოირჩევა. ანდროსის ჰორა ძლიერ გავლენებს განიცდის, რომლებიც მოიცავს ბიზანტიურს, ოტომანურს თუ ფრანკულს. ანდროსის არქეოლოგიური მუზეუმი ანდროსის მემკვიდრეობას ინახავს. ანდროსი ეგეოსის ზღვაში ერთ-ერთი უდიდესი კუნძულია.

5. ფოლეგანდროსი – საუკეთესო მანქანებისგან თავისუფალი სიმშვიდისთვის
ფოლეგანდროსის ჰორა ერთ-ერთი უძველესი შუასაუკუნეების უბანია მთელ სიკლადებზე. ის ავთენტური, მშვიდი ატმოსფეროთი გამოირჩევა. მანქანები და მოტოციკლეტები ფოლეგანდროსზე დაშვებული არაა. მას ხელნაკეთი ნივთების მაღაზიები, საყვარელი ტავერნები და ხეების ჩრდილში მოწყობილი მოედნები ქმნიან. აქ თითქოს საბერძნეთის საფოსტო ბარათი თვალწინ გაგიცოცხლდებათ.

6. სიროსი – საუკეთესო რელიგიური ისტორიისთვის
სიკლადების არქიპელაგის დედაქალაქად ცნობილი სიროსი ისტორიულად მნიშვნელოვანი ლოკაციაა. ამ კუნძულზე ბერძნული კათოლიკური და ორთოდოქსული საზოგადოება ჰარმონიულად თანაცხოვრობდა. ქუჩებში და არქიტექტურაში აღმოაჩენთ რელიგიურ გავლენებსა და ესთეტიკას.

7. იოსი – საუკეთესო სასმლის დასალევად და ღამის ცხოვრებისთვის
ზაფხული საბერძნეთში ნიშნავს ბევრ აქტივობას ბევრი ადამიანისთვის. იოსზე ცოცხალი ღამის ცხოვრებაა, სადაც თითქოს “მამა მიას” მხიარული ატმოსფერო რეალობად იქცევა. ის მეზობელი მიკონოსის მაღალ ფასებთან შედარებით, ბიუჯეტური მიმართულებაა. განსაკუთრებით რომანტიკულია მზის ჩასვლისას.











