პარიზიდან ჩრდილოეთი სულ რაღაც 1 საათი გზაზე, ჩქაროსნული მატარებლით, რომელიც შემდეგ ბრიუსელსა და ლონდონს უკავშირდება, ერთი ეკო-მეგობრული ქალაქი მდებარეობს. სიდიდით საფრანგეთის ქალაქების ათეულში შემავალი ლილი (Lille) გაჯერებულია ფრანგული და ფლამანდიური არქიტექტურით, უნიკალური სამზარეულოთი, ხელოვნების მუზეუმებით და კულტურის ცენტრებით. თავისი დიზაინ სტუდიოებით და ხელნაკეთი მაღაზიებით, 2020 წელს ლილიმ “მსოფლიო დიზაინის დედაქალაქის” წოდება მოიპოვა. ჩვენ აქ 3 დღეს დაგიგეგმავთ:
დღე 1: არქიტექტურა და სახვითი ხელოვნება
ლილის გოთიკური სტილის რიჰურის სასახლე (Palais Rihour) იდეალური დასაწყისია. ეს შუასაუკუნეების შენობა ტურისტული ოფისია, სადაც ღირსშესანიშნაობების და ტრანსპორტის ბილეთებს შეიძენთ. ის გენერალ დე გოლის მოედანზე მდებარეობს. გაიარეთ თაღებში და იხილეთ წიგნების, ვინილების და ვინტაჟური პოსტერების დახლები. აქვეა 76 მეტრიანი საათის კოშკი.
მიირთვით ლანჩი ძველი ქალაქის რომელიმე კაფეში და ადით მერიის შენობაზე ქალაქის ხედებისთვის. გაატარეთ შუადღე საფრანგეთის სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმის დათვალიერებაში – Palais des Beaux Arts. აქ იხილავთ არქეოლოგიურ ნიმუშებს და რენესანსის ხელოვნების ნიმუშებს: როდენის, რენუარის, პიკასოს, დელაკრუას, მანეს და მონეს.
საღამოს გაისეირნეთ ქუჩაზე: Rue de Gand, სადაც ტკბილეულის საცხობები, ბისტროები და ბარებია ჩამწკრივებული.
დღე 2: ადგილობრივი დიზაინერები და შოკოლადის მაღაზიები
ლილის ჩრდილოეთ ნაწილში ხელოვნებისა და ინდუსტრიის მუზეუმი (La Piscine Musée d’Art et d’Industrie) მდებარეობს, რომელიც აუცილებლადაა მოსანახულებელი. აქ სკულპტურები აუზში ირეკლებიან. მუზეუმთან მდებარეობს მოდის სახლი, სადაც ხელნაკეთ მოდის და აქსესუარის ნივთებს და ფეხსაცმელებს აღმოაჩენთ.
მეტი შოპინგისთვის დაბრუნდით ლილის ძველი ქალაქის ბუტიკ-მაღაზიებში. აქ ავეჯს, კერამიკას, ქსოვილებს და სხვა ნაწარმს დაათვალიერებთ. ასევე, დააგემოვნებთ შოკოლადს, ტკბილეულს, ვაფლებს და ხელნაკეთ ნაყინებს.
მეორე საღამოს გასატარებლად წარმოგიდგენთ ქუჩებს კარგი ბარებით და ცოცხალი მუსიკით: rue Doudin და rue Royale.
დღე 3: კულტურული ღონისძიებები და ადგილობრივი ლუდი
გაატარეთ მესამე დღე შემდეგ მუზეუმებში: Musée d’Art Moderne, d’Art Contemporain და d’Art Brut – LaM. აქ იხილავთ მიროს, მოდიალიანის და პიკასოს ნახატებს. გაითვალისწინეთ, რომ ლილიში სამშაბათობით მუზეუმები დაკეტილია.
მოინახულეთ ლილის გამორჩეული კულტურული ცენტრი: Gare Saint Sauveur ყოფილი მატარებლის სადგურში. აქ ხშირად ტარდება გამოფენები, კონცერტები და ფესტივალები.
ლილიში მოხვედრას შეძლებთ მატარებლებით პარიზიდან თუ მეზობელი ქვეყნებიდან, ავტობუსებით: Eurolines, Flixbus, Isilines და Ouibus და საჰაერო გზით ლილის აეროპორტის საშუალებით (Aéroport de Lille).