ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის ნაპირებთან მდებარე რუმინეთი ულამაზესი მთებით, მდინარის ხეობებით, ველური სოფლებით, ცოცხალი ქალაქებით და ტრანსილვანიით ბევრ ვიზიტორს იზიდავს. ჩვენ ამ ქვეყანაში 7 საუკეთესო აქტივობას გირჩევთ:
მოიხიბლეთ ბრანის სასახლით
ბრანის სასახლე დრაკულას ისტორიასთანაა დაკავშირებული და მოღრუბლულ ამინდში ის მისტიკურად და შემზარავადაც კი გამოიყურება. ის რუმინეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძეგლია. აქ ნახავთ ავეჯს და ნახატებს, რომელიც ქვეყნის უკანასკნელ დედოფალს, მარიას ეკუთვნოდა. ამ ქვეყანაში ჩასვლისას ერთდღიანი ტური ბრანის სასახლეში აუცილებლად უნდა დაგეგმოთ, მითუმეტეს თუ ისტორია და ვამპირები გხიბლავთ. სასახლესთან ნახავთ მაღაზიასაც სუვენირების შესაძენად.
დაათვალიერეთ მოხატული მონასტრები
იუნესკოს მიერ დაცული მე-15 საუკუნის ბუკოვინას (Bucovina) მოხატული მონასტრები აგრძელებს ორთოდოქსულ ტრადიციას და ავლენს უნიკალური ნიჭის შედეგსაც. ინტერიერსა და ექსტერიერში არსებული ფრესკების უმეტესობა შთაგონებულია მოლდოველი პრინცის, სტეფან დიდის მიერ და გამოხატავენ როგორც ბიბლიურ სცენებს, ასევე მე-15 საუკუნის კონსტანტინეპოლის მოვლენებს.
გადაინაცვლეთ უკან დროში მარამურესში
Maramureş – ჩრდილოეთ რუმინეთში მდებარეობს, ტრანსილვანიის მაღლა და აქაური იზოლირებული სოფლები ტყეებითა და მთებითაა გარშემორტყმული. ამ რეგიონში მდებარეობს რამდენიმე იუნესკოს სიაში შესული ტაძარი.
იხილეთ საქსონური ბრწყინვალება ტრანსილვანიაში
800 წლის წინ, უნგრელმა მეფეებმა საქსონელი გერმანელები ამ მთიან ტრანსილვანიაში მიიწვიეს საცხოვრებლად, რათა დაეცვათ რეგიონი ოტომანების გავლენისგან. საქსონური ბრწყინვალება ჩანს რამდენიმე ქალაქში. ესენია: ბრასოვი, სიგისოარა და სიბიუ.
გაისეირნეთ ნავით ან დააკვირდით ჩიტებს დანუბე დელტაზე
მდინარე დანუბე ევროპის კონტინენტის მოვლის შემდეგ, შავ ზღვაში რუმინეთიდან ჩაედინება. დანუბე დელტაში მდებარეობს ეკო-ტურიზმის მუზეუმი და აქ მრავალფეროვანი ფლორა-ფაუნა დაგხვდებათ.
დალაშქრეთ კარპატები
კარპატების მთები ქვეყნის ცენტრში მდებარეობს და ტრანსილვანიის და მოლდოვის ისტორიულ პროვინციებს ერთმანეთისგან ყოფენ. რეტეზატის ეროვნულ პარკში 80-მდე ყინულის ტბა და რამდენიმე მთაა დასალაშქრი.
გაოცდით ბუქარესტის პარლამენტის სასახლით
ეს გიგანტური პარლამენტის შენობა ზომით პენტაგონს და ტაჯ მაჰალს უტოლდება. ინტერიერში რუმინულ ძვირფას არტეფაქტებს ნახავთ. შენობაში ტურის შემდეგ ეწვიეთ ენერგიული დედაქალაქის კაფე-ბარებს და რესტორნებს.
მოძრაობა რუმინეთში: ბუქარესტის აეროპორტში ჩამოსვლა ყველაზე მარტივი გადაწყვეტილებაა. სხვა ქალაქებსაც აქვთ აეროპორტები, მაგრამ ძირითადად ადგილობრივი ფრენებისთვის. შიდა მოძრაობისთვის კი ავტობუსები და მატარებლები საკმაოდ მოწესრიგებულად დადიან.